0 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

„პრევენცია განვითარებულ ქვეყნებში უკანასკნელ წლებში მედიცინის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია!“ – შორენა ჭიოკაძე, კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ლაბორატორიის სამსახურის ხელმძღვანელი

ზოგადად, ლაბორატორიულ მედიცინაში უკანასკნელ წლებში ადგილი აქვს უდიდეს პროგრესს, რაც ასოცირდება ერთის მხრივ იმ წარმატებებთან , რომლებიც აღინიშნება ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე რთული ბიოქიმიური პროცესების უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე შესწავლასთან, განსაკუთრებით ახალ აღმოჩენებთან გენეტიკის დარგში, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. მეორეს მხრივ ახალი ტექნოლოგიების, მსოფლიოს წამყვანი სადიაგნოსტიკო ფირმების მიერ მაღალი სიზუსტის აპარატურის შექმნასთან და სრულყოფასთან.

სწორედ ამან გამოიწვია კვლევების როგორც ხარისხის გაუმჯობესება, ასევე რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ მოითხოვა ექიმების ყურადღების გამახვილება ლაბორატორიული სამსახურის თანამედროვე ხედვაზე.

ჯანმრთელობის სახლის ლაბორატორია დაკომპლექტებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე აპარატურით და გამოცდილი მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს გამოკვლევების შედეგების სიზუსტეს, სანდოობას და ორიენტირებულია ინოვაციების დანერგვაზე .

ჯანმრთელობის სახლის ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი : შორენა ჭიოკაძე

რა სერვისები გაქვთ და რით გამოირჩევა თქვენი ლაბორატორია?

ლაბორატორია 18 წლის წინ დაარსდა და ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ მულტიპროფილურ კვლევებს. ეს მიმართულებებია:

კლინიკური, როგორც ავტომატურ ხუთდიფერენცირებულ ანალიზატორზე, ასევე მიკროსკოპული კვლევები.

ბიოქიმიური: თირკმლის, ღვიძლის ფუნქციების, ლიპიდური სპექტრის შემაფასებელი ტესტები, გაზები, ელექტროლიტები, მიკროელემენტების ფართო სპექტრი, ცილები, ვიტამინები და სხვა.

სეროლოგიური: ინფექციების სეროლოგიური დიაგნოსტიკა B, C, HIV, სიფილისის სკრინინგი.

იმუნოლოგიური: ფარისებრი ჯირკვლის, სასქესო ჰორმონების, სხვადასხვა აუტოანტისხეულების, ორგანოსპეციფიური სიმსივნური მარკერები

ჰემოსტაზის კვლევებში გამოირჩევა ჩვენი ლაბორატორია, გარდა იმ კუაგულაციური პარამეტრების სკრინინგისა (კოაგულოგრამა), რაც თითქმის ყველა ლაბორატორიაში კეთდება, ჩვენთან სრულყოფილად არის შესაძლებელი სხვადასხვა ბუნებრივი ანტიკუაგულანტების, ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების, ასევე ჰომოცისტეინის, ფოლატების კონცენტრაციის განსაზღვრა, რაც გავლენას ახდენს ჰემოსტაზზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გენეტიკური და შეძენილი თრომბოფილიის დიაგნოსტიკა

რა უპირატესობა აქვს გენეტიკური თრომბოფილიის შესწავლას ?

ზოგადად გენეტიკის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჯანმრთელობაში. 

შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ვდგავართ რევოლუციური გარდაქმნების წინაშე გენეტიკის დარგში, შევდივართ პერსონალიზებული მედიცინის ეპოქაში, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა პაციენტს დაჭირდება მკურნალობის ინდივიდუალური მიდგომა, რაც სწორედ მოლეკულურ დიაგნოსტიკაზეა დამოკიდებული. გენომის ცოდნა უდევს საფუძვლად ზუსტ მედიცინას და კლინიცისტების წარმატებას.

თრომბოფილია სამედიცინო ტერმინია, რომელიც სიტყვასიტყვით “თრომბოზის სიყვარულს” ანუ თრომბოზისადმი მზაობას ნიშნავს. 

გენეტიკურ თრომბოფილიას მედიცინა სულ ცოტა ხანია იცნობს. თრომბოფილიის გენები თავის მხრივ პასუხს აგებენ იმ ნივთიერებათა მეტაბოლიზმზე რომლებიც უზრუნველყოფენ ნორმალურ ჰემოსტაზს. 

ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩენილ იქნა მუტაციები, რომლებიც იწვევს თრომბოზებისადმი მიდრეკილებას და გადაეცემა მემკვიდრეობით. ეს კი შასაძლოა გახდეს ახალგაზრდა ასაკში ინსულტის, ინფარქტის,ღრმა ვენების თრომბოზის, ასევე თვითნებითი აბორტების, მკვდრადშობადობის, სამეანო გართულებების მიზეზი. ამ დროს მოსალოდნელია, დაითრომბოს სავსებით ჯანმრთელი (დაუზიანებელი )სხვადასხვა კალიბრის და ლოკალიზაციის სისხლძარღვი, გასკდეს და გამოიწვიოს სისხლჩაქცევა, ასევე განავითაროს ირგვლივ მდებარე ქსოვილების ჰიპოქსია და კვების დეფიციტი. ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს დაემართოს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თრომბოფილიის დროულ აღმოჩენას, რადგან მისი მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.

ორსულობის დროს განსაკუთრებით არასასურველ შედეგებამდე მივდივართ, რადგან ეს ეხება პლაცენტარულ სისხლის მიმოქცევას და შესაბამისად ნაყოფისათვის ჯანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების დარღვევას. აქვე უნდა აღინიშნოს რომ თავად ორსულობა იწვევს სისხლის შედედების უნარის მომატებას, რასაც ამ დროს დამცველობითი დატვირთვაც აქვს და სჭირდება ორსულის ორგანიზმს რათა რაც შეიძლება სწრაფად იქნას შეწყვეტილი ყველანაირი გენეზის სისხლდენა, რადგან ნაყოფის განვითარებისთვის განსაკუთრებით სარისკოა დედის თუნდაც მცირე მოცულობის სისხლის დანაკარგი.

თრომბოფილია კი არის მდგომარეობა როდესაც ქალის სისხლის შედედების უნარი იმაზე მეტადატა მომატებული ვიდრე ამას ორსულისთვის დამახასიათებელი ჰიპერკოაგულაცია ითვალისწინებს. მოლეკულური დიაგნოსტიკაზე დამყარებული კვლევები გვაძლევს პრევენციის საშუალებას პაციენტის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და გვეხმარება მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილებაში.

რაც შეეხება შეძენილ თრომბოფილიას, მისი კლასიკური მაგალითია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს საკუთარი უჯრედების ამოცნობის და მათ მიმართ იმუნური ტოლერანტობის პროცესების დარღვევა. მოგეხსენებათ, ფოსფოლიპიდები განლაგებულია თრომბოციტების,სისხლძარღვების ენდოთელური უჯრედების, ნერვული უჯრედების მემბრანაზე. ამ დროს იმუნური სისტემა ჯერ დაუდგენელი მექანიზმის გამო ვეღარ ცნობს საკუთარ სისხლძარღვის უჯრედებს, აღიქვამს მას როგორც უცხოს და იწყებს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას, რის შედეგადაც სისხლძარღვში ვითარდება ასეპტიური (არაინფექციური წარმოშობის ანთებითი პროცესი, მას თრომბოზულ ვასკულოპათიას უწოდებენ, რომელსაც ასევე შეუძლია ახალგაზრდა ასაკში გამოიწვიოს იშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი ,პლაცენტის არტერიის თრომბოზი, ფეტოპლაცენტარული უკმარისობა და სხვა გართულებები,როგორც ორსულობის განმავლობაში,ასევე ლოგინობის ხანაში.

როგორ მივიტანოთ ეჭვი თრომბოფილიაზე?

თრომბოფილია სამწუხაროდ ჩვეულებრივ კოაგულოგრამაში არ ჩანს. ექიმმა თრომბოფილიაზე ეჭვი უნდა მიიტანოს, თუ:

პაციენტს შეშუპებული აქვს კიდურები, აღნიშნავს სიმძიმის შეგრძნებას, ტკივილს, გამოხატული აქვს ვენური ქსელი ან მიკროსისხლჩაქცევები. მომატებული არტერიული წნევა. ღამის კრამპები უეცარი დაჭიმვა (მაგრამ ეს შესაძლოა კალციუმის და სხვა მინერალების დეფიციტის ან სხვა მიზეზით იყოს გამოწვული)

მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზი თრომბოზი (მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) ახალგაზრდა ასაკში (50 წლამდე) ახლო ნათესავებში უეცარი სიკვდილი.

პრეეკლამფასია ორსულობის დროს,პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ნაყოფის განვითარბის შეფერხება, HELLP სინდრომი. ანამნეზში მკვდრადშობადობა, სპონტანური აბორტები. მართალია პროტოკოლის მიხედვით ორი ან მეტი თვითნებითი აბორტის შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი თრომბოფილიაზე. მე პატივს ვცემ რასაკვირველია ჩვენს ნაციონალურ გაიდლაინებს, მაგრამ ვფიქრობ თუ სხვა ანატომიური, ჰორმონალური და ა,შ. მიზეზები გამორიცხულია, ერთი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგაც სასურველია რომ გამოვიკვლიოთ პაციენტი ამ მიმართულებით და მოვამზადოთ შემდეგი ორსულობის დაგეგმვამდე.

რამდენად ხშირად გხვდებათ ეს პრობლემა ?

ჩვენ ძირითადად მოგვმართავენ მიზანმიმართულად პაციენტები ორი, სამი, ოთხი და მეტი (თორმეტიც თვითნებითი აბორტიტაც მყოლია პაციენტი) შეწყვეტილი ორსულობით, რომლებთანაც საკმაოდ ხშირად ვხვდებით მულტიგენურ თრომბოფილიას რაც ნიშნავს რამოდენიმე გენის მუტაციას ერთად ან კომბინირებულ ფორმებს შეძენილ თრომბოფილიასთან .

ასეთ შემთხვევებში ორსულობა განსაკუთრებულ, სპეციფიურ მართვას მოითხოვს გინეკოლოგის და ჰემატოლოგის მიერ ერთად! მემკვიდრეობითი თრომბოფილიის აღმოჩენა მნიშვნელოვანია არა მარტო პაციენტისთვის, არამედ მთელი მისი შთამომავლობისთვის.

რა არის თრომბოზის რისკ ფაქტორები?

ჭარბი წონა

იმობილიზაცია,(ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი)

ნებისმირი ქრონიკული ანტებითი დაავადება

ტრავმა

ფრენა ,დიდ მანძილზე მგზავრობა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით. ამ დროს ხდება სისხლის შეგუბება ქვედა კიდურების ვენებში

ქირურგიული ჩარევა

ავთვისებიანი სიმსივნე

შაქრიანი დიაბეტი

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია

კონტრაცეპტივების გამოყენება

ექსტრაკორპორალური განაყოფიერება

გენეტიკურ ლაბორატორიაში კიდევ რა სახის კვლებს ატარებთ?

ტარდება აგრეთვე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა

როგორიცაა ქლამიდია, გონორეა, პაპილომა ვირუსის გენოტიპირება. პჯრ მეთოდს გააჩნია უნიკლური სპეციფიურობა და მგრძნობელობა (99,9%)ეს მეთოდი მნიშვნელოვანია ისეთი ინფექციების გამოსავლენად, რომელთა კულტივირება რთულია. მაგალითად ქლამიდია გახლავთ უჯრედშიდა მიკროორგანიზმი, რომლის დიაგნოსტიკა შესაძლებელია იმუნოქრომატოგრაფიით, იმუნური ფლუორესცენციის და სხვა მეთოდებით, მაგრამ მგრძნობელობა და სპეციიურობა გაცილებით დაბალია, შესაძლებელია ვერ აღმოჩნდეს ან პირიქით მივიღოთ ცრუ დადებითი, რის გამოც კლინიცისტი შესაძლებელია შევიყვანოთ შეცდომაში, ამიტომ მივმართავთ დნმ მეთოდს.

რაც შეეხება პაპილომა ვირუსის გენოტიპირებას, იგი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პაპ ტესტთან და კოლპოსკოპიასთან ერთად. პაპილომა ვირუსის 200 ზე მეტი გენოტიპი არსბობს აქედან 40 -ამდე გადაეცემა სქესობრივი გზით, მაგრამ ჩვენ ვიკვლევთ მხოლოდ იმ 14 მაღალი რისკის გენოტიპს, რომლებიც იწვევს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიურ ცვლილებებს, კიბოსწინარე დაავადებებს და კიბოს. ეს კვლევა ეხმარება ექიმს სწორად განსაზღვროს მკურნალობის შემდგომი სტრატეგია და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება შემგომი მონიტორინგისთვის და ტესტის განმეორებით ჩატარებაზე ალგორითმული სქემის მიხედვით.

რა დროს უნდა გავიკეთოთ ეს კვლევა?

თუ პაპ-ტესტის პასუხი არის საეჭვო: გაურკვეველი მნიშვნელობის ატიპიური ბრტყელ ეპითელურ უჯრედები ( ASCUS ) ან საშვილოსნოს ყელის დაბალი ხარისხის ინტრაეპითელურ დაზიანება CIN1

დროულად აღმოჩენილი ადამიანის პაპილომა ვირუსი - საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაა . ვფიქრობ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირმირებულება იმ დიაგნოსტიკური ტესტების გამოყენებაზე პრაქტიკაში, რომლებიც გვეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილებაში. უნდა აღინიშნოს რომ პრევენცია განვითარებულ ქვეყნებში უკანასკნელ წლებში მედიცინის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია!

☎️ტელ: 2 25 90 50; 2 25 90 70

მის მის: წინანდლის 9/20

შემოგვიერთდით ფეისბუქზე - https://www.facebook.com/hhealthhouse/


კომენტარები

მსგავსი სიახლეები