1 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ვარლამ გოლეთიანი ნათია თურნავასა და გიორგი გახარიას პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

ვარლამ გოლეთიანმა „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები დაასახელა.
მისი თქმით, არსებობს მოთხოვნა, რომ პერსონალურად ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმეები აღიძრას. ასევე დაისაჯოს ყველა პირი, ვისაც „ნამახვანჰესის" საკითხებზე დოკუმენტებზე ხელი აქვს მოწერილი.
„ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ჩართული იყო ამ დოკუმენტის მომზადების პროცესში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან გააკეთა ქუთაისში შეხვედრაზე და გაიპარა ამ შეხვედრიდან.
თუმცა, დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში. უნდა აღიძრას სისხლის სამართლებრივი საქმე ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ხელს აწერს ამ საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ჩვენ ვიცით, რომ ბატონი გახარიას ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით და 121 ლარად არის გადაცემული ტერიტორია. ვინც კი დამნაშავეა და აქვს ხელი მოწერილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც ახალ პარტიული საქმიანობის ჩამოყალიბებით არის დაკავებული", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ვარლამ გოლეთიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი ამოწურულია.
„თქვენ იცით, რომ „ნამახვანჰესთან დაკავშირებით ამოწურულია ყველანაირი დიალოგი ხელისუფლებასთან, ამიტომ დღეს ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო.
კომპანია „ენკამ" უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ინვესტორთან და რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გადაცემას. ზოგადად, გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით.
ასევე მოვითხოვთ ამ სექტორში პაუზის აღებას და მორატორიუმის გამოცხადებას, რათა საზოგადოების ის აზრი, რომელიც გაქვთ თქვენ, იქნეს გათვალისწინებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი. გვჭირდება ენერგოპოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც ქვეყანას არ აქვს", - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
მისი თქმით, პროცესი გარკვეულწილად ემოციებით იმართება.
„ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი და შეიძლება აქ პროცესების უცებ გადაწყვეტა ვერ მოხდეს, მაგრამ ჩვენ განწყობილი ვართ ბრძოლის იმ ჟინით, რომელიც ნაწილობრივ მართულია ემოციებით", - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
ასევე, მისი განმარტებით, დღეიდან იწყება ქართველი ხალხის გაერთიანების პროცესი, რომელსაც სათავეში უდგას კრებითი აზრი და არა - რომელიმე პერსონა.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები