მსოფლიო
“ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით მომხდარი მკვლელობა“–მთავარი არხის ინფორმაციით ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს სუსის მანქანები მიყვებოდნენ
2020-08-24 00:21:47
მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია საკუთარ გადაცემაში ამბობს, რომ ფონიჭალის კამერებში დაფიქსირებული სამი მანქანა, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილს მისი გაუჩინარების დღეს უკან მიყვებოდნენ სუსის ოპერატიული მანქანებია. ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მან მთავარ პროკურორს მოთხოვა დაადგინონ, ვის ეკუთვნის ეს მანქანები, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ამას დრო ჭირდება. ნიკა გვარამია ამბობს, პროკურორმა ბაჩალიაშვილის დედა მოატყუა, რადგან ბაზაში უმარტივესია ნებისმიერი მანქანის მფლობელის დადგენა, მათ კი საკუთარი წყაროებით შეძლეს დაედგინათ ვისია ეს მანქანები და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მანქანები:
“სამივე ეს მანქანა არის სუსის ოპერატიული მანქანა. უთვალთვალებდნენ თუ არა ისინი თამუნა ბაჩალიაშვილს სამივე ერთად, ეს გამოძიების დასადგენია, თუმცა ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება, ორ ვიდეოში ეს ჩანს. ხვალ რაც არ უნდა თქვას პროკურორმა, როგორც არ უნდა გააფორმოს და გადააფორმოს, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მანქანები.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ძალიან ბევრი მტკიცებულება დაგროვდა უკვე საიმისოდ, რომ ეს არ არის არათუ თვითმკვლელობა,ეს არ არის მხოლოდ მკვლელობა, ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით მომხდარი მკვლელობა.
ჩემმა კოლეგამ დავივთ ქაშიაშვილმა თავის დროზე პირველმა განაცხადა, რომ აქ იყო ჩარეული 3 მაღალჩინოსანი.
ჩვენ არ ვიცით რამდენი მაღალჩინოსანი იყო ჩარეული საქმეში, ჩვენი ინფორმაციით თამარ ბაჩალიაშვილი გამოყენებულ იქნა ანგარიშებიდან ფულის მოხსნის მიზნით. რამდენიმე მილიონს ეხება საქმე და შემდეგ იგი უბრალოდ მოიშორეს. ჩვენ გვაქვს ეჭვები რომელი კომპანიის ანგარიშებიდან მოიხსნა ეს ფული. ეს კომპანია ალბათ ხვდება რომ მას ვგულისხმობ და ვურჩევ ღიად ისაუბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ დავასწრებთ და ვისაუბრებთ ამის შესახებ.
ჩვენი ინფორმაციით აიძულეს ბაჩალიაშვილი მოეხსნა დიდი თანხები და გადაერიცხა მათ ანგარიშებზე. მალე გვეცოდინება ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თამუნა ბაჩალიაშვილი აიძულა ასე მოქცეული ყო და ასე დასრულებულიყო მისი ცხოვრება, ანუ ვინ მოკლა ბაჩალიაშვილი.“– ამბობს გვარამია.
კომენტარები