1 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20 ქსნის სკოლის გათავისუფლებულ დირექტორს სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ქსნის სკოლის გათავისუფლებულ დირექტორს სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენს.  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე და სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორი ლაშა ფარულავა ქსნის სკოლის ყოფილ დირექტორს დოდო ჭოტორლიშვილს შეხვდნენ და თანამდებობიდან მისი გათავისუფლების დეტალები გამოარკვიეს.

შეხვედრაზე დოდო ჭოტორლიშვილმა,  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენლებს დაუსახელა პირები, რომლებიც მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. როგორც დოდო ჭოტორლიშვილმა განმარტა, მისთვის ვადის აღარ გაგრძელება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან მისი ოჯახის წევრები ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდამჭერები არიან. 

როგორც შეხვედრაზე სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ბოლომდე იბრძოლებს თითოეული პედაგოგის უფლებების დასაცავად.

აღმასრულებელი დირექტორის თენგო თევზაძის განმარტებით, პედაგოგების მიმართ დარღვევები დაფიქსირდა ბოლნისში, ოზურგეთში, მცხეთაში. „ეს არ არის სავარაუდოდ მხოლოდ ამ ოლქებში მცხოვრები პედაგოგების პრობლემა, ეს არის ფაქტები რომლებიც შესახებაც ჩვენ  ვიცით. რეალურად ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც განათლების სექტორში არსებობს,“- განაცხადა თევზაძემ.

„ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს, ბოლნისის, თბილისის, გურიის და წყალტუბოს ფაქტების შესწავლას და შესაძლო დარღვევების შესახებ მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს განათლების სამინისტროს. ეს უკანასკნელი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს აღნიშნული ფაქტების პრევენციას და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.“- განმარტა თევზაძემ.  

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ პოლიტიკური შეხედულების გამო  მასწავლებლების მიმართ ზეწოლის ფაქტებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აცნობებს და საკუთარ ანგარიშში შეიტანს.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები