1 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

25 თებერვალი - ცრემლისა და ტკივილის დღე

  საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.  

  წითელი არმია რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 

  თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. 23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. 1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა.

  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ. კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს. 

 2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც "კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა", დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი. 25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები