1 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანდრია გვიდიანი: “ელექტროენერგიის საგანგაშოდ მზარდ დეფიციტს “ნამახვანჰესის” მსგავსი სადგურები უნდა დავუპირისპიროთ”

ანდრია გვიდიანი: „ჰესების მოწინააღმდეგეები ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად არასწორ, დილეტანტურ და ძალიან ზედაპირულ შეფასებებს აკეთებენ

თანამდროვე მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ბუნებრივი რესურსების ათვისებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და შესაბამისად, ენერგეტიკის სექტორის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს. მიუხედავად ამისა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების პერსპექტივებზე ეკონომისტ ანდრია გვიდიანს ვესაუბრეთ.

- “ნამახვანჰესის” ირგვლივ განვითარებული პროცესები ბოლო პერიოდის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად იქცა. ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან ისმის მოსაზრება, რომ ახალი სადგურების, განსაკუთრებით „ნამახვანის“ მსგავსი მასშტაბური ობიექტების მშენებლობა არ გვჭირდება და რომ ჰიდროსადგურების აშენების შემდეგ შეიქნება გამოუსადეგარი ჭარბი გამომუშავება. რეალურად, რამდენად გვჭირდება გენერაციის ახალი ობიექტები?

- ჰესების მოწინააღმდეგეები ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად არასწორ, დილეტანტურ და ძალიან ზედაპირულ შეფასებებს აკეთებენ. ასეთია თქვენს მიერ დასახელებული მოსაზრებაც, თითქოს ენერგია არ გვჭირდება. სამწუხაროა, რომ მსგავს საკითხებზე სერიოზული მსჯელობა გვიწევს.

ზოგადად, ეკონომიკის ზრდასთან ერთად ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც იზრდება. სხვადასხვა თეორიული და ემპირიული კვლევებით დასტურდება, რომ რეალური მშპ-ის ზრდასა და ენერგიის მოხმარებას შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს. კერძოდ, რეალური მშპ-ის 1-პროცენტიანი ზრდა, ყველაზე პესიმისტური გათვლებით, ენერგიის მოხმარებას მთლიანი მოხმარების 0.59%-ით ზრდის. საქართველოში მშპ-ის ზრდის პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარების ტენდენციები ყოველთვის დადებითი იყო. ბოლო წლების განმავლობაში კომერციული (არასაყოფაცხოვრებო) სექტორის მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის მოცულობა მუდმივად მზარდია, რაც ხაზს უსვამს ეკონომიკური ზრდის პირდაპირ დამოკიდებულებას ენერგიის მოთხოვნაზე. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად, მუდმივად  მზარდია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაც, რაც ადასტურებს ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების ტენდენციას. სამწუხაროდ, ქვეყანაში ელექტროენერგიის საგანგაშოდ მზარდი დეფიციტი გვაქვს და მას სწორედ “ნამახვანჰესის” მსგავსი სადგურები უნდა დავუპირისპიროთ.

უფრო ვრცელი სურათის აღსაქმელად გადავხედოთ კონკრეტულ მაჩვენებლებს: 2019 წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარება 13.3 მილიარდ კილოვატსაათს შეადგენდა, იმპორტი - 1.6 მილიარდს, ადგილზე სულ 11.8 მილიარდი კილოვატსაათი გამოვიმუშავეთ. მათ შორის, იმპორტული ნედლეულით (გაზი) თბოსადგურები გამოიმუშავებდნენ 2.8 მილიარდ კილოვატსაათს. შესაბამისად, სულ პირდაპირ იმპორტირებული  ენერგია, ასევე იმპორტირებული ბუნებრივი აირით წარმოებული ენერგიის მოცულობა 4.4 მილიარდ კილოვატსაათს შეადგენდა. ანუ, მთლიან მოხმარებში იმპორტირებული ენერგიის წილი 33%-ს აღწევს.

უფრო მარტივად რომ ვთქვა, არსებული ენერგოდეფიციტის შესავსებად ყოველწლიურად დაახლოებით 60-70 მილიონი დოლარის იმპორტს ვახორციელებთ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თითქმის 300 მილიონ დოლარამდე უცხოური ვალუტის გადინება მოხდა. ეს გადინება კი ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მაგალითად საგადასახდელო ბალანსზე და ა.შ. ნამახვანის სადგური კი 800 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტია. ამ მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ქვეყანაში შემოდინება ეკონომიკისთვის უდიდესი სარგებლის მომტანი იქნება.

აქ უნდა აღნიშნოს პანდემიის ფაქტორიც. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, ჩვენც პანდემიამ დიდი ზიანი მოგვაყენა, მაგალითად, 2020 წელს ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხჯერ შემცირდა და სულ 46 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ „ნამახვანის“ მსგავსი მასშტაბური საინვესტიციო პროეტები ახლა ჰაერივით გვჭირდება.

ამასთან, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად მზარდია. ენერგიის შიდა მოხმარება, 2009-2019 წლების მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა. შესაბამისად, სამომავლოდ, საბაზისო სცენარით (5%-იანი ზრდა), 2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაუტოლდება 22.7 მილიარდ კილოვატსაათს, რაც, ცხადია, შესაბამისი წყაროებით უნდა დაბალანსდეს.

ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მარტივად წარმოსადგენია, რამდენად აუცილებელი და მეტიც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გენერაციის ახალი ობიექტების აშენება და შიდა რესურსების ათვისება.

- ერთ-ერთი საინტერესო საკითხი სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასია. კერძოდ, იმპორტირებული ენერგია უფრო იაფია, ვიდრე ჰიდროელეტროსადგურების მიერ გამომუშავებული. ამ თვალსაზრისით, რატომ არის უფრო სარფიანი ჰესების მშენებლობა?

- მოსაზრება, თითქოს იმპორტირებული ენერგია უფრო იაფია, ვიდრე ადგილობრივი გენერაცია, ერთმნიშვნელოვნად მცდარია. სამწუხაროდ, ე.წ. გარემოსდამცველები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მიზანმიმართულად ავრცელებენ ამ მცდარ მოსაზრებას. 

რეალურად, ენერგიის იმპორტის ფასი განისაზღვრება საათობრივ რეჟიმში. დღის საათებში, როცა ენერგიის მოხმარება მაღალია, ელექტროენერგიის იმპორტი გაცილებით ძვირია, ვიდრე ღამის საათებში. ყველაზე ძვირია ელექტროენერგიის იმპორტი ე.წ. პიკურ საათებში, როცა ენერგეტიკული ქსელი სრული დატვირთვით მუშაობს.

იგივე “ნამახვანჰესის” მიერ გამომუშავებული ენერგია უფრო იაფი იქნება, ვიდრე დღის საათებში იმპორტირებული. “ნამახვანის” შემთხვევაში ეს 6.2 ცენტია, ხოლო დღის ე.წ. პიკურ საათებში იმპორტირებულის -  7-8, ხანდახან 9 ცენტიც.

გარემოსდამცველები, რომლებიც თავს ენერგეტიკის სექტორის სპეციალისტებად ასაღებენ, ელექტროენერგიის იმპორტის ფასად მაინც დღის და ღამის საშუალო შეწონილს ასახელებენ. ცხადია, ამ მიდგომით, ერთი შეხედვით, იმპორტი უფრო იაფი გამოდის, მაგრამ რეალურად, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. შესაბამისად, საკითხის ასეთი რაკურსით დაყენება რიცხვებით მანიპულირებას ჰგავს.

- ელექტროენერგიის ტარიფების საკითხზე არსებობს მსოფლიო ბანკის კვლევაც, რომელშიც ელეტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის დათქმით ჰესების მშენებლობა ფისკალურ რისკად არის შეფასებული. დოკუმენტში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ არსებული პროექტების განხორციელების შედეგად ელექტოენერგიის ფასი 2030 წლისთვის 12,5-დან 27,5 თეთრამდე გაიზრდება. რა შეგიძლიათ, გვითხრათ ამ საკითხზე?

- ამ კვლევას დეტალურად ვიცნობ. აღნიშნული დოკუმენტი 2018 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ჰესების მოწინააღმდეგეები არგუმენტად მუდმივად მას იყენებენ.

პირველ რიგში, ამ კვლევის პირველივე გვერდზე შავით თეთრზე წერია, რომ დოკუმენტი მომზადებულია მსოფლიო ბანკის რამდენიმე ანალიტიკოსის მიერ და რომ კვლევაში მოყვანილი მოსაზრებები არ ასახავს მსოფლიო ბანკის პოზიციას. შესაბამისად, ამ ნამუშევრის გასაღება იმად, თითქოს მსოფლიო ბანკი საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობაა.

აღნიშნულ კვლევაშიც მოცემულია ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო შეწონილი ფასი და არ არის გათვალისწინებული დღის, ღამის და პიკური საათების ტარიფები. ცხადია, ამ თითქოს უმნიშვნელო ფაქტორის გათვალისწინების გარეშე სრულიად განსხვავებული სურათი იხატება, რაც, საბოლოო ჯამში, არასწორი დასკვნებისთვის ტოვებს სივრცეს. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის გაუთვალისწინებლობა მოცემული კვლევის არქიტექტონიკასა და სანდოობას მთლიანად არღვევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები