1 9 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება ქუჩებში მოგიწევთ - სავარაუდოდ შემოდგომიდან ამოქმედდება 100-ქულიანი სისტემაც

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს შესაბამისი გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავარაუდოდ შემოდგომიდან მოუწევთ. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება.

როგორც “ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების მიღება დიდი ალბათობით საგაზაფხულო სესიაზევე მოხდება, უშუალოდ მართვის მოწმობის გამოცდის ახალი წესი - გამოცდის უშუალოდ ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში ჩატარება კი, სავარაუდოდ შემოდგომიდან ამოქმედდება.

„საპარლამენტო უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო რეფორმაზე მუშაობს. ცვლილებების განხილვა და მიღება დიდი ალბათობით საგაზაფხულო სესიაზევე მოხდება. 

განიხილება მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში, რაც გაზრდის მძღოლების საწყის კვალიფიკაციას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, სავარაუდოდ შემოდგომიდან ამოქმედდება მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემაც. 

„ცვლილებებით ასევე იგეგმება ქულების სისტემის შემოტანა, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, დაკარგავს ქულებსაც და 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება. ამ სისტემით ის მძღოლებიც, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, იგრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას. სავარაუდოდ, გამკაცრდება ადმინისტრირება ისეთ დარღვევებზეც, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვეა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა). მკაცრდება კანონმდებლობა ქვეითების დასაცავად და ავტოტრანსპორტით ბავშვების გადაყვანის უსაფრთხოების მიმართულებითაც“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, რეფორმა ითვალისწინებს ასევე უკონტაქტო პატრულირების დანერგვას, რაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მოდელია და სამოქალაქო მანქანებით, რომელთაც სპეციალური ნიშანი ექნება, პატრულირებას და ვიდეოდაჯარიმებას გულისხმობს. 

„ეს სისტემა საგზაო უსაფრთხოებას და ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს მაშინაც კი, როცა დამრღვევ მძღოლს ჰგონია, რომ საპატრულო ეკიპაჟი ახლო-მახლო არ არის.

ამ ცვლილებების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ქალაქების და გზების დაფარვა ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამარებით. ეს ვიდეოკამერები რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში, რომელიც უკვე შექმნილია. ამ სისტემას ექნება საგრძნობი პრევენციული ეფექტი.

გაგრძელდება შსს-ს საინფორმაციო კამპანია "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის," რომელიც მძღოლების, მგზავრების და ქვეითების ინფორმირებას და საგზაო წესების შესახებ ცნობადობის ამაღლებას გულისხმობს. ამ კამპანიას პარლამენტის წევრების შევუერთდებით. 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც პარლამენტი და მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით განახორციელებს და პირველივე თვეებში მივიღებთ შედეგს - გადავარჩენთ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, დავიცავთ ბევრის ჯანმრთელობას და საქართველოში მოძრაობა გახდება უფრო უსაფრთხო“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები