0 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით ჩატარებულმა კამპანიამ Ad Black Sea-ზე ორი ოქროს ჯილდო მიიღო

 

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ზე „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ მხარდაჭერილმა კამპანიამ 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს ჯილდო მოიგო. პროექტი „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“  გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელდა და მისი მიზანი იმ გენდერული სტერეოტიპების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, რომლებსაც საქართველოში ქალები პროფესიის არჩევისას აწყდებიან. კამპანიის იდეისა და შესრულების ავტორი კრეატიული სააგენტო Watergunz-ია.

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea ყოველწლიურად იმართება. წელს გამარჯვებულები 13 კატეგორიაში გამოვლინდნენ. ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიურის ოთხი გუნდი აფასებდა.

4 ჯილდოს მფლობელი კამპანია  - „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ იმ ქალებს ეძღვნებათ, რომლებმაც პროფესიულ ოცნებაზე უარი თქვეს. კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიას ახლა ირჩევენ და ამ პროცესში გენდერული სტერეოტიპები ხელს უშლით.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი:  „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კამპანიის მხარდაჭერა. საქართველოში ქალების პროფესიული არჩევანი გენდერული სტერეოტიპებით ხშირად იზღუდება, საზოგადოება კი პროფესიებს კვლავაც კაცისა და ქალის საქმეებად  ყოფს. ამ სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ბევრმა ქალმა ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება იმ პროფესიაში, რომელშიც სურდა. კამპანიის მხარდაჭერით, გვინდოდა, გვეთქვა, რომ პროფესიას  არ აქვს გენდერი და ქალებს უპირობოდ უნდა ჰქონდეთ პროფესიული არჩევანის შეუზღუდავი შესაძლებლობა – იქნება ეს  მექანიკოსობა თუ მფრინავობა“.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების სხვადასხვა პროექტში. 2022 წელს კომპანია „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა, რითაც დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი:  ქალები, რომლებიც არ არსებობენ“, ცხადია, არ არის პირველი კამპანია, რომელიც „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები პროექტებში, რომლებიც ქალთა როლის გაძლიერებისკენ არის მიმართული და ამ თემაზე არაერთი აქტივობა გვაქვს განხორციელებული, მათ შორის, კამპანია „ქალი საჭესთან“. აქვე აღვნიშნავ, რომ მხარი დავუჭირეთ  ქალ ოფროუდერს, რომელმაც დაახლოებით 40 წლის ასაკში ისწავლა მანქანის მართვა და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ამ სფეროში. გასულ თვეს  ჭიათურის რეგიონში შევხვდით ახალგაზრდა გოგონებს, რომელთაც სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ და კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ პროფესიის არჩევისას მნიშვნელობა არ აქვს სქესს და თავიანთი მიზნებისკენ მტკიცედ უნდა იარონ. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ აქტივობებისა, რომლებიც ქალთა გაძლიერების კუთხით განვახორციელეთ და, ცხადია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“.

კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ რამდენიმე ნაწილს მოიცავდა. თბილისის ქუჩებში განთავსებული საინფორმაციო დაფები საზოგადოებას სიმბოლურად იმ არარსებული ქალების შესახებ ახსენებდა, რომელთა პროფესიული ოცნებებიც, გავრცელებული სტერეოტიპების გამო, ვერ ასრულდა.

--

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა" „თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები