1 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-ს ბრიფინგი - ქურდული სამყაროს 6 წევრის დაკავება და მეტროსადგურში მომხდარი ინციდენტი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი: "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

კერძოდ, სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი - მეტსახელად „ჩიკი“, „ბუბა“, „ამბერგუნა“ და კიდევ სამი პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად იქნა დაკავებული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამმა წევრმა, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. ამავე პირებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად, „ქურდული გარჩევის“ გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომლებსაც ბრალდებულებმა იარაღის მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 1 დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 2 გლუვლულიანი თოფი, „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი თოფი, „კარაბინის“ ტიპის თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა ელექტრონული საშუალებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან - „კაკო ტბილისკისთან“, ლავასოღლისთან, „ტოტორინოსთან“, „ენცოსთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომლებისგანაც იღებდნენ დავალებებს და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

დაკავებულებიდან 3 პირს ქურდული სამყაროს წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა ედება ბრალად. ერთ პირს - ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა, ხოლო დაჯგუფების დანარჩენ ორ წევრს - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიური ღონისძიებების განხორციელებას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის".

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა მეტროსადგურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით:

"ზემოაღნიშნული კომპლექსური პრობლემის ერთგვარი გამოვლინებაა მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მომხდარი ინციდენტი, რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. აღნიშნული განპირობებული იყო ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში ვიდეოს ატვირთვით, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ 2 მოქალაქის მხოლოდ დაკავებაა ასახული.

2018 წლის 28 იანვარს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" შეკრებილ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას, კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა მეტროპოლიტენის მიმართულებით გაიქცა. პატრულ-ინსპექტორებმა ისინი იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს. იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და ახალგაზრდების იდენტიფიცირებას ახდენდა, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან, ორი პირი - 1992 წელს დაბადებული გ. ს. და 1982 წელს დაბადებული თ. მ., რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადააფურთხეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციელი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. შესაბამისად, პოლიციელებმა შეასრულეს კანონის მოთხოვნა და დაიწყეს აღნიშნული პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავების პროცესში, ხსენებულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება. სწორედ, დაკავების მხოლოდ ეს ფაქტია ასახული მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ჩვენი მხრიდან, სასამართლოში წარვადგენთ მთლიანი ინციდენტის ამსახველ კადრებს.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება კანონით.
ამავე დროს, დაუმორჩილებლობის ყოველ შემთხვევაზე პოლიციას ექნება კანონის შესაბამისი მკაცრი რეაგირება, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, ნუ შეუშლიან ხელს პოლიციას კანონიერი ქმედებების შესრულებაში, რომლის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

პოლიციელების მიერ კანონიერი ქმედებების შესრულების პირობებში საზოგადოების ზოგიერთი წევრის ამგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და პოლიციის უსაფუძვლო დადანაშაულება აკნინებს სამართალდამცავი ორგანოების როლს, მაშინ როცა, პოლიციის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობაში იქნება ღია და გამჭვირვალე და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, მათ შორის, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად სამინისტროსთვის შესაძლოა იყოს არასასიამოვნო, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს სიმართლის დადგენისთვის. ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ჩვენებით და საზოგადოებასთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა," - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები