1 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა წესები უნდა დავიცვათ, როცა მანქანაში ბავშვია - Your Car Seat-ის საინფორმაციო კამპანიას „თეგეტაც“ შეუერთდა

 

ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ამოცანაა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი მცირეწლოვანი მგზავრობდეს უსაფრთხოდ, სამგზავრო სავარძლის გამოყენებით. Your Car Seat-ის დამფუძნებლები ამ მიმართულებით მშობლებს ინფორმაციასა და რჩევებს უზიარებენ. დაარსებიდან დღემდე მათ კონსულტაცია გაუწიეს 10 000-ზე მეტ მშობელს და შექმნეს არაერთი პრეცედენტი, როცა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მცირეწლოვნები უვნებლად სწორედ სამგზავრო სავარძლის დახმარებით გადარჩნენ.

სამგზავრო სავარძლის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში ცოტა ხნის წინ „თეგეტა ჰოლდინგიც“ ჩაერთო, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას საკუთარ პრიორიტეტებში წამყვან როლს აკისრებს და ამ მიზნით არაერთი პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „უსაფრთხოება „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა კი კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის ფარგლებშიც არაერთი კამპანია გვქონია. „თეგეტა“ თავისი საქმიანობით მჭიდროდაა დაკავშირებული საგზაო უსაფრთხოების კულტურასთან, ამიტომ ამ თვალსაზრისით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვან კომპონენტად მივიჩნევთ. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კამპანია სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უკავშირდებოდა.

საზოგადოებრივ ორგანიზაცია Your Car Seat-თან თანამშრომლობაც ამ მიდგომის გაგრძელებაა. ეს ორგანიზაცია სპეციალიზებულია ერთი კონკრეტული მიმართულებით -  როგორი უნდა იყოს ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილება საგზაო მოძრაობისას.  ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები სისტემატურად ხვდებიან მშობლებს, რეკომენდაციებს აძლევენ მათ სამგზავრო სავარძლის შერჩევისა და მოხმარების თაობაზე, ამიტომ Your Car Seat-ი ჩვენი პარტნიორი გახდა და ორგანიზაცია Tegeta.care-ზე დაემატა“.

ორგანიზაცია Your Car Seat-ის აღმასრულებელი დირექტორი ლანა გიორგიძე ამბობს, რომ სამგზავრო სავარძლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა გამოწვევები მის აუცილებლობასა და სწორად მოხმარებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს.

ლანა გიორგიძე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ფონდი 2016 წელს გერმანელმა ანდრეას აპელდორნმა, საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დააარსა და გადაწყვიტა, ქართველი ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე ეზრუნა. ანდრეასმა დააარსა ფონდი „ელი“ და 450 ოჯახს საჩუქრად გადასცა სამგზავრო სავარძელი, რათა მათ ბავშვებს უსაფრთხოდ ემგზავრათ. მოგვიანებით მისიამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო და დაარსდა Your Car Seat, რომლის მიზანი სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მშობლების ინფორმირება, ადვოკატირება და მედიაკამპანიების ორგანიზებაა. როცა ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, ძალიან დაბალი იყო იმ მშობლების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც სავარძელს იყენებდნენ. დღეს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი უკვე იყენებს სამგზავრო სავარძელს, თუმცა არა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს სამგზავრო სავარძლის 0-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოყენების მნიშვნელობა.

ხანდახან მშობელი უარს ამბობს სამგზავრო სავარძლის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ ის იდეალურად მართავს მანქანას და უსაფრთხოების დამატებით ზომებს არ საჭიროებს. ეს პრინციპულად მიუღებელი აზრია. სამგზავრო სავარძელი მშობლის მანქანის მართვის უნარს ვერაფრით დააკნინებს, სამაგიეროდ 90 პროცენტით დაიცავს ჩვენს შვილებს სხვადასხვა საგზაო შემთხვევის დროს. ამიტომ არავინ არ უნდა გავრისკოთ“.

არსებობს წესები, რომელსაც Your Car Seat მშობლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზიარებს და რომელთა დაცვაც ავტომობილით მგზავრობისას აუცილებელია:

როგორ შევარჩიოთ სამგზავრო სავარძელი?

0-12 წლის ბავშვების უსაფრთხო მგზავრობა შესაძლებელია მხოლოდ მათთვის სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძლის საშუალებით. სავარძლები წონისა და სიმაღლის მიხედვით ჯგუფებად იყოფა. გადამწყვეტია, სავარძელი შეიძინოთ სანდო მომწოდებლისგან, რათა მან სათანადოდ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო მგზავრობა. სერტიფიცირებულ სამგზავრო სავარძელს გავლილი აქვს სპეციალური შემოწმება - Crash test, რომელიც ადასტურებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ის ეფექტიანად დაიცავს ბავშვს.

ახალშობილისთვის განკუთვნილია კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი (0-13 კგ), რომელიც ემბრიონის ფორმას იმეორებს და ყველა მხრიდან იცავს ბავშვს. თუ ფიქრობთ, რომ სამგზავრო სავარძელს დიდხანს ვერ შეცვლით, გამართლებულია 0-36 კგ-სთვის განკუთვნილი სავარძლის შეძენაც. სამგზავრო სავარძელი ჩვილის პირველივე მგზავრობისას უნდა გამოიყენოთ.

საბავშვო სავარძლის გამოყენების ვადები

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი - სამგზავრო სავარძლებს აქვს გამოყენების ვადა. ეს ვადა, როგორც წესი, 6-9 წლით განისაზღვრება. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ წელსაა გამოშვებული სამგზავრო სავარძელი და რამდენ ხანსაა შესაძლებელი მისი გამოყენება, მითითებული უნდა იყოს სავარძლის ეტიკეტზე.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რეკომენდებული არაა მეორადი სავარძლის შეძენა, სწორედ ისაა, რომ ახალ მფლობელს ხშირად ხელი არ მიუწვდება ინფორმაციაზე, თუ როდის შეიძინეს სავარძელი პირველად, როგორ გამოიყენეს ის. სამგზავრო სავარძელი ვიზუალურად შესაძლოა სრულიად უდეფექტოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ გაცვეთილი იყოს მისი ძირითადი ნაწილები (პლასტმასა, ღვედი, ლითონის ნაწილები). ძლიერი ცვეთა შესაძლოა საგზაო ავარიითაც იყოს გამოწვეული.

გარდა ამისა, თანდათან იცვლება და უმჯობესდება ტექნოლოგიები, წლების წინ დატესტილი სამგზავრო სავარძელი წლების შემდეგ ისეთივე დადებითი შედეგებით ვერ შეფასდება და სხვა. სპეციალისტების რჩევა ასეთია: თუ თქვენ უკვე იყენებთ მეორად სამგზავრო სავარძელს, ყურადღებით შეამოწმეთ თითოეული ნაწილი, გადაამოწმეთ, რა ნაწილები უნდა ჰქონოდა ორიგინალს, ხომ არ აკლია რომელიმე მათგანი, თუ ეს ასეა, სასწრაფოდ შეცვალეთ იგი; თუ არ იცით, როგორ შეამოწმოთ, Your Car Seat გთავაზობთ, გადაუღოთ სამგზავრო სავარძელს ფოტოები და გადაუგზავნოთ ორგანიზაციას, რომელიც შესაბამის კონსულტაციას უსასყიდლოდ გაგიწევთ.

როგორ გამოვიყენოთ სამგზავრო სავარძელი?

სამგზავრო სავარძლის სწორად შერჩევასთან ერთად, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მის სწორად გამოყენებასაც. თუ სავარძელს ავტომობილში სწორად არ ამაგრებთ, ან ღვედებს არ კრავთ, ბავშვი ისევ საფრთხეშია. ბავშვს ღვედები უნდა შეუკრათ ნებისმიერ მანძილზე გადაადგილებისას - არ აქვს მნიშვნელობა, სახლიდან 10 მეტრით დაშორებულ ადგილზე მიდიხართ თუ 100 კილომეტრი გაშორებთ დანიშნულების ადგილს.

ღვედი შეჯახებისას იცავს ბავშვს, რომ ის არ ამოვარდეს სავარძლიდან და არ შეეჯახოს საქარე მინას, ან არ გადავარდეს ფანჯრიდან, არ მიიღოს სხეულის მძიმე დაზიანებები.

უმჯობესია, თუ სავარძელი მანქანაში მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დამაგრდება. ასე მგზავრობა ბავშვისთვის 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თუ სამგზავრო სავარძლის შიდა და ავტომობილის უსაფრთხოების ღვედები დაგრეხილია, მაშინ ის ვერ დაიცავს ბავშვს. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ღვედები გასწორებული იყოს.

არაერთი მცირეწლოვანი ბავშვის მშობელი მიიჩნევს, რომ შვილის უსაფრთხო გადაადგილებას უპრობლემოდ უზრუნველყოფს, თუ მგზავრობისას მას მუხლებზე დაისვამს და მკლავებს ძლიერად შემოხვევს, რაც არასწორია. ძლიერი/მყისიერი დამუხრუჭებისას ბავშვის უსაფრთხოდ ხელში დაჭერის შანსი მინიმუმამდე მცირდება, რაც მოზარდის დაზიანების საშიშროებას ქმნის. გარდა ამისა, ბავშვის, მით უფრო ახალშობილის, სხეული ფორმირების პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირედმა დამუხრუჭებამაც კი შესაძლოა მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას, დაუზიანოს ხერხემალი, თავი და ა.შ.

„თეგეტასა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat-ის პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორისაა შეხვედრა „თეგეტას“ თანაშრომლებთან. ასევე,  საინფორმაციო ვიდეო რგოლის მომზადება, რომელიც საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახვებს სამგზავრო სავარძლის სწორად გამოყენების მნიშვნელობას.

­­__

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ:  უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები