საზოგადოება
საქართველოს 7 მოქალაქე რუსეთის ტყვეობაშია - საზოგადოება სახელმწიფოს დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს
2020-07-19 08:28:00
19 ივლისს 12.00 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ ვაჟა გაფრინდაშვილი, დავით ქაცარავა, გატაცებული მოქალაქეების ოჯახების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სახელმწიფოს დაუყოვნებლივ ჩარევას და ყველა ბერკეტის გამოყენებას მოითხოვენ ტატო ზარქუას, ბუთხუზ კვირკვიას, მიხეილ და მათე ლამანძიებს, ხვიჩა მღებრიშვილს, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის რუსეთის ტყვეობისგან დასახსნელად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებში ამ დრომდე იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე. აქედან 6 ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაიტაცეს, ბოლოს გატაცებული კი ფეხში დაჭრეს.
ტატო ზარქუას, ბუთხუზ კვირკვიას, მიხეილ და მათე ლამანძიებს, ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გატაცებული გენადი ბესტაევი უკვე მსჯავრდებულია და ორწლიან სასჯელს 2019 წლის ნოემრიდან იხდის.
აქციის მიზანია, შეახსენოს ამ ადამიანების მძიმე ყოფა ხელისუფლებას, მოსთხოვოს მას გააქტიურება საერთაშორისო დონეზე, ასევე, საზოგადოებას მოუწოდოს გაერთიანებისკენ, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში, რომელიც თავად იქნება აქციის მონაწილე.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაგეგმილია მსვლელობა მთავრობის კანცელარიის მიმართულებით.
კომენტარები