1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კონსტანტინე იაკობიშვილის გამონათქვამების გამო, რომლებიც შეიძლება შეფასდეს, როგორც პირდაპირი მოწოდება სამოქალაქო დაპირისპირებისა და შეიარაღებული შეტაკებებისკენ

პოლიტიკური კლუბი  „თავთავი“ გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას მაღალი საეკლესიო იერარქის, ერისკაცობაში კონსტანტინე იაკობიშვილის, გამონათქვამების გამო, რომლებიც შეიძლება შეფასდეს, როგორც პირდაპირი მოწოდება სამოქალაქო დაპირისპირებისა და შეიარაღებული შეტაკებისკენ.

მთავარეპისკოპოსი იაკობის ნარატივი და ქმედებები დიდი ხანია სცილდება საეკლესიო პირისთვის შესაფერის ეთიკას, არღვევს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით ეკლესიისთვის განსაზღვრულ სტატუსს.

ამ იერარქის დაუფარავი მუქარა მით უფრო საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ 1991 წლის სამხედრო პუტჩში მისი მონაწილეობის „მდიდარ გამოცდილებას“.

აღმაშფოთებელია სირაქლემის პოზაც მოქმედი ხელისუფლებისა, რომელიც პოლიტიკური კონიუნქტურის გამო არ რეაგირებს მსგავს ქმედებებსა და გამონათქვამებზე. მეტიც, ყოველ არჩევნებზე, თანადგომის სანაცვლოდ,  ყოველწლიურად მორჩილად იხდის დაახლოებით 28 მილიონ ლარს ჩვენი გადასახადებიდან. არ და ვერ აკონტროლებს ამ თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობასა და მიზნობრიობას.

არ არის გასაკვირი, რომ ამ პირობებში ქვეყანაში გაჩნდა ბავშვთა დახურული ტიპის დაწესებულებები, სადაც, დიდი ალბათობით, ტოტალურად ირღვევა მოზარდთა კონსტიტუციითა და საერთაშორისო დეკლარაციებით გარანტირებული უფლებები. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ვერ ხორციელდება მონიტორინგი ვერც სახელმწიფოს და ვერც სამოქალაქო სექტორის მხრიდან. დღევანდელ მსოფლიოში მსგავსი ანალოგის მოძიება ალბათ მხოლოდ ფუნდამენტალისტურ-ექსტრემისტულ ორგანიზაციებშია შესაძლებელი.

პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს პროკურატურისგან, დაუყონებლივ მიეცეს სამართლებრივი შეფასება კონსტანტინე იაკობიშვილის განცხადებებს!

პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ მოუწოდებს მთელ სამოქალაქო სექტორს, ჩატარდეს ერთობლივი აქცია სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებისა და ქვეყნის კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით.

პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ მიმართავს წმინდა სინოდს, იმსჯელოს მთავარეპისკოპოსი იაკობის საქციელისა და გამონათქვამების შესაბამისობაზე საეკლესიო პირის სტატუსთან.

სეკულარული სახელმწიფო ქართული დემოკრატიის ისტორიული მონაპოვარია. მისი დაცვა და გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი ვალდებულებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები