0 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ასე მოხიბლა სანდრო მიკუჩაძემ თამუნა მუსერიძის დედა

ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ ცნობილ და საყვარელ – თამუნა მუსერიძესა და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის წყვილს ერთად ყოფნის ერთი წელი შეუსრულდა. იუბილეს ბევრი სასიამოვნო სიახლე დაამთხვიეს – პირველია ნიშნობა, რომელიც სულ ცოტა ხანში ქორწინებით დაგვირგვინდება. მანამდე კი, წინ ეგვიპტური არდადეგები და ორიგინალური ტატუებია, რომლებიც ცალ-ცალკე დაუსრულებელ შთაბეჭდილებას გიტოვებს და მხოლოდ ერთად წარმოადგენს მთლიანობას, ისევე, როგორც თავად თამუნა და სანდრო.

 – უკვე ერთი წელია, რაც ერთად ხართ... 
თამუნა: ცოტა მეტი – 19 ნოემბერს ერთი წელი და ერთი თვე შეგვისრულდება.
სანდრო: 27-ში.
თამუნა: მე 19-დან, ანუ ჩვენი გაცნობის დღიდან ვითვლი, სანდრო კი ურთიერთობის დასაწყისიდან (იცინის).
– აღნიშნეთ ერთი წლის იუბილე?
– განსაკუთრებულად არ აღგვინიშნავს, იმიტომ რომ,  სხვა რამის აღსანიშნავად ვემზადებით.
სანდრო:  დაქორწინებას ვაპირებთ მხოლოდ შინაურების წრეში. შეიძლება, მხოლოდ ჩვენ და მეჯვარეები ვიყოთ. ზუსტი თარიღი ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი. შეიძლება, ხვალაც ავდგეთ და სპონტანურად დავქორწინდეთ. 
თამუნა: დეტალებში ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. მხოლოდ ის ვიცით, რომ გვეყოლება სამ-სამი მეჯვარე და ჩვენი ქორწილი იქნება არატრადიციული. მეზიზღება ქორწილში ისეთ სანათესაოს რომ ეპატიჟებიან, მანამდე თვალითაც რომ არ უნახავთ.
– ტატუს გაკეთებაც იუბილის ერთგვარი აღნიშვნა იყო?!
– ტატუ ორივეს ძალიან გვინდოდა და დიდხანს ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა. სიზმარში ვნახე, რაც უნდა დაგვეხატა და წავედით ჩვენს „ტატუიროვშიკთან“ – დუჩისთან. მან რამდენიმე ვარიანტი გვიჩვენა და ჩვენ ეს ავირჩიეთ. სანდროს ახატია თა- და მთვარე ანუ, „თამუნ“ და მე – მზე და -დრო ანუ, „სანდრო“. ჩვენი ტატუები ცალ-ცალკე დაუსრულებელს ჰგავს, მხოლოდ შეერთებულია ერთი მთლიანობა, ისევე, როგორც ჩვენ. 
– ამ ყველაფრის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში თქვენი დაშორების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ვინ გიგორებთ ასეთ ჭორებს?
– არ ვიცი, ვისგან გავრცელდა ეს ჭორი. ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა, მართალიაო? ამ დროს მე სამსახურში ვიყავი, სანდრო – გადაღებაზე. დავურეკე და ვკითხე, დამშორდი და მერლინ მონროსავით მაგებინებ-მეთქი? (იცინის) როცა მერლინ მონრო ერთ-ერთმა ქმარმა სცემა, რომელიც სპორტსმენი იყო, მერლინი ადგა, ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ქმარმა ეთერის საშუალებით გაიგო, რომ მონრო დაშორდა. შენც ასე აკეთებ-მეთქი, ვკითხე სანდროს და არაო (იცინის).
სანდრო: ვიცი, რომ თამუნას უამრავ ჭორს უგორებენ და აღარ იციან, საიდან შეუტიონ. ამიტომ, ეს რომ მითხრა, არც დავინტერესებულვარ, ვინ გაავრცელა ინფორმაცია. 
– როგორი იყო ერთად ყოფნის ერთი წელი?
თამუნა: ეს წელი იყო ძალიან დატვირთული, ემოციური და მრავალფეროვანი. ბევრი კარგი რამ მოხდა და ცოტა ცუდიც. რამდენიმე ჩხუბიც გვქონდა, რაც ჩვენს მეგობრებს უკვირთ. ჰგონიათ, რომ მე და სანდრო საერთოდ არ ვჩხუბობთ. მაგრამ, თუ ვჩხუბობთ, ისე ვჩხუბობთ, რომ ის რამდენიმეც გვყოფნის. ამ პერიოდის განმავლობაში სულ სამჯერ ვიჩხუბეთ. სხვათა შორის, სამივეჯერ ამის ბრალი იყო (იცინის). ეს ჩვენც გვახსოვს და მთელ ქუჩასაც. მე თუ რამეზე ძალიან გავბრაზდი, იქაურობას უნდა გავეცალო. სანდროს არ ესმის, რომ როცა გაცეცხლებული ვარ, თავი უნდა დამანებოს. ჰოდა, ამას მოჰყვება ხოლმე მთელი ამბები. თუმცა, ეგრევე ვრიგდებით.
– ის დღე გაიხსენეთ, როცა ერთმანეთს სიყვარულში პირველად გამოუტყდით.
– იმ დღეს სანდრო ძალიან ნასვამი იყო. ჩემთან სახლში ვიყავით და ძირს, იატაკზე ვისხედით. გარშემო სანთლები ენთო და მაშინ მითხრა, მიყვარხარო. მაგრამ, რომ გამოფხიზლდა, ვითომ აღარაფერი ახსოვდა.
სანდრო: არა, ეს დღე თავიდან ბოლომდე მახსოვს, მაგრამ მთავარია, რომ იგივეს ყოველდღე ვეუბნებით ერთმანეთს. ეს გრძნობა თანდათან უფრო და უფრო გვიმძაფრდება.
– თქვენ შორის რომელი უფრო რომანტიკულია, რომელი ანებივრებს მეორეს სიურპრიზებით?
– ორივე ძალიან რომანტიკულები ვართ და ერთმანეთს ყოველდღიურად ვახალისებთ. მე შემიძლია, მისთვის ნებისმიერი ნივთი საჩუქრად ვაქციო. ისე, რომ ჰკითხო, ერთხელ ძალით მაყიდინა ყვავილი.
თამუნა: ძალით გაყიდინე. სიყვარულის დღე იყო და ყვავილები არ მაჩუქა. ავდექი და აქეთ მე მოვუტანე. მერე წავიყვანე და ძალით ვაყიდინე (იცინიან). ჩვენი დაბადების დღეებიც გამორჩეულია. სანდრომ არ იცოდა, რომ დიდ სიურპრიზს ვუმზადებდი. მე, მისი ძმაკაცი და ჩემი დაქალი ერთი თვე ვგეგმავდით და ვემზადებოდით ამ დღისთვის. იმ დღეს ვუთხარი, კონცერტი მიმყავს და გეხვეწები, წამომყევი-მეთქი. შევედით და დაგვხვდა 120 კაცი. მე და ზაზა ნოზაძემ სიმღერა ჩავუწერეთ და ამ დღეს მივუძღვენით. თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, მაგრამ მერე მოერგო სიტუაციას. რაც შეეხება ჩემს დაბადების დღეს. ეს დღე რომ დგებოდა, სანდრო იმ საღამოს გაქრა. ამის ძმაკაცები მირეკავენ და მეკითხებიან, სანდრო სად არის, ვურეკავთ და გამორთული აქვს ტელეფონიო. ხომ ხვდებით, როგორ ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას?! (იცინის) ერთადერთი იმედი მქონდა, რომ სიურპრიზს მიკეთებდა და ასე ამიტომ მოიქცა. მოვედით სახლში და მართლაც, გარეთ დამხვდა ფოიერვერკები, კიბეზე სურათები, ჩემი მეგობრები ტორტით და გრამაფონი, რომელიც მართლა ძალიან მინდოდა. 
სანდრო: ამან მე ისეთი რაღაც გამიკეთა,  თბილისელი კაცი, თუ ოდნავ მაინც ადამიანად მიიჩნევს თავს, წესით და რიგით, თავიდან ბოლომდე ყველაფერი უნდა მოსპოს იმის გამო, რომ ეს აუნაზღაუროს თამუნას. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არ მომეცა საშუალება და იმედი მაქვს, ცოტა ხანში შევძლებ მისთვის სამაგიეროს გადახდას.  
– რას გულისხმობ?
– ეს დიდი თემაა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, ძალიან ბევრი რამ თამუნამ აბსოლუტურად სხვა კუთხით დამანახვა. ჩემთვის მნიშვნელოვან ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ჩემ გვერდითაა, თუნდაც ეს ნაბიჯი სხვისთვის უაზრობა ჩანდეს. თამუნა გვერდში მიდგას და მხარს მიჭერს, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ, ისევე, როგორც ჩვენი ტატუები და მისი შექმნის იდეაც აქედან წამოვიდა. 
თამუნა: ბევრი ახლობელი ფიქრობს, რომ სანდროს ან ჩემ გვერდით ის რომ იყოს, ყველაფერი ისევე იქნებოდა, როგორც ჩვენი ერთად ყოფნისას, მაგრამ სინამდვილეში, ასე არაა. როცა ჩვენ გვერდით სხვა ადამიანები იყვნენ, ყველაფერი სხვაგვარად იყო. ანუ, ერთმანეთისთვის სიცარიელის ამოვსება მხოლოდ ჩვენ შევძელით. 
– წარსული წარუმატებელი ქორწინებების შემდეგ, ახალი ურთიერთობის დაწყება რთული იყო?
– არ იყო რთული, რადგან სანამ ცუდს არ ნახავ, ვერ მიხვდები, რა არის კარგი. ოჯახის დანგრევის შემდეგ, ბევრი ქალი თავს მთელი ცხოვრება უბედურად გრძნობს და ალბათ, მეც ასე ვიქნებოდი, რომ არა სანდრო. ანუ, წარსული ტკივილის დასავიწყებლად, შესაბამისი ადამიანის პოვნაა საჭირო. 
– ცოლ-ქმარი ხართ, თუმცა, ოფიციალურად დაქორწინებულები არ ხართ...
სანდრო: უკვე დანიშნულები ვართ. დაახლოებით ორი კვირის წინ, ერთ-ერთი სეირნობისას, აბსოლუტურად სპონტანურად, ბეჭდები ვიყიდეთ და დავინიშნეთ, ოღონდ ეს აქამდე საჯაროდ არ გვითქვამს. 
თამუნა: მერე მოვიდა დედაჩემთან და უთხრა, შენი შვილი გათხოვდაო. დედაჩემმა, როდისო? და აი, გუშინო. დედას არ გაჰკვირვებია. შეჩვეულია ასეთებს და ააა, კარგიო (იცინიან). დედაჩემი კარგად იცნობს სანდროს და ძალიან მოსწონს. 
– მისი გაცნობაც საკმაოდ ორიგინალურად მოახერხა, არა?
– დედაჩემის გაცნობა სუპერამბავია. მისი დაბადების დღე იყო, თუმცა არ იხდიდა. მე დაქალები დავუპატიჟე, სუფრა გავუშალე და სანდროს ბაბუის დაბადების დღეზე წავედი, რომელიც ასევე, იმ დღესაა. მას ქუთაისში ჰქონდა სპექტაკლი და ეს დღე იქ აღნიშნა. მოგვიანებით, უკვე სახლში ვიყავი, სანდრომ რომ დამირეკა და მითხრა, კარი გააღეო, არადა, საერთოდ არ აპირებდა ჩემთან ამოსვლას. ვაღებ კარს და ვხედავ სანდროს, რომელიც პერანგში, პიჯაკსა და ჰალსტუხშია გამოწყობილი და ხელში ყვავილები უჭირავს. თავიდან ვერ მიხვდა, რომელი იყო დედაჩემი და დაბნეული იდგა. დედაჩემიც გაოგნებული იყო (იცინის).
სანდრო: ლამაზი ქალბატონების შეკრებას, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, მიჩვეული ვარ, მაგრამ თამუნასთან რომ შევედი, ყველა ისეთი ლამაზი იყო, დედამისის ძებნა აღარ დამიწყია, მაგრამ მზერაზე მივხვდი, რომელი იყო. ისიც ჩემსავით დაბნეული იდგა (იცინის).
თამუნა: იცის, როგორ უნდა მოახდინოს ქალბატონებზე შთაბეჭდილება და ეს დედაჩემის შემთხვევაშიც კარგად გამოუვიდა (იცინის). 
– შენ როგორ გაიცანი სანდროს ოჯახი?
სანდრო: ჩემთან არ ამოდიოდა და ძალით ამოვიყვანე (იცინის). ერთხელ, მანქანით მომიყვანა და სახლში წამოდი-მეთქი, რომ ვუთხარი, სად სახლშიო... სახლში ხარ-მეთქი და ცოტა ძალდატანებით ამოვიყვანე. ოჯახის წევრები იმ დღეს არ გაუცვნია, ჯერ კერა გავაცანი და მეორე დღეს გაიცნო ჩემები. ისინი ძალიან დიდ პატივს სცემენ, რადგან იციან როგორი ოჯახის შვილი, შრომისმოყვარე და კარგი ადამიანია.  
– ერთმანეთის შვილები როგორ გაიცანით?
თამუნა: ეს დროთა განმავლობაში თავისთავად მოხდა. ოთხივე ერთად შევიკრიბეთ და წავედით „მადაგასკარში“, შემდეგ კი – „მაკდონალდსში“ და ბავშვებმა ასე გაიცნეს ერთმანეთი. 
– შვილსაც და მეუღლესაც რომ სანდრო ჰქვია, რა ხდება, როცა ერთ-ერთს ეძახი?
– ორივე მორბის (იცინის).
სანდრო: გაქცევა არ გვჭირდება, იმიტომ რომ, თუ ერთად ვართ, სანდრო გვერდიდან არ მშორდება. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. 
– ბოლოს მითხარით, მაინც როდისთვის გეგმავთ დაქორწინებას?
თამუნა: იცი, რა. ცალკე ვაპირებთ საცხოვრებლად გადასვლას და ამას, ალბათ, დაქორწინებამდე მოვახერხებთ. მაგრამ, რაც შეეხება ქორწილს, მე საერთოდ მეზიზღება ზამთარი და სიცივე. ამიტომ, ახლა შუბებით შრიალი არ შემიძლია. შესაბამისად, მაშინ დავქორწინდებით, როცა დათბება. თუმცა, მეგობარი საგზურს გვჩუქნის და დაქორწინებამდე, თებერვალში, ეგვიპტეში გავემგზავრებით.

http://tbiliselebi.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები