0 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის განცხადება

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვნად მიაჩნია უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა ქვეყანაში - როგორც არჩევნების დროს, ისე ზოგადად პოლიტიკურ ურთიერთობებში.

სამწუხაროდ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე არაერთი ძალადობის ფაქტის მომსწრენი ვხდებით. მხედველობაში მაქვს ამა წლის მაისში საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელებული 32 ჰომოფობიური თავდასხმა (მათ შორის არასრულწლოვანის დაჭრა), პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება კორცხელში და გუშინ, 24 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი. ყველა ეს ფაქტი მოითხოვს სამართალდამცველების დროულ, მყისიერ და ეფექტიან რეაგირებას. სხვა შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების ქმედითობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგება და საბოლოო ჯამში მიგვიყვანს მათ დისკრედიტაციამდე, რასაც, როგორც ზოგადად სამოქალაქო ცხოვრებისთვის, ისე კონკრეტულად 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასი ექნება.

მივმართავ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებზე თავდასხმის ყველა ფაქტის დროული გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას იმის წინაპირობა, რომ სისხლის სამართლებრივი ხასიათის შემთხვევები სამართლებრივიდან პოლიტიკურ სივრცეში არ იქნას გადატანილი.

მივმართავ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, არ შეუწყონ ხელი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალადობის, როგორც „სალაპარაკო ენის“ და ნორმის დამკვიდრებას, არ დაუშვან პოლიტიკური ცხოვრების კონსტრუქციული, სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლა და 1990-იანი წლების „ტრადიციებთან“დაბრუნება. საპირისპირო შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რეალობას, რომელშიც დღევანდელი მიღწევები, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 25 წლის თავზე ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, ვიზალიბერალიზაციის პასუხისმგებლიანი უზრუნველყოფა, ნატოს მხრიდან ქვეყნის თავდაცვითი უწყების წარმატებების აღიარება - საქართველოს მომავალი კი არა, კიდევ ერთი დაკარგული შანსი შეიძლება აღმოჩნდეს.

მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ვისაც კი გაცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება არ დაემსგავსოს პოლიტიკურ რინგს ბრძოლის წესების გარეშე, სადაც ქართულ ოცნებასა და ნაცმოძრაობას შორის მიმდინარეობს რეალურად ურთიერთხელსაყრელი, მტრის ხატზე აგებული ბრძოლა. ეს პოსტსაბჭოთა საქართველოს წარსულია, რაც დაძლია თანამედროვე საქართველომ და რომელიც მიუღებელია თანამედროვე, პლურალისტური, სამომავლო კოალიციებზე ორიენტირებული ევროპული პოლიტიკური პროცესისთვის. ევროპულ მომავალზე,პროგრესზე ორიენტირებულ ამომრჩეველს გაცილებით უკეთესი, მრავალფეროვანი არჩევანი აქვს და იგი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ძალადობისგან, შიშისგან და მორალური თუ ფიზიკური ზეწოლისგან თავისუფალ გარემოს შექმნით.

ხათუნა სამნიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები