მსოფლიო
გიორგი კაპანაძე: ვეკითხები ხელისუფლებას - რატომ არ სრულდება კანონი და რატომ არის გამოსახული თბილისის ღია სივრცეებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე საბჭოთა სიმბოლიკები?
2021-06-24 11:11:48
მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი კაპანაძე, იმ კანონის აღსრულებას მოითხოვს, რომლის მიღების მიზანი, კომუნისტური, ტოტალიტარული სიმბოლიკებისა და წარწერების აღმოფხვრაა.
გიორგი კაპანაძე აცხადებს რომ 2011 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც, ქალაქებში, სოფლებში, დაბებში, ღია სივრცეებში... კომუნისტური, ტოტალიტარული სიმბოლიკებისა და წარწერების აღმოფხვრას ითვალისწინებდა, თუმცა, ის დღემდე არ სრულდება.
- გიორგი, თბილისში ჯერ კიდევ არსებობს ღია სივრცეებში კომუნისტური წარწერები და სიმბოლიკები?
გიორგი კაპანაძე: სამწუხაროდ ასეა. მაგალითად, მარჯანიშვილის ხიდის მოაჯირზე ამ მომენტამდე გამოსახულია საბჭოთა სიმბოლიკა, პარლამენტის შენობაზე კი, დღემდე რჩება საბჭოთა ვარსკვლავი და გერბი...
ასევე, თბილისის ქუჩებში შეხვდებით ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ სიმბოლოებს, რომლებიც შეიძლება ითქვას რომ კვლავ უკან - სიბნელისაკენ გვიბიძგებენ.
შესაძლოა, ვინმემ თქვას რომ საბჭოთა წარსული ჩვენი ისტორიაა და ამიტომ, ასეთი სიმბოლოები ქალაქში უნდა იყოსო, თუმცა, წარმოიდგინეთ,იგივე რომ ეთქვათ გერმანიასა თუ იტალიაში - ნაცისტურ სიმბოლოებზე...
- რატომ არ ამბობს უარს ხელისუფლება საბჭოთა სიმბოლოებზე?
- ხელისუფლებას პასუხი არ აქვს. სამაგიეროდ, გვაქვს 2011 წელს მიღებული კანონი, “თავისუფლების ქარტია”, რომლის პრემბულაში პირდაპირ წერია ის, თუ რატომ მივიღეთ ეს კანონი.
მომყავს ციტატა: “ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.”
გამოდის რომ ეს კანონი პირდაპირ ავალდებულებს ხელისუფლებას მოაშოროს ღია სივრცეებიდან საბჭოთა, ტოტალიტარული სიმბოლიკები, წარწერები, მათ შორის ცხადია, თბილისშიც, თუმცა, რატომღაც ქართული ოცნება უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე.
- როდის მიიღეს ეს კანონი?
- ასეთ კანონს ეს ხელისუფლება ვერ მიიღებდა, მისი რეალური მმართველის პრორუსული კავშირების გამო. ეს კანონი 2011 წელს მიიღეს, თუმცა, როგორც ჩანს, იმხანად განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა მისი აღსრულება შეაფერხა, მაგრამ რა უშლის ხელს ქართულ ოცნებას, რომელიც მეცხრე წელია უკვე ხელისუფლებაშია, აღასრულოს კანონი?
ამ კითხვაზე პასუხი, წესით, ცალსახაა: მისი დამოკიდებულება კრემლის, ოკუპანტი ქვეყნის მიმართ... აი, ამიტომ იზრდებიან ჩვენი შვილები ჯერ კიდევ საბჭოთა სიმბოლიკების ფონზე.
- ეს ერთგვარი ტურისტული მიზიდულობის საშუალება ხომ არ არის?
- ამისათვის არსებობს ოკუპაციის მუზეუმი და თუ ვინმეს სურს გაეცნოს საბჭოთა წარსულს, აქვს შესაძლებლობა ესტუმროს ამ მუზეუმს.
ასეთი სიმბოლიკები კი, ჩვენს ქუჩებში, ღია სივრცეებში არ უნდა იყოს, რადგან ისინი პირდაპირ უკავშირდებიან მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ტრაგედიას, გადასახლებას, დიდი ქართველი მწერლების, მოაზროვნეების დახვრეტას და ა.შ.
ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ალბათ, მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის, საბჭოთა კავშირი და ნაციზმი, ორივე ბოროტებაა.
ვიღაც შესაძლოა დღემდე კამათობს იმაზე თუ რომელი უფრო დიდი ბოროტება იყო, თუმცა, ფაქტი ერთია: ორივემ მილიონობით უდანაშაულო ადამიანი შეიწირა.
- ისედაც ამდენი პრობლემაა და როგორ ფიქრობთ, ღია სივრცეებიდან საბჭოთა სიმბოლიკების მოშორება ასე მნიშვნელოვანია?
- საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა ამერიკის მე-40-ე პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა. მან, თავისი, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილ გამოსვლაში, ფლორიდაში, 1983 წლის 8 მარტს, საბჭოთა კავშირზე განაცხადა: “ვილოცოთ ყველა იმ ადამიანის გადარჩენისათვის, ვინც ამ ბნელ ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრობს.
ვილოცოთ რომ ისინი ოდესმე აღმოაჩენენ ღმერთის გაცნობის სიხარულს. მანამდე, უნდა გავაცნობიეროთ რომ ვიდრე ისინი ქადაგებენ სახელმწიფოს უზენაესობას, აცხადებენ ერთი ადამიანის ყოვლისშემძლეობას და წინასწარმეტყველებენ დედამიწაზე დომინაციას, იქნებიან ბოროტების ფოკუსი თანამედროვე სამყაროში”.
დიახ, საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია. სამწუხაროდ, საქართველო ამ ბოროტების იმპერიის ნაწილი იყო, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 1921 წლის ოკუპაციის შედეგად და ჩვენ, ამ ბოროტების იმპერიის ნარჩენებზე აუცილებლად უნდა ვთქვათ უარი, რათა სრულყოფილად ვიაროთ წინ ევროპული ოჯახისაკენ, სადაც მეტი თავისუფლება და მეტი კეთილდღეობაა. ეს, ჩვენი თაობის პასუხისმგებლობაა.
კომენტარები