2 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს / საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას აგრძელებს. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 1 ოქტომბრიდან 3 657-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა მონაცემების ბარათების და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დაიწყო. მათი საშუალებით თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებისა და მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. საჭიროების შემთხვევაში კი ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 11 500-ზე მეტი სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. 

ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ამომრჩევლებს საინფორმაციო მასალას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ყველა წესის დაცვით გადასცემენ. იდენტიფიცირების მიზნით მათ ექნებათ შესაბამისი დოკუმენტაცია და აღჭურვილები იქნებიან ყველა სავალდებულო ჰიგიენურ-სანიტარული საშუალებით, მათ შორის პირბადით, ხელთათმანით და ხელის სადეზინფექციო ხსნარით.

გარდა ამისა, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ მეორე ეტაპის განხორციელება. ისინი ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ და სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეხმარებიან მოქალაქეებს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებაში. ასევე, დამატებით აწვდიან ინფორმაციას 2020 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ. 

მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია ქართულ, ხოლო შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

თუ 11 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას 13 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლია წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

დღევანდელი მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 511 338 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით არჩევნების დანიშვნის დღიდან დღემდე  563 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა. 

შეგახსენებთ, რომ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი  (2 51 00 51); ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები