1 7 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კალათბურთის ფედერაციის მიერ გადახდილი მილიონები ქართველი სპორტსმენების მომზადებას არ ხმარდება

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 2 500 000 ევროს ღირებულების პროექტი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. კონტრაქტის საეჭვო დეტალებზე სპორტის მესვეურებიც ალაპარაკდნენ.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის დროს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციას“ (GBF), „ფონდ 5+11“ და „სასკო ბასკონია S.A.D“ შორის 2014 წლის 27 სექტემბერს 5 წლიანი ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტის მიხედვით, ესპანელ მწვრთნელებს კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის 16-დან 20 წლამდე მოთამაშეები უნდა მოემზადებინათ. საქართველოს ბიუჯეტს პროექტის განხორციელება 2 500 000 ევრო უჯდება.

კალათბურთის ფედერაციის მიერ 2015 წლის 2 თებერვალს მინისტრისადმი, ლევან ყიფიანისადმი მიწერილ წერილში წერია: „ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მიმართული იქნება მხოლოდ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის კალათბურთელებად ჩამოყალიბების მიზნებისთვის“.

2 წლის განმავლობაში, კონტრაქტის ფარგლებში, არც ერთი ქართველი კალათბურთელი არ მომზადებულა. როგორც გაირკვა, „სასკი ბასკონიის“ ბაბაზე ამ ხნის განმავლობაში ერთი ქართველი კალათბურთელი, ლუკა ბულეიშვილი ვარჯიშობდა, რომლის მომზადების საფასურიც (17 000 ევრო) ოჯახმა გადაიხადა. ცალკე საკითხია, როგორ აღმოჩნდა ლუკა ბულეიშვილი ფედერაციის კონტრაქტით გათვალისწინებული გრანტით დაფინანსებულთა სიაში, როცა ყველა ხარჯი კალათბურთელის ოჯახმა აანაზღაურა.

კალათბურთის ფედერაციამ ამჟამინდელ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს პროექტის მიმდინარეობის ანალიზი გაუგზავნა.  დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ ეტაპზე გრანტის მქონე მოთამაშეებიდან 9 უცხოელია და სამი ქართველი.  ქართველებს შორის არის ლუკა ბულიაშვილიც.

ანალიზის გრაფაში: მოთამაშეები რომლებსაც აქვთ გრანტი ჩვენი ხელშეკრულებით სიტყვასიტყვით ვკითხულობთ:

დანიელ ბორდინინო, კარლოს მარტინესი, ტადას ხედერკაკისი, რინალდს მალმანისი, პილლიპ პრეტრუსევი, ჯურიჯ მაკურა, არტურ კურუჩი, დავიდ პეტრუსევი, დევონ ვან ოსტრუმი; 
ქართველი მოთამაშეები ჩვენი ხელშეკრულებით: ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე, ნიკა დარბაიძე.

გიორგი ტურძელაძეს და ანიკა დარბაიძეს მომზადება არ გაუვლიათ და ისისნი მოკლე დროში საქართველოში დაბრუნდნენ. ირკვევა, რომ ფედერაციის გრანტით არც ერთი ქართველი კალათბურთელი არ დაფინანსებულა. 2 წლის განმავლობაში უცხოური კლუბისთვის გადარიცხული ასიათასობით ევრო ჯერჯერობით 9 უცხოელი კალათბურთელის მომზადებას მოხმარდა.

კალათბურთის ფედერაციის მიერ მინისტრისადმი მიწერილ წერილში დადებული პირობა, რომ „ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მიმართული იქნება მხოლოდ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის კალათბურთელებად ჩამოყალიბების მიზნებისთვის“ ტყუილი აღმოჩნდა.

ასევე, ტყუილი აღმოჩნდა კიდევ ერთი პირობა, რომელიც ხსენებულ წერილშია დაფიქსირებული: „პროექტით გათვალისწინებულია ქართველი მწვრთნელების გადამზადება და ახალი მწვრთნელებისთვის პერსპექტივების შექმნა, რათა მათ შეძლონ აიმაღლონ კვალიფიკაცია „სასკი ბასკონიის“ სამწვრთნელო ჯგუფთან მუშაობის გზით, მოხდეს მათი ჩართვა კლუბის საწვრთნელ სტრუქტურებში და შემდეგში საქართველოში გაუზიარონ კოლეგებს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება“.

2 წლია განმავლობაში „სასკი ბასკონიის“ ბაზაზე არც ერთი ქართველი მწვრთნელი არ ყოფილა და შესაბამისად არც კლუბის საწვრთნელ სტრუქტურაში ჩართულა ვინმე და არც ქართველი კოლეგებისთვის გაუზიარებია გამოცდილება.

რაში დაიხარჯა 2 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონობით ლარი, კალათბურთის ფედერაცია ვერ აკონკრეტებს. ხელშეკრულების მიხედვით, თითო ქართველი სპორტსმენის მომზადებაში უცხოური კლუბი 30 000 ევროს იღებს. თანხა გადახდილია - საქმე კი არ ჩანს, პროექტის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში არც ერთ ქართველ სპორტსმენს მომზადება არ გაუვლია.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები