მსოფლიო
ღვინო სიმსივნის წინააღმდეგ ?!-რატომ უნდა შევურიოთ წითელი ღვინო სასმელ წყალს
2015-11-18 23:46:14
ღვინის ზომიერად და გონივრულად მოხმარება სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ჯერ კიდევ პლატონი წერდა: „ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ; 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ; 40 წლის ზემოთ კი უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს შესვან”. 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია ღვინით მკურნალობა. ფრანგ ექიმებს ის თამამად შეჰყავთ ვენაში, კუნთებსა და ფილტვების ჩირქოვან კერებში. ხშირად გამიგია მოხუცებისგან – ერთი ჭიქა ღვინო ძალას მმატებსო. საქართველო ვაზის ქვეყანაა. რა დადებითი თვისებები აქვს ღვინოს და რა რაოდენობით უნდა მიიღოს ის ადამიანმა, ამ თემაზე ექიმი-ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძე გვესაუბრა.
– ბატონო დავით, რა სასარგებლო თვისებები აქვს ღვინოს?
– ვიდრე ღვინის სასარგებლო თვისებებზე ვისაუბრებდე, მანამდე მინდა რამდენიმე სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდო მკითხველს ვაზისა და ღვინის შესახებ: ღვინო გაჩნდა მაშინ, როცა ადამიანი დაიბადა – ამის დამადასტურებელი მასალა ძალიან ბევრია როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. 1967 წელს ჩატარდა მსოფლიო სიმპოზიუმი, სადაც ვაზის სამშობლოდ საქართველო აღიარეს. თავად სიტყვა „ღვინო” ერთ-ერთი ყველაზე ძველი სიტყვაა მსოფლიოში. ვაზი ორი სახეობისაა – ველური და კულტურული. კულტურულია ის, რომელსაც აქვს წიპწა და ფოთოლი. საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ძველი ვაზი კასპში და გორის ციხეზეა აღმოჩენილი. ყურძენი უნიკალური მცენარეა და ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. აღიარებულია, რომ ღვინო შეიცავს ყველა იმ ელემენტს, რაც კი მენდელეევის ტაბულაზეა გამოსახული. მასში დიდი რაოდენობითაა PP ვიტამინი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა სისხლძარღვებისა და სისხლის მიმოქცევისათვის.
– რომელ დაავადებებზე მოქმედებს დადებითად?
– ყურძენი და ღვინო მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ის სასარგებლოა ნივთიერებათა და მარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ნახშირწყლოვან, აზოტისა და მინერალურ ცვლას; ამასთანავე, ზრდის ორგანიზმის ტონუსს, აქვს შარდმდენი, ანტისტრესული, ბაქტერიოციდული და ანტიალერგიული მოქმედება. შესაბამისად, თუ მას ზომიერად გამოვიყენებთ, ბევრ სარგებელსაც ვნახავთ. ის სასარგებლოა როგორც მოზრდილთათვის, ისე ბავშვებისათვის.
– წითელი ღვინო უფრო მარგებელია თუ თეთრი?
– ორივე ღვინო კარგია, თუ ის ხარისხიანია. თუ უხარისხოა, არც წითელი ვარგა და არც თეთრი. უფრო კონკრეტულად, წითელი ღვინო მარგებელია ანგინის დროს, ხოლო მშრალი შამპანური კი რევმატიზმის სამკურნალოდ გამოიყენება – ეს დასკვნა ფრანგ მედიკოსს ეკუთვნის. ასევე, დადასტურებულია, რომ მიკრობებით დაბინძურებული წყალი სასმელად საშიში აღარ იქნება, თუ მას იმავე ოდენობის წითელ ღვინოს შევურევთ. წითელ ღვინოში შემავალი ტანინები ბაქტერიებს სპობს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს სასმელი სიმსივნის წინააღმდეგაც მოქმედებს. როდესაც დაავადებული გადის პროფილაქტიკას, ანუ მკურნალობს სხივებით, ამის შემდეგ ღვინის დალევა ყველაზე კარგია.
– მკურნალობის მიზნით, რა დოზით უნდა მიიღოს ღვინო ქალმა და რა დოზით – მამაკაცმა?
– დოზას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თრობისთვის იყენებს მას ადამიანი, ვერ განიკურნება. სამწუხაროდ, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ღვინით თრობას გვერდს ვერ ავუვლით. ქალებმა დღეში 150 გრამამდე უნდა დალიონ, კაცებმა – 200-მდე. შესაძლებელია, ღვინო მოგბეზრდეთ, ამ შემთხვევაში, დროებით შეწყვიტეთ მისი მიღება და, როცა ორგანიზმი მოგთხოვთ, ისევ განაგრძეთ. ორგანიზმი თავად გეუბნებათ, როდის უნდა დალიოთ და როდის არა. ღვინო უნდა გსიამოვნებდეთ. თუ დალევისას სახე შეგეცვალათ, ესე იგი, არ სურს ორგანიზმს მისი მიღება. ღვინო არის რელაქსაციის საუკეთესო საშუალება, რომელიც ამშვიდებს ადამიანს, აღადგენს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ძველად საქართველოში თითქმის ყველა გლეხი სვამდა სადილზე ერთ ჭიქა ღვინოს. ეს ადამიანები მოხუცებულობამდე აღწევდნენ. აქედან გამომდინარე, განვმეორდები და კიდევ ვიტყვი, რომ მისი ზომიერი მოხმარება სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
– თუ შეიძლება, რომ ბავშვს დავალევინოთ ღვინო მკურნალობის მიზნით?
– რა თქმა უნდა, შეიძლება. უფრო მეტიც, ძველად მისგან ბავშვებს ფაფასაც კი უმზადებდნენ: ღვინოს აადუღებდნენ (30 გრადუსზე ალკოჰოლი ორთქლდება), დარჩენილ მასაში კი ბრინჯს, ხორბალს ან რამე მსგავსს ხარშავდნენ და გამოიყენებდნენ ბავშვის საკვებად. ამას უფრო ახალნაავადმყოფარ ბავშვს აჭმევდნენ, რათა ენერგია და ძალები აღედგინა. ღვინოში პურსაც ალბობდნენ და ისე მიირთმევდნენ. მსგავს საკვებს ეძახდნენ ბოღლიწოს.
– შესაძლებელია თუ არა, ღვინით მკურნალობამ ალკოჰოლზე დამოკიდებული გახადოს ადამიანი?
– გამორიცხულია. თუ მას ზომიერი რაოდენობით მიიღებთ, არავითარ შემთხვევაში არ გახდება ადამიანი ალკოჰოლზე დამოკიდებული. თრობა სხვა რაღაცაა და, ღვინით მკურნალობა – სულ სხვა. ზოგადად, საქართველოში, თრობის „ტრადიცია” არყის შემოსვლამდე არ ყოფილა. „არაყი” არაბული სიტყვაა და ქართულად „ოფლს”, „ოხშივარს” ნიშნავს. ერეკლე მეფის პერიოდში არყის დალევა სირცხვილადაც კი ითვლებოდა; თუმცა, იყო პერიოდი, როდესაც ამ სასმლით ქორწილებსაც იხდიდნენ. სასუფრე ღვინო 9-12 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.
– რომელი დაავადებების დროს არ არის ღვინის მიღება მიზანშეწონილი?
– ღვინო ყველა დაავადებაზე დადებითად არ მოქმედებს, მაგალითად, მისი დალევა არ შეიძლება კუჭის წყლულის დროს. არსებობს მოსაზრება, რომ ღვინო არ უნდა დალიოს ინფარქტგადატანილმა ადამიანმა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. რეაბილიტაციის შემდეგ მისი მცირე რაოდენობით მიღება თავისუფლადაა შესაძლებელი.http://tbiliselebi.ge/?
კომენტარები