0 8 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ევროჯასტთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა გამოავლინეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან – გ.გ.-სთან და გ.ლ.-სთან ერთად, ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას. უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, მათ შორის კ.კ., გ.მ., მ.თ., ვ.ნ., ა.მ., ა.გ., ქ.ი. და გ.ბ.. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უკანონოდ მოიპოვებდნენ რა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს, ქ.თბილისში ნაქირავები ოფისიდან, სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ზემოხსენებული პირები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე,

რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას.

ზემოაღწერილი ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნის არაერთი მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. ევროჯასტთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, უკვე იდენტიფიცირებულია ევროკავშირის ათეულობით დაზარალებული მოქალაქე, ამ ეტაპისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა კი შეადგენს 620 000 ევროს.

ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კერძოდ კი შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რაც დაყადაღებულია პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამცემი სასამართლოს განჩინებით. გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულ იქნა და ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის – ჯ.ჰ.-ს საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც.

პროკურატურამ ჯ.ჰ.-ს, გ.ლ.-ს, ა.მ.-სა და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ“ და მეოთხე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტითა და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, გ.გ.-ს, ვ.ნ.-ს, კ.კ.-ს, ქ.ი.-ს, გ.ბ.-ს, მ.თ.-სა და ა.გ.-ს კი სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ“, მეოთხე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტებითა და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება. საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ კი ევროჯასტის წევრ სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს სხვა დაზარალებული მოქალაქეებისა და მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის იდენტიფიცირება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები