0 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ლელო” დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად

“ლელო საქართველოსთვის“  ლიდერებმა  ბრიფინგი გამართეს, რომელიც ექიმების, ვახტანგ ყიფიანის და გიორგი ლობჟანიძის დაპატიმრებას ეხებოდა. ისინი  ექიმების აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. 

„ლელოს“  ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, მედპერსონალის დაპატიმრებით  „ქართულმა ოცნებამ“  ჯანდაცვის სექტორზე იერიში  მიიტანა და მედიცინის ყველა მუშაკის ღირსება შელახა.   

 „ქართული ოცნება“ აგრძელებს იერიშს მიტანას ჯანდაცვის სექტორზე და ამჯერად უკვე ექიმების და მედპერსონალის დაპატიმრებით ცდილობს, გააჩუმოს სამედიცინო საზოგადოება. ვახტანგ ყიფიანის და გიორგი ლობჟანიძის დაპატიმრება არის  მედიცინის ყველა მუშაკის ღირსების შელახვა და  მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. დღეს ეკატერინე ტიკარაძე სათავეში უდგას სამედიცინო სფეროში მიმდინარე სადამსჯელო ოპერაციას, რომელმაც 520 დადგენილების მიღებიდან შეუქცევადი ხასიათი შეიძინა. ამ ოპერაციის ნაწილია არა მხოლოდ სამედიცინო სექტორის ფინანსური შევიწროება, არამედ ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელსაც სრულიად სამედიცინო საზოგადოება ეწინააღმდეგება. უკანსაკნელ თვეებში, საქართველო გაუმკლავდა პანდემიას სწორედ ექიმების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ხოლო "ქართული ოცნება", მადლიერების ნაცვლად, ექიმების დაშინებით და დაპატიმრებით არის დაკავებული,“-განაცხადა საბა ბუაძემ. 

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით,  საქმეში არაჯანსაღ ჩარევას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გამოძიება 2019 წლის მარტში დაიწყო, ხოლო ყიფიანი და ლობჟანიძე სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში დააპატიმრეს, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს წარმოშობს.

„გიორგი ლობჟანიძე ორსული მეუღლის და ოჯახის თანდასწრებით, შეიარაღებულმა სპეცნაზმა დააპატიმრა, რაც ნათლად წარმოაჩენს ქართული ოცნების ღირსების შემლახავ დამოკიდებულებას ექიმების მიმართ.   მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილის პროკურატურას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ექიმების დევნა და შეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება ვახტანგ ყიფიანის მიმართ. ასევე, მოვუწოდებთ ეკატერინე ტიკარაძეს, დააფიქსიროს სამინისტროს ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, აცხადებს ბუაძე. 

ბრიფინგის მსვლელობისას ექიმების დაპატიმრების საქმეს შეეხო  „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილიც და აღნიშნა, რომ  ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის სამედიცინო პერსონალის ღირსების შელახვა. 

„ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ის ფორმა, რა ფორმითაც იქნენ ექიმები დაპატიმრებულნი. სამწუხაროდ, ის რთავს იმ შიშის მანქანას, რომლითაც უახლოესი სამი თვის განმავლონბაში გეგმავს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, ორივე დაკავებულს შეეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება, რადგან ეს არის მთელი სამედიცინო საზოგადოების ღირსების საკითხი," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები