0 4 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ „წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის“ ჯილდო მოიპოვა

თიბისიმ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე „Meliora 2024“ ორი ჯილდო მიიღო.

კონკურსის გრანპრი კატეგორიაში - „წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია“. თიბისიმ აღნიშნული ჯილდო იმ გამორჩეული საქმიანობისთვის მიიღო, რომელსაც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი გამოწვევების გადაჭრის მიზნით ახორციელებს თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისთვის, გარემოსა და საზოგადოებისთვის.

თიბისი ყოველთვის აცნობიერებდა მის მნიშვნელოვან როლს საზოგადოების განვითარებაში. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია საქართველოში, თიბისი ნერგავს სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს; ხელმძღვანელობს მაღალი ეთიკური პრინციპებითა და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

მეორე ჯილდო თიბისიმ მიიღო კატეგორიაში - „გამჭირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“. თიბისის აღნიშნული ჯილდო „2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშისთვის“ გადაეცა.

2019 წლიდან, ბიზნესის ზრდასთან ერთად, თიბისიმ მდგრადი განვითარების ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება დაიწყო. ანგარიში ყველა დაინტერესებულ მხარეს აწვდის ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას თიბისი ბანკის საქმიანობის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შესახებ. მდგრადი განვითარების პირველი ანგარიში მომზადდა გარე კონსულტანტის დახმარებით, ხოლო 2020 წლიდან ანგარიშის მომზადებაზე პასუხისმგებელია თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების (ESG) დეპარტამენტი. ანგარიში მომზადებულია გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების მიხედვით.

თიბისიმ კატეგორიაში - „გამჭირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“, გამარჯვება მეორედ მოიპოვა. პირველად ჯილდო ბანკს Meliora 2022-ის დაჯილდოებაზე გადაეცა „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშისთვის“.

თიბისის მიერ განხორციელებული პროექტები დამატებით ორ კატეგორიაში კონკურსის ფინალისტებს შორის მოხვდა და აღიარების სერტიფიკატები დაიმსახურა. ესენია: პროექტი „თიბისი X USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, კატეგორიაში - „საზოგადოების მხარდაჭერა“ და თიბისისა და კომპანია „პოლივიმის“ თანამშრომლობა პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების მიზნით, კატეგორიაში - „მწვანე ინიციატივა“.

„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - Meliora“ ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ სამაგალითო მსხვილ და მცირე/საშუალო კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით განხორციელებული პროექტებისთვის. თიბისი კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია. იგი სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოს მფლობელად 2018-2019 და 2022 წლებშიც დასახელდა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები