0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და 13 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. 

„ეს არის მნიშვნელოვანი მემორანდუმი. ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის გარდა უკვე 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა მას ხელი და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებული ინიციატივა და ტრადიცია ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.    

მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ქვემოთ მოყვანილი ნორმები მათ მიერ განმარტებულია მემორანდუმის ტექსტის შესაბამისად და ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს იხელმძღვანელებენ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით. 

როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა: „მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი და ღირებული იმდენად რამდენადაც ემსახურება არამარტო ერთიანი აღქმის ფორმირებას, არამედ ერთიანი საარჩევნო კულტურის ფორმირებას. მეტი ზიარი გაგება საარჩევნო პროცესში ჩართული აქტორების მხრიდან ეხმარება იმას, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, რაც არის ისეთი საარჩევნო გარემო, რომლის ფარგლებში ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია თავისი ნების თავისუფლად გამოხატვა.“ 

მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს. 

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან  (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

როგორც შეხვედრის დასრულებისას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ აღნიშნა - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აგრძელებს ამ პროცესის ფასილიტაციას, - „ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ არჩევნები ბევრად უფრო თავისუფალი იქნება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტებისგან“, - განაცხადა IFES-ის ხელმძღვანელმა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები