2 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ილია გოცაძე: საქართველოში სამედიცინო პრობლემები, რომლებიც კლინიცისტებს ესმით, მაგრამ არ ესმით ეკონომისტებს

თბილისის სამი მსხვილი საავადმყოფოს რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, დასასრულს მიუახლოვდა. ბოლო ეტაპზე გასულია ავსტრიული „ალფამედიკი“, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი, FESP-ი.

როგორც აღვნიშნეთ, ეს ტენდერი შეეხება თბილისის სამ კლინიკას: რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, ყოფილი ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო.

პროექტის მოსალოდნელი შედეგებისა და ზოგადად, არსებული პრობლემების შესახებ ვესაუბრეთ უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ქირურგ-ონკოლოგს, მედიცინის დოქტორს, ილია გოცაძეს.

მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული იყო ტენდერი სამ საავადმყოფოზე და მათგან ერთ-ერთი უნივერსალური სამედიცინო ცენტრია. თქვენ, როგორც ამ ცენტრის წარმომადგენელს, რა მოლოდინები გაქვთ?

-  ნებისმიერ ცვლილებას იმედიანად ველოდები. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და პაციენტამდე სამედიცინო მომსახურების მიწოდების ალგორითმი ბოლო წლების განმავლობაში  ძალიან შეიცვალა. მედიცინა გახდა დეცენტრალიზებული და 95% გადასულია კერძო რელსებზე. ჩვენ შეგვიძლია, ბევრი ვიკამათოთ იმაზე, რამდენად სწორი და პრაგმატული იყო განხორციელებული რეფორმები.

ნებისმიერ ცვლილებას და რეფორმირებას აქვს კონკრეტული საფუძველი. სამი მსხვილი მრავალსაწოლიანი და მრავალპროფილური კლინიკის განვითარება და ამუშავება საქართველოსთვის მართლაც დიდი პროექტია. ჩემი აზრით,  იგი დაფუძნებულია დღევანდელი სიტუაციის კრიტიკულ ანალიზსა და მომავალი განვითარების პოტენციაზე.

სახემწიფომ რამდენიმე წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანდაცვის შემოღებაზე. ეს პროგრამა პოპულარულია და ამით საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა სარგებლობს. დღევანდელ რეალობაში სახელმწიფოს როლი პაციენტების მკურნალობაში, ძირითადად,  შემოფარგლულია პაციენტის დაფინანსებით. პაციენტი თვითონ ირჩევს შესაბამის დაწესებულებას და ექიმს. ჩემის აზრით, დიდი რეფერალური კლინიკების ამუშავებით სახემწიფო 2 სტრატეგიულ რამეს გეგმავს: პირველი - უფრო ღრმად ჩაერთოს პაციენტების მკურნალობის მენეჯმენტში, ანუ უფრო პრაგმატული გახადოს ჯანდაცვის სისტემის ფინანსური მართვა და მეორე - გააუმჯობესოს მოქალაქეებისათვის სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხი.

პოტენციურად ამ სამი დაწესებულების განვითარება მნიშვნელოვნად შეცვლის სამედიცინო ბაზარს და გაამწვავებს კონკურენციას. ჩემი აზრით, პაციენტი მოგებული დარჩება, რადგან  უფრო დიდი არჩევანი ექნება. ასევე, სახელმწიფომ შეიძლება განავითაროს ახალი სერვისები და მკურნალობის მეთოდები, რომლებიც არ არის რენტაბელური კერძო კლინიკებისათვის.  

ამ ცვლილებებს აღვიქვამ, როგორც დაწყებული რეფორმების შემდეგ ნაბიჯს, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ წარმატებული იყოს. მე პირადად, არ ვარ პროექტის უშუალო მონაწილე და შემიძლია, მხოლოდ ჩემი აზრი გაგიზიაროთ.

რა პრობლემებია დღეს თქვენს სფეროში, რომელთა მოგვარებასაც ეს პროექტი შეძლებს? პირველი კითხვის პასუხად, ძირითადად ,ისაუბრეთ, რას მოუტანს პროექტი პაციენტებს, მაგრამ რა შეიცვლება ექიმებისათვის?

-  მე ვარ ონკოლოგი-ქირურგი და შემიძლია ვილაპარაკო, რა პრობლემებს ვხედავ ჩემს დარგში.ისეთ მსხვილ დაწესებულებაში, როგორიც უნივერსალური სამედიცინო ცენტრია,  ონკოლოგიური სამსახური უნდა იყოს ერთ-ერთი წამყვანი დარგი. ეს არ არის საკითხი მარტო სამედიცინო სფეროდან. ონკოლოგია ეს არის დიდი სოციალური პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ ავადმყოფთა რიცხვი დღითიდღე მატულობს.ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, პირველად გამოვლენილი პაციენტების რიცხვი 7000-დან 10000-დე გაიზარდა.პროცენტულად ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც 50%-იანი მატება იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა. ეჭვი არ მეპარება, ისეთ სოციალურ საკითხებში, როგორიც ონკოლოგია გახლავთ, სახელმწიფომ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს.

რეალობა არის ძალიან მძიმე. პაციენტების, დაახლოებით, 75%  მაშინ მიმართავს ექიმს, როცა მედიცინა უკვე უძლურია.სიკვდილიანობა კი არ იკლებს, პირიქით, მატულობს. ეს ორი ფაქტიც მეტყველებს, რომ დღევანდელი სიტუაცია არ არის დამაკმაყოფილებელი და საჭიროებს სასწრაფო გადახედვას და კრიტიკულ ანალიზს.

დღეს სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა კერძოა და ყველა კერძო დაწესებულება, რა თქმა უნდა, მუშაობს მოგებაზე. ეს ბიზნესის კანონია. ამ სისტემაში პროფესიონალ ექიმს შესაძლოა მეტი შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ, ზოგჯერ, ძალიან უჭირს განვითარება და ახალი მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვა, თუ ის არ იძლევა ფინანსურ მოგებას.

ონკოლოგიური ცენტრის (უნივერსალური სამედიცინო ცენტრის) კედლებში გაკეთებულია და ახლაც კეთდება რთული ოპერაციები, ზოგი ექსკლუზიურიც, მაგრამ ახლანდელ პირობებში ფინანსურად ისინი მომგებიანი არ არის და სამწუხაროდ, აზარალებენ კლინიკას.რა თქმა უნდა, ეს ქმნის დიდ პრობლემას. ვიმედოვნებ, რომ რთული დარგების სპეციალისტებს სახემწიფო დაწესებულებაში მეტი საშუალება და თავისუფლება ექნებათ მსგავსი პაციენტების მკურნალობისათვის, როგორც ეს მსოფლიოს რეფერალურ ჰოსპიტალებში ხდება. ასევე, იმედი მაქვს, რომ ეს მსხვილი კლინიკები ჩვენს ქვეყანაში დანერგავენ თანამედროვე ძვირადღირებულ ტექნოლოგიებს.სახელმწიფოს ჩართვა კლინიკურ სამედიცინო საქმიანობაში ბიძგს მისცემს,  გამკაცრდეს არამარტო ფინანსური, არამედ, სამედიცინო ხარისხის კონტროლი, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან რეფორმირებას.

მსხვილი სახემწიფო კლინიკები მთელ მსოფლიოში კურნავენ რთულ პაციენტებს. ასეთ დიდ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაიზარდოს, ასევე, მომავალი ექიმების თაობაც. ვიმედოვნებ, რომ გათვალისწინებული იქნება ჩვენი რეალობა. ძალიან ბევრ პაციენტს სჭირდება ექსკლუზიური და ძვირადღირებული მკურნალობა, ბევრ ექიმს კი - პოტენციალის რეალიზება, რაც ზოგ დარგში და სპეციალობების გარკვეულ ნაწილში, შეუძლებელია კერძო მედიცინის პირობებში.

ბევრი პაციენტი მიდის უცხოეთში სამკურნალოდ, თუნდაც ონკოლოგიური ავადმყოფები. შეიძლება ითქვას, ამის გამო ყოველწლიურად მილიონობით ლარი გაედინება ქვეყნიდან. ჩვენ სამივე საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ, ვისაც შეეხებოდა ეს ტენდერი. მათ გვითხრეს, რომ პროექტის მხედვით, იმდენად მაღალტექნოლოგიური და მაღალკვალიფიციური საავადმყოფოები შეიქმნება, რომ გაჩნდება დიდი შანსი, ეს პაციენტები დარჩნენ და ადგილობრივად მიიღონ სამედიცინო მომსახურება. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?

-  მე გახლავართ სამინისტროს ექსპერტი, რომელიც პაციენტებს უშვებს საზღვარგარეთ და ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტებს.პაციენტი უნდა მოვიდეს ჯერ ჩემთან და მე უნდა შევაფასო, არის თუ არა მსგავსი მკურნალობის მეთოდი საქართველოში და თუ არ არსებობს, მაშინ სახელმწიფო ეხმარება პაციენტს საზღვარგარეთ წასვლაში. საქმე ის არის, რომ მკურნალობის მეთოდების 80-90%, რომელიც მსოფლიოში არსებობს, არის ჩვენთანაც. არსებობს ძალიან კარგი აპარატურა და ბევრი წამალი ჩვენც გვაქვს. კერძო კლინიკებს შორის კონკურენციამ კი განაპირობა ის, რომ  არამარტო დედაქალაქში, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, რეგიონებშიც შესანიშნავი სამედიცინო აპარატურა დგას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ მიდიან არა აპარატურის გამო, არამედ, მათ ეჭვი ეპარებათ, რომ მიიღებენ შესაბამისი ხარისხის მკურნალობას. ბევრ ქართულ კლინიკაში უკეთესი დანადგარიც კი უდგათ, ვიდრე თუნდაც რუსეთის, უკრაინის თუ თურქეთის კლინიკებში.

დანადგარი თავისთავად კარგია, მაგრამ მასზე მუშაობს სპეციალისტი. ხოლო სპეციალისტი, დღევანდელ საქართველოში, მოტივირებულია გააკეთოს რაც შეიძლება მეტი ფული. როდესაც არ კონტროლდება მომსახურების ხარისხი, სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი მოქალაქე მიდის სხვა ქვეყანაში. პაციენტს სჯერა, რომ თურქეთში იმაზე უკეთ გაუკეთებენ საქმეს, ვიდრე საქართველოში. საზღვარგარეთ მკურნალობა ძალიან ძვირია. სამწუხაროა, რომ  ხშირად  ჩვენი მოქალაქეები ხდებიან სერიოზული აფერული სქემის მსხვერპლი, რადგან სხვა სახელმწიფოში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მათ კანონი არ იცავს. ხშირად პაციენტები მიდიან და 10-15 ათას დოლარს იხდიან მხოლოდ დიაგნოსტიკაში, რადგან თურქული კლინიკები არ აღიარებენ ჩვენს გამოკვლევებს.შემდეგ უკვე, მკურნალობისთვის ფული აღარ ჰყოფნით.

საქართველოშიც არის რამდენიმე დარგი, იგივე ონკოლოგია, სადაც სწრაფი განვითარება აუცილებელი და საჭიროა. ახალ პროექტში ასახული უნდა იყოს ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაცია. ვიმედოვნებ, რომ განახლებულ საავადმყოფოში გათვალისწინებული იქნება სამედიცინო მხარე, რომელიც კაპიტალიზმის პირობეში, ხშირად უკანა პლანზეა გადაწეული.  არის სამედიცინო პრობლემები, რომლებიც კლინიცისტებს ესმით, მაგრამ არ ესმით ეკონომისტებს. ექიმი მომართული უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და ფინანსურად არ უნდა იყოს კრიტიკულად შეზღუდული. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის და არა ბიზნესმენისთვის,ფინანსური მართვა მაშინ არის ხელსაყრელი, როდესაც შემიძლია პროფესიულად, თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, ვუმკურნალო პაციენტს და ბოლომდე შევასრულო ჩემი მოვალეობა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის სამედიცინო პროექტები, სადაც სახელმწიფო იქნება ჩართული, ორიენტირებული იქნება სიცოცხლის მნიშვნელობის სერვისების განვითარებაზე. პრაქტიკულად, ეს ბევრი პაციენტისათვის ბოლო ინსტანციად უნდა იქცეს, სადაც უმაღლესი დონის სამედიცინო ხარისხი დახვდება.როცა პაციენტი შეხედავს, რომ მისი გადარჩენისათვის არ არის საჭირო სხვაგან წასვლა, ის რა თქმა უნდა, სახლში დარჩება და საკუთარ სახსრებსაც საქართველოში დატოვებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები