0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარი“ საქართველოს მოქალაქეებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

კომპანია „სოკარი“ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. „სოკარი“ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კომპანიის სახელით ვრცელდება სარეკლამო რგოლები, რაც თაღლითური სქემის ნაწილია.

„კომპანია „სოკარის“ სახელით ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს „სოკარი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, განახორციელონ ინვესტიცია და სანაცვლოდ, თვეში კონკრეტული ოდენობის თანხას მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე სოციალურ ქსელში დასპონსორებული პოსტის სახითაც ჩნდება.

გვსურს, „სოკარის“ სახელით, ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და თაღლითური სქემის ნაწილი, რომლითაც დაუდგენელი პირები ცდილობენ, მოქალაქეებს თანხები მოტყუებით გამოსძალონ. საქართველოში ოპერირების არც ერთ ეტაპზე „სოკარს“ მომხმარებლისთვის არ შეუთავაზებია კომპანიაში ინვესტიციის განხორციელება. ვიდეო და ბმულზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ასახავს კომპანიის პოზიციას და არ შეესაბამება სიმართლეს. მეტიც, www.socar-ge.toinvest.pro არ არის „სოკარის“ ოფიციალური ვებ-გვერდი და კომპანიას მასთან არანაირი კვეთა არ აქვს.

კომპანია „სოკარის“ გარდა, გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებულია მუსიკოს ნინო ქათამაძის სახელიც. იმას, რომ თაღლითურ სქემასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ადასტურებს თავად ნინო ქათამაძეც.

„ამ ინფორმაციის გავრცელებით, ვიღაც ცდილობს, ჩემი სახელით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ამ სტატიაში აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია. არასდროს, ჩემი პროფესიის გარდა, სხვა საქმიანობით შემოსავალი არ მიმიღია. არასდროს მომიწოდებია ვინმესთვის, რომელიმე კომპანიაში ინვესტიცია განეხორციელებინა. “სოკარისა” და ჩემი სახელის გამოყენება იმისთვის, რომ მოქალაქეებს სადღაც თანხები გადაარიცხინონ, არის აშკარად თაღლითობა,“ - აცხადებს ნინო ქათამაძე.

„სოკარი“ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ გახდნენ თაღლითური სქემის მსხვერპლნი და არ გადაურიცხონ მცირედი თანხაც კი მათთვის უცნობ ადამიანებსა თუ იურიდიულ პირებს.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები