1 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ესპანეთში საქართველოს 25 მოქალაქე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით დააკავეს

ჩამოტვირთვა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია სახელწოდებით „მერლინ-ტაკა“, რომელშიც 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.

„გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულია საქართველოს 41 მოქალაქე. სპეცოპერაცია განხორციელდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული“,- განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად სჩადიოდნენ ქურდობის ფაქტებს.

„დაკავებულ საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად ედება ესპანეთის სსკ-ის 237-ე, 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობასა და კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთწლიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები ესპანეთსა და საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები