0 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისელები ინოვაციური იდეებით - გაიცანით სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებულები

დღეს ციფრული სერვისების, აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. თანამედროვე ადამიანები ცხოვრებისეული რუტინის გამარტივებაზე მუდმივად ფიქრობენ, თუმცა ნებისმიერ კარგ იდეას, შესაბამისი მხარდაჭერაც სჭირდება. სწორედ ამიტომ თიბისიმ სტარტაპ დეკრეტი წამოიწყო, რომლიც ერთი მხრივ, თანამშრომლების, მეორე მხრივ კი სტარტაპების მხარდაჭერას ემსახურება.

 

თიბისის მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ამიტომ იდეებით სავსე თანამშრომლებს დრო და სივრცე მისცა - მოსინჯონ საკუთარო ძალები სტარტაპში.

 

წელს კიდევ 5 დამწყები სტარტაპერი შეძლებს საკუთარი იდეისთვის დეკრეტული შვებულების აღებას. გამარჯვებული პროექტები ინოვაციურია და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული.

 

·         ყოველდღიური საქმეების აუთსორსი — ონლაინ ასისტენტი, რომელიც წვრილმან საქმეებზე თქვენ ნაცვლად იზრუნებს

რუსკა პაპუნაშვილს და მის მეუღლეს, ლევან კავთიაშვილს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ყოველდღიური წვრილმანებისთვის დრო და ენერგია ნაკლებად რჩებოდათ. ინოვაციური სტარტაპის იდეა კი მაშინ დაიბადა, როცა ლეპტოპი გაუფუჭდათ და საგარანტიო ვადაში შესაკეთებლად მიტანა უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გამო ვერ შეძლეს. თიბისის გუნდის წევრის, რუსკა პაპუნაშვილის თქმით, ამ გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შთააგონა, შეექმნა ისეთი პლატფორმა, რომელიც გადატვირთულ ადამიანებს ყოველდღიური წვრილმანების მოგვარებაში დაეხმარებოდათ.

 

"ჩემი პლატფორმა ყოველდღიური, ისეთი წვრილმანი საქმეების აუთსორსს გულისხმობს, როგორიც ძაღლის გასეირნება, პრეზენტაციის აწყობა, ლეპტოპის საგარანტიოში წაღება, ამაზონის ამანათის გამოტანაა. ეს იქნება ონლაინ ასისტენტების სერვისი, რომელიც იმ წვრილმან საქმეებზე იზრუნებს, რომელთა შესასრულებლად მომხმარებელს დრო ან მოტივაცია არ აქვს", — ამბობს რუსკა და იმასაც აღნიშნავს, რომ ამჟამად სტარტაპზე მომუშავე გუნდი ორი ადამიანისგან შედგება და ბაზრის კვლევის ეტაპის გავლის შემდეგ აპლიკაციის შექმნაზე იზრუნებენ, რაშიც 6-თვიანი დეკრეტული შვებულება დაეხმარება.

 

იგი ფიქრობს, რომ სტარტაპ დეკრეტი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რადგან ინოვაციურ იდეებს განვითარებაში ეხმარება.

 

"სტარტაპ დეკრეტი ინოვაციური იდეების განხორციელებას უწყობს ხელს და ადამიანებს ახალისებს, რომ მეტად მოინდომონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროექტი ტექნოლოგიური სიახლეების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს რუსკა.

 

·         NFC  სავიზიტო ბარათი — Pkey

ჭკვიანი სავიზიტო ბარათის იდეა, რომელიც ქაღალდის ეკომეგობრული და პრაქტიკული ალტერნატივაა, ლევან კობერიძეს ეკუთვნის. Pkey მრავალჯერადი გამოყენების სავიზიტო ბარათია, რომლის დასკანერებაც QR კოდით ან NFC-ით იქნება შესაძლებელი და საქმიანი კონტაქტების შენახვის ბევრად მოსახერხებელი გზა იქნება. ლევან კობერიძის თქმით, აღნიშნული იდეა ქაღალდის სავიზიტო ბარათების გროვას ჩაანაცვლებს და ბევრად პრაქტიკული იქნება, გარდა ამისა, სტარტაპი კოდის დასკანერების ლოკაციას დაიმახსოვრებს და ამით საქმიანი კონტაქტების ერთგვარი ბაზა შეიქმნება.

 

"უამრავი ქაღალდის სავიზიტო ბარათის ნაცვლად ერთი ბარათი გექნება, რომელიც მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციას კი არ შეინახავს, არამედ საქმიანი კონტაქტების ბაზასაც შექმნის. სტარტაპი ამჟამად იდეის დონეზეა და მომდევნო 6 თვეს საიტის შექმნისთვის გამოვიყენებ, რომელზეც მომხმარებელს დარეგისტრირება და სასურველი დიზაინის ბარათის შეკვეთა შეეძლება", — აღნიშნავს ლევანი.

 

ლევან კობერიძის აზრით, თიბისის მაგალითს სხვა კომპანიებმაც უნდა მიბაძონ და თანამშრომლებს იდეების განხორციელების მოტივაცია შეუქმნან.

 

"ჩემი აზრით, ყველა კომპანიამ უნდა მიბაძოს ამ წამოწყებას, რადგან ბევრისგან მსმენია, რომ აქვთ იდეა, თუმცა დროის არქონის გამო ვერ ახერხებენ მათ განვითარებას და მოტივაციაც ეკარგებათ. სრულ გრაფიკზე როცა მუშაობ, დრო აღარ გრჩება იმისთვის, რომ პირად მისწრაფებებზე იზრუნო", — ამბობს ლევან კობერიძე.

 

·         მონაცემთა ანალიზის პლატფორმა, რომელიც მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს საქმეს გაუადვილებს

მონაცემთა ანალიზის პლატფორმა მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს საქმიანობაში დაეხმარება და მონაცემთა ანალიზის სერვისს შესთავაზებს. სერვისი კონკრეტული ბიზნეს მოდელის მიხედვით შეაფასებს რისკებს, იდეის განხორციელების გზებს, სირთულეთა გადალახვის მეთოდებს და მომხმარებლებს ბიზნესიდეის განვითარებაში დაეხმარება. სტარტაპის იდეა გიორგი ბატიაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, მცირე ბიზნესებისთვის მონაცემთა ანალიზის სპეციალისტების დასაქმება გამოწვევაა, რადგან ეს ძვირი ჯდება, თუმცა ბაზარზე არსებობისთვის ანალიტიკა აუცილებელია, ამიტომ ამ სერვისის დანერგვა გადაწყვიტა.

 

"მონაცემთა ანალიზის პლატფორმა ორგანიზაციებს დაეხმარება იმაში, რომ ჰქონდეთ ანალიტიკა, მიუხედავად იმისა, ანალიტიკის მცოდნე სპეციალისტები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნიათ თუ არა. სტარტაპებს და მცირე ბიზნესებს ხშირად არ აქვთ საშუალება რომ ანალიტიკა ჰქონდეთ, რადგან ამ მიმართულებით კადრების აყვანა ძვირი ჯდება. ბაზარზე არსებული პროდუქტები ტექნიკურთან ერთად ბიზნეს ანალიტიკასაც ითხოვს, რაც კონკრეტული ინდუსტრიების მიხედვით უნდა შეფასდეს და ეს იდეა სწორედ კონკრეტული ბიზნეს მოდელის მიხედვით შეაფასებს რისკებს, განხორციელების გზებსა და სხვადასხვა ამოცანის გადაჭრის ხერხებს", — აღნიშნავს გიორგი და იმასაც ამბობს, რომ იდეაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და ამ ეტაპზე ალგორითმების წერის პროცესშია, ასევე სამუშაო პროცესშია UX/UI. მისი აზრით, როცა ახალი იდეის განხორციელებას იწყებ, მყარი გარანტიები გჭირდება, რაც ფინანსური სტაბილურობის გარეშე რთულად წარმოსადგენია და სტარტაპ დეკრეტი სწორედ ასეთი გარანტიაა.

 

"სხვაგან არსად გამიგია დეკრეტის მსგავსი პროექტი, ხშირად ფულზე დიდი პრობლემა დროა. ეს წამოწყება ფინანსური სტაბილურობის შესაძლებლობას და საკუთარ იდეაზე მუშაობის დროსაც გაძლევს. სულ რომ იდეის გჯეროდეს და მის წარმატებაში დარწმუნებული იყო, მყარი გარანტიები გჭირდება და სტარტაპ დეკრეტი სწორედ ასეთი გარანტიაა", — ამბობს გიორგი ბატიაშვილი.

 

GZA — ციფრული პლატფორმა, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვას აადვილებს

 

რევაზ ყუფარაძე, სანამ თიბისის თანამშრომელი გახდებოდა, ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა, რა დროსაც მოგზაურის საჭიროებებზე ბევრი რამ გაიგო. მოგზაურის ციფრული კომპანიონის იდეაც ამ დროს დაებადა, თუმცა პანდემიამ სტარტაპის წამოწყებაში ხელი შეუშალა, მოგზაურობის განახლებასთან ერთად კი მეგობრებმა იდეის გაცოცხლება დაიწყეს. სტარტაპზე ამჟამად სამი ადამიანი მუშაობს, რევაზ ყუფარაძე, ბექა ყაზაიშვილი — გამოცდილი ფინანსური ანალიტიკოსი და თიკო გოგუაძე, რომელსაც ტურისტულ სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

 

მოგზაურის ციფრული კომპანიონი აქამდე არ არსებობდა, ამიტომ მეგობრებმა ამ საქმის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტეს და ინოვაციური სტარტაპის შექმნაზე იზრუნეს. რევაზ ყუფარაძემ პლატფორმის მუშაობის სპეციფიკა აგვიხსნა და განმარტა, რომ ციფრული ასისტენტი მოგზაურობის დაგეგმვის მოსაწყენ მხარეზე იზრუნებს.

 

"მოგზაურობის დაწყებამდე გვიწევს შევისწავლოთ კონკრეტული ქვეყნის რეგულაციები; მოვამზადოთ დოკუმენტები და შეცდომის დაშვების გარეშე შევავსოთ აპლიკაცია, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას და გამოცდილებას მოითხოვს. GZA არის პირველი ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს წინა-სამოგზაურო პროცესის მოსაწყენ მხარეს. გუნდის ორი წევრი ვცხოვრობთ საზღვარგარეთ. მე ლონდონში, ბექა კი —მადრიდში. ემიგრაციის პროცესში თავად გავხდით GZA-ს მომხმარებლები, რადგან მოგვიწია რამდენიმე ქვეყნის სამოგზაურო რეგულაციებთან შეჭიდება და ძალიან ბევრი დოკუმენტის მომზადება. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა ჩვენი პროდუქტის საჭიროება", — აღნიშნავს რევაზი.

 

პლატფორმა სამი ძირითადი ფუნქციონალისგან შედგება:

 

●        ციფრული ბიბლიოთეკა — რომელიც თავს უყრის სამოგზაურო რეგულაციებს;

●        მოგზაურის დოკუმენტების არქივი — გეხმარებათ ერთ სივრცეში გააერთიანოთ ყველა სამოგზაურო დოკუმენტი;

●        ვიზების და კოვიდ ფორმების შევსების ავტომატიზაცია და კონსულტაცია.

 

რევაზის თქმით, ამ ეტაპზე უკვე შეგროვებული აქვთ ყველა მოთხოვნადი ქვეყნის სამოგზაურო და სავიზო ინფორმაცია და ფეისბუქჯგუფის დახმარებით მოგზაურებსაც ეხმარებიან.

 

"ამ ეტაპზე თავი მოვუყარეთ ყველა მოთხოვნადი ქვეყნის სამოგზაურო და სავიზო ინფორმაციას და შევქმენით ფეისბუქჯგუფი ვიზა, სადაც 7000 ზე მეტ ადამიანს ვეხმარებით წინა სამოგზაურო პროცესის დაგეგმვაში. შემდეგი ნაბიჯია ინფორმაციის გაცემის ავტომატიზაცია რომელსაც ჩეთ-ბოტის დახმარებით შევძლებთ, პარალელურად კი დავიწყებთ ციფრული მოგზაურის პროფილის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში მიღებული უკუკავშირით პრობლემის უფრო ღრმა ანალიზი შევძელით და იდეის პრეზენტაციის ფორმაც დავხვეწეთ", — გვეუბნება რევაზ ყუფარაძე.

 

რევაზი იმასაც აღნიშნავს, რომ სტარტაპი პირველ 6 თვეში მოითხოვს განსაკუთრებულ დროსა და ყურადღებას. სტარტაპ დეკრეტი კი ის უნიკალური შესაძლებლობა იყო, რომელმაც იდეაზე სრული დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა მისცათ.

 

სტარტაპ დეკრეტი თიბისელებს აქ, ახლა საშუალებას აძლევს, დაწერონ ბიზნეს იდეა, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვონ და წამოიწყონ საქმე, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები