1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მედიის შევიწროება ახლა უკვე გადასახადების აკრეფის მიზეზით გრძელდება - საბა ბუაძე

დღეს შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო ტელეკომპანია "კავკასიის" ანგარიშებს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება არ აპირებს, დახმარების ხელი გაუწოდოს დამოუკიდებელ მედიას.

კორონავირუსით გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა ქართული ბიზნესის უკლებლივ ყველა სფერო დააზარალა, რამაც ბუნებრივად შეამცირა სარეკლამო ბაზრის მოცულობა. ბევრ ტელევიზიაში განახევრდა სარეკლამო შემოსავლები და იქ დასაქმებული ადამიანები დღეს სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან.

საქართველოში მედია არ არის მხოლოდ ბიზნესი, მედიას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მაშინ, როდესაც წინ ძალიან დაძაბული საარჩევნო მარათონია, ყველა მედიასაშუალების შეუფერხებელი მუშაობა აუცილებელია პლურალისტური და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებისთვის.

დღეს ხელისუფლება დახმარების ხელს უწვდის მასთან დაახლოებულ სამშენებლო ბიზნესს და სილას აწნავს უკიდურეს გასაჭირში მყოფ მედიასაშუალებებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება იპოთეკური სესხების სუბსიდირება მათთვის, ვისაც ახალი ბინის შეძენა სურს.

ფინანსთა სამინისტრო უარს აცხადებს მცირე კომპრომისზეც კი და მედიას საშუალებას არ აძლევს, თუნდაც გადაავადოს დაგროვილი საგადასახადო დავალიანება. მედიისთვის საგადასახადო შეღავათის გაკეთება არ მიაყენებს სახელმწიფოს მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგს, მედიისთვის დახმარების ხელის გაწოდებას ძალიან მცირე ძალისხმევა სჭირდება.

მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს, არ დაუშვას მედიასაშუალებების დახურვა, მათი თანამშრომლების სამუშაო ადგილების დაკარგვა და მაუწყებლობის პროცესის შეფერხება.

 "ლელო საქართველოსთვის" კვლავაც ითხოვს მედიის, სულ მცირე, სამი წლით გადასახადებისგან გათავისუფლებას და მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები