პოლიტიკა
ჩემი რეიტინგი არსად გამქრალა, მეგობრებო, უბრალოდ არ გამზომეს – ბაქრაძე
2021-06-25 12:45:34
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე ეხმიანება Edison Research-ის პოლიტიკოსების რეიტინგების კვლევას და განმარტავს, რომ ის “არსად გამქრალა”, უბრალოდ არ გაზომეს.
“სამწუხაროდ, პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგების კვლევის ნაწილში რატომღაც არ აღმოვჩნდი ჩართული და შესაბამისად, არც კვლევის საბოლოო შედეგში ვარ მოხსენებული. მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ბოლო ერთი საათის განმავლობაში მიკავშირდება და აინტერესებს, სად გაქრა ჩემი რეიტინგი — არსადაც არ გამქრალა, მეგობრებო, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საერთოდ არ გამზომეს. არ იღელვოთ, აგული ერისთავის არ იყოს, ცოცხალი ვარ და გამოფენებშიც ვიღებ მონაწილეობას”, – წერს ბაქრაძე.
ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი კვლევის დამკვეთს მოუწოდებს, მომავალში აღარ დაუშვას “მსგავსი გაუგებარი შეცდომა”.
მისივე თქმით, ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედებების შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა “გარდაუვალია”.
“სწორედ ეს უნდა იყოს ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანა და მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად მივიღო მონაწილეობა ამ მიზნის მიღწევაში, რაშიც, იმედია, ჩემი არგაზომილი, მაგრამ არგამქრალი რეიტინგიც დამეხმარება”, — ამბობს ბაქრაძე.
კომენტარები