0 9 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ენკა რინიუებლზი“ - მივმართავთ სახალხო დამცველს, შეისწავლოს პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები

 

რამდენიმე თვეა, რაც მოქალაქეთა ერთი ნაწილი, რომლებიც თავს „რიონის ხეობის მცველებს“ უწოდებს, კომპანია „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლებს თავიანთი უფლებამოვალეობის სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას არ აძლევს. ე.წ. „მცველები“ მათზე ახორციელებენ უწვავეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც კომპანიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომლებიც ხეობის სოფლებში ცხოვრობენ, იძულებული არიან უარი თქვან სამსახურზე და ოჯახები გარანტირებული შემოსვლის გარეშე დატოვონ. 

გამონაკლისი არც 2021 წლის 3 აპრილი იყო, როდესაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ნამოხვანთან პროექტის მოწინააღმდეგეთა ამ ჯგუფმა კიდევ ერთხელ სცადა კომპანია „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლების საქმიანობის ხელშეშლა, მაგრამ ამის  გაკეთების საშუალება მათ პოლიციის ქვედანაყოფებმა არ მისცეს, რისთვისაც მადლობას ვუხდით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულმა ინციდენტმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, კარგად გვესმის, რომ მსგავს ფაქტებს გაგრძელება აუცილებლად მოყვება. ჩვენს არქივში ინახება არაერთი ვიდეო მტკიცებულება პროექტის მოწინააღმდეგეთა მონაწილეობით, სადაც ისინი ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან როგორც ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ მენეჯერებს, განსაკუთრებით სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე რიგით თანამშრომლებსაც. 

„ენკა რინიუებლზი“, რომლის დამფუძნებლებიც ნორვეგიისა და თურქეთის მსხვილი საინჟინრო - ენერგეტიკული კორპორაციები არიან, სადღეისოდ რიონის ხეობის უმსხვილესი დამსაქმებელია. უშუალოდ ჰესის ძირითადი ნაგებობების მშენებლობის პერიოდში კომპანია საქართველოს 1600 - მდე მოქალაქეს დაასაქმებს, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივი იქნება, თუმცა უკვე დღეს კომპანიაში 200-მდე ადგილობრივი მუშაობს. ძირითადად, სწორედ მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან. სამწუხაროდ, პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილის დაბალი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, მათი პროტესტი სცდება გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს და მიმართულია „ენკა რინიუებლზის“ ადგილობრივი მუშახელისა და მათი ოჯახის წევრების უწვავესი ფსიქოლოგიური ზეწოლისკენ. ჩვენმა კომპანიამ შეკრიბა ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები და აპირებს, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო ღონისძიებების გასატარებლად. 

სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, კომპანიისთვის გაუგებარია, რა მოსაზრებით აარიდა თავი 2021 წლის 3 აპრილს სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამმართველოს უფროსმა მადონა ბასილაძემ „ენკა რინიუებლზის“ მენეჯმენტთან და კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრას. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ეს მოხდა დროის დეფიციტიდან გამომდინარე და მსგავსი შეხვედრა აუცილებლად შედგება, რომლის დროსაც ჩვენ სახალხო დამცველის სპეციალურ წარმომადგენელს მივაწვდით სხვადასხვა ფაქტებს იმისა, როგორ არღვევს პროექტის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი ჩვენი კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ძირითად უფლებებს. 

ამდენად, მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისას, პირადად დაინტერესდეს ქსენოფობიური და სხვა სახის დისკრიმინაციული განცხადებებით, რომლებიც კეთდება ნამახვანი ჰესის პროექტში ჩართული პირების წინააღმდეგ 2020 წლის შემოდგომიდან მოყოლებული. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ფაქტები იქნება სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული.  

დაბოლოს, „ენკა რინიუებლზი“ დღესდღეობით საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია. ნამახვანი ჰესის პროექტში გათვალისწინებულია 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება, რომლის შედეგადაც საქართველოს გაუჩნდება ენერგოგენერაციის ობიექტი, რომელიც შეძლებს გამოიმუშავოს დღევანდელი მოთხოვნილების დაახლოებით 12 პროცენტი ელექტროენერგია და ამით სტრატეგიული ფუნქცია შეასრულოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ამაღლებაში; დაასაქმოს 1600 - მდე ადგილობრივი მოსახლე; ათობით მილიონი ლარი გადაიხადოს ქვეყნის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში; მილიონობით ლარი დახარჯოს ხეობის განვითარებისთვის აუცილებელ სოციალურ პროექტებში.

ჩვენი მიზანია სვლა უკეთესი ნამახვანისთვის, რისთვისაც ჩვენ სრულად გავიზიარეთ საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა და მას ეტაპობრივად ვასრულებთ. იმედია, აღნიშნული პროტესტი მხარდაჭერით შეიცვლება მას შემდეგ, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საზოგადოება კვლევების ვალიდაციის შემდეგ დარწმუნდება, რომ „ენკა რინიუებლზი“, რომლის უკანაც დგას ნორვეგიასა და თურქეთის წამყვანი კომპანიების მრავაწლიანი საინჟინრო გამოცდილება, პროექტს დაასრულებს აბსოლუტურად უსაფრთხოდ და ნამახვანი ჰესის პროექტით განსაზღვრულ პარამეტრებში უსაფრთხოდ და უნაკლოდ ამოქმედდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები