მსოფლიო
“სახელმწიფო სიღარიბის გამო დედებს შვილებს ართმევს”- მედეა მეტრეველი
2020-08-18 15:32:48
“ლელოს” ქალთა საბჭოს დამფუძნებელი მედეა მეტრეველი სოციალური ქსელის საშუალებით იმ ფაქტს ეხმაურება, რის გამოც სოციალურმა სამსახურმა ნანა შარაშენიძე 4 თვის განმავლობაში შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს და შარაშენიძეს, რომელიც შვილის დაბრუნების მიზნით აქციის მოწყობას გეგმავს, თანადგომას უცხადებს.
მედეა მეტრეველის თქმით, სოციალურად დაუცველ დედებს სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და მათ აძლიერებდეს, ხოლო შესაბამისი სტრუქტურები შვილის ნახვის უფლებას არ უნდა უზღუდავდნენ.
“სიღარიბის გამო დედებს შვილებს კი არ უნდა ვართმევდეთ, მათ უნდა ვეხმარებოდეთ. ნანა შარაშენიძე მძიმე ისტორია, და ასეთი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ჩვენს გარშემო, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი დაუცველები არიან ქალები და ბავშვები ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლებამ მოსახლეობა, ქალები, დედები სიღარიბის უკანასკნელ ზღვრამდე მიიყვანა და მათ უკვე შვილებსაც ართმევს. სოციალური დაცვის სააგენტოს მიერ დედისგან ბავშვის განცალკევების და სხვა ოჯახში გადაყვანის გადაწყვეტილებები უნდა ემყარებოდეს ობიექტურ და უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც სააგენტომ, საზოგადოების მაღალი ინტერესისა და დედის პროტესტის მიუხედავად, დღემდე ვერ წარმოადგინა. მოვითხოვთ სოციალური დაცვის სააგენტოსგან, უმოკლეს ვადებში გასცეს პასუხები ოჯახს და საზოგადოებას, თუ რა ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება და დროულად გაასაჯაროოს შესაბამისი ფაქტები და მტკიცებულებები,”-წერს სოციალურ ქსელში მედეა მეტრეველი.
ცნობისთვის, ნანა შარაშენიძე 3 წლის შვილი, ნიკოლოზი, სოციალური სამსახურის დასკვნის საფუძველზე წაართვეს და დედას შვილი 4 თვეა არ უნახავს. როგორც მშობელი ირწმუნება, ბავშვს შესაბამისი პირობები ჰქონდა და მისთვის გაუგებარია, რატომ ეკრძალება შვილთან თანაცხოვრება.
კომენტარები