1 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გამომძიებლის პატაკის მიხედვით, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე „ინახავს ფოტოაპარატს, რომლითაც სურათებს იღებდა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და აპირებს მის განადგურებას“

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს „სონის“ ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას, - რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ეს პატაკი შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ეკუთვნის, რომელიც მან 22 ივნისს დაწერა.

როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, გამომძიებლის პატაკი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში დევს. გამომძიებელი შემდგომი რეაგირების თხოვნით მიმართავს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს.

18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ინციდენტისა, რა დროსაც საავტომობილო ტრასაზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილს, რამდენიმე პირი დაესხა თავს, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, გიორგი შაქარაშვილი კი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გაქცევით უშველა თავს იაკობ ბრეგვაძემაც.

პროკურატურის მიერ, 27 ივნისს, შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში, თითქმის წუთნახევრიანი მონაკვეთი სწორედ იაკობ ბრეგვაძეს ეკუთვნის. ის და მასთან ერთად მყოფი ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილიც, თბილისი-ლესელიძე-სენაკის გზაზე გადაადგილდებიან. კადრები, სავარაუდოდ, ტელეფონითაა გადაღებული და ის არ ასახავს ინცინდენტის მონაკვეთს.

გამომძიებლის პატაკის საფუძველზე, იაკობ ბრეგვაძის კუთვნილი „სონის“ ფოტოაპარატი გამოძიებამ 22 ივნისს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის კომპიუტერულ-ტექნიკურ ექსპერტიზას გადასცა.

ექსპერტიზაზე გაგზავნამდე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურა მცხეთის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართავს და წერს, რომ ფოტოგრაფი ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას:

„იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვის ოქმის ანალიზის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მოვლენათა ნაწილის შესახებ, რომელთა უშუალო შემსწრეც გახდა, ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მან მომხდარი ფაქტების ამსახველი ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შესაძლებელია გაანადგურა, წაშალა, რისი აღდგენაც შესაძლებელია მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების გზით.

არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ შესაძლებელია, აღნიშნული კამერით დაფიქსირებულიყო საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, მომხდარი კონფლიქტი, კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, კონფლიქტში მონაწილე პირთა გადაადგილება და ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმის სწორი წარმართვისთვის.

ვინაიდან, ექსპერტიზის ჩატარების გარეშე ვერ მოხერხდება წაშლილი ფოტო-მასალის აღდგენა, აღმოჩენა და გადმოწერა, უნდა მოხდეს ფოტოაპარატის ამოღება, რათა დაინიშნოს საინფორმაციო-ტექნოლoგიური ექსპერტიზა, რის შემდეგაც, მოხდება ფოტოაპარატში არსებული და წაშლილი მასალის აღდგენა“, - რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ მცხეთის რაიონული სამმართველოსთვის გაგზავნილ განცხადებაში.

ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტში, რომელიც 24 ივნისით თარიღდება, ვკითხულობთ, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში, ფოტოკამერიდან ამოღებულმა მასალამ 6 DVD დისკი შეადგინა.

შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში, რომელიც რადიო „თავისუფლებამ“ მოიპოვა, არ დევს დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შინაარსის მასალის ამოღება და აღდგენა მოახერხეს იაკობ ბრეგვაძის ფოტოკამერიდან ექსპერტებმა.

გარდა ამისა, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირზე ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების შემდეგ, ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები.

ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა წინდებსა და ფეხსაცმლის საფენებზე.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები