0 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

კაცი, რომელსაც თეატრი ძლიერ უყვარდა

ჩამოტვირთვა

„თავს იმ იმედით როდი ვიმშვიდებ, რომ მაყურებლისთვის თეატრი - ტაძარია, მაგრამ მსახიობებისთვის ის უნდა იყოს ტაძარი. თუ არადა, რა აზრი აქვს, ემსახურო მას?! თუკი ის არ განგწმენდს, არ გაგაკეთილშობილებს?! თეატრში ყოფნას მაშინ აქვს აზრი, თუკი სასწაულს ეძებ, რომელიც ცხოვრებაში არ იპოვება. თეატრი ადგილია, სადაც ლაპარაკობენ და ქმნიან მთავარს: რისთვის ვარ, რისთვის ვართ, როგორები ვართ, როგორები უნდა ვიყოთ? თეატრი იმისთვისაა, რომ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ, გვერდიდან შეხედონ საკუთარ თავს და გაოცდნენ“ - მიხეილ თუმანიშვილი. ბავშვობაში დრამატულ თეატრში არ დაჰყავდათ. ოჯახი ოპერას უფრო ეტანებოდა. მიშა დეკორატორი იყო, "ალადინის ჯადოსნური ლამპრისა" და სხვა სპექტაკლების დეკორაციებს აკეთებდა. მერე რატომღაც ცირკმა გაიტაცა, მეზობელი ცირკის ორკესტრში უკრავდა და მას დაჰყავდა ცირკში. 13 წლისამ რუსთაველის თეატრში ახმეტელის "ყაჩაღები" ნახა და დრამატული თეატრი აღმოაჩინა. მიღებულმა შთაბეჭდილებამ ყველა და ყველაფერი დაჩრდილა. ეზოს ყველა კედელი "ყაჩაღების" მიზანსცენებით მოხატა. სანდრო ახმეტელის სპექტაკლებს ზედიზედ ნახულობდა, აფორიაქებდა, მოსვენებას არ აძლევდა. ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც თვითონ ისურვებდა, თეატრის ნაცვლად თვრამეტი წლის მიხეილ თუმანიშვილი ჯარში წაიყვანეს, მერე ომიც დაიწყო... ცხედრები, დამწვარი მანქანები, დანგრეული გზა. ტალახი. ქარი. უსიტყვოდ, ჩუმად სვლა. ისევ ბრძოლა. ალყა ტანკებით. ბომბები ციდან... ომი დამთავრდა. მიშა დაბრუნდა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა. შემდეგ იყო პირველი სპექტაკლი და "ადამიანებო, იყავით ფხიზლად". წაიკითხა იულიუს ფუჩიკის ჩანაწერები "რეპორტაჟი სახრჩობელადან", რომელმაც ისე ააღელვა, რომ მთელი ღამე არ დააძინა. "პირველად მომწყურდა, გულით დამედგა რაღაც"... ამის შემდეგ მის ცხოვრებაში იყო ტრიუმფი, ტაში, ბრავო, შემდეგ ისევ დაღმასვლა და ბოლოს რეჟისორი თეატრიდან წავიდა... პირად ცხოვრებაზე არასდროს ჰყვებოდა, ჩაკეტილი იყო, თან სტკიოდა ომი, საყვარელი ადამიანების დაკარგვა... "სცენაზე, სპექტაკლის დროს, სულ უნდა გქონდეს იმის შეგრძნება, რომ ადამიანებს შენი ცხოვრების, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის შესახებ მოთხრობებს უამბობ. " „როდესაც რაღაც მტანჯავს, როდესაც ვეძებ, ეს როგორ გამოვხატო, მაშინ მჭირდება პიესა. მაგრამ სად არის, სად ვეძებო? ეს ტანჯვა სიყვარულს ჰგავს, შიგნით დაგროვებული, დაბერილი, აფეთქებული გარეთ გამოსვლას ლამობს. ეს მინდა გამოვხატო. ამისთვის მჭირდება დრამა, სიტყვები, სიტყვები, სიტყვები, რომლებსაც საკუთარი შინაარსით, ემოციებითა და შთაგონებით ავავსებ". არ უყვარდა ხალხმრავლობა, სუფრა, არც თავისი დაბადების დღე - 6 თებერვალი. დღეს სწორედ რომ 6 თებერვალია, მიშა თუმანიშვილს 91 წელი შეუსრულდებოდა. დიდი რეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით დიდუბის პანთეონში მისი ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ. „რა ფუნქცია აქვს ჩვენს როლს. გაიხსენეთ, რომ ჩვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვართ დედამიწის ზურგზე, საშუალება გვაქვს, ჩვენი სათქმელი სცენიდან ვთქვათო“. ვკითხულობთ მიშა თუმანიშვილის ჩანაწერებში.. ...ცხოვრების რაღაც ეტაპზე გადაწყვიტა და თეატრიდან წავიდა. მთელი თავისი შესაძლებლობები თეატრალურ ინსტიტუტსა და ტელევიზიას მიუძღვნა. შემდეგ კი მისი ოცნება ახდა: ჯერ კინოსტუდიის სახელოსნო და შემდეგ კინომსახიობთა თეატრი. საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო. როდესაც შვილიშვილები შეეძინა, მისთვის თითქოს ახალი სიცოცხლე დაიწყო. რომელიმე შვილიშვილის ავად გახდომა, მისთვის წამხდარ დღეს და ჩავარდნილ რეპეტიციას ნიშნავდა. ფაქიზი სული ჰქონდა, ყველაფერს განიცდიდა.. ხშირად უთქვამს, რომ ღრმა ძილით არასდროს სძინებია, თითქოს სულ ფიქრობდა და ტვინის რომელიღაც ნაწილი სულ მუშაობდა. თეატრალურში ჯგუფი ჰყავდა, ყველა სტუდენტს ეგონა, რომ სწორედ მასთან ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა, ნიჭი ჰქონდა, ყველასთან გაება ურთიერთობის თავისებური ძაფი. ყველას ცხოვრებაში, ვისთანაც კი ურთიერთობა ჰქონია, უმნიშვნელოვანესი ადამიანი გამხდარა. ის ასწავლიდა თავისუფლად აზროვნებას, ფრთების გაშლას და ცხოვრებას... აუდიტორიაში, დარბაზში ყველა ყოველთვის მონუსხული უსმენდა, აჯადოებდა თავისი უბრალოებით და ამ უბრალო საუბარში დებდა დიდ სიბრძნეს, გაფიქრებდა... სეირნობა უყვარდა, ბუნება , ტყეში, მდინარის პირას მარტო დადიოდდა ხის ლამაზ ტოტებს და ფესვებს აგროვებდა. ცხოვრების ბოლო წლებშიც კი მუშაობდა, ახლა ის თეატრი მისი სახელობისაა, დღესაც იდგმება იქ სპექტაკლები, "ალუბლის ბაღიც" კი დადგეს, ის, რაც მან ვერ შეძლო... გარდაიცვალა 75 წლის ასაკში, საზოგადოებამ მიხეილ თუმანიშვილი ტაშით გააცილა, სწორედ ისე, როგორც მაესტროს ეკადრებოდა...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები