მსოფლიო
ბესელია პრესა.ჯი-ს 5 ათასს სთხოვს: საქმე რუსთავი 2-ის მოსამართლეს - ურთმელიძეს გადასცეს
2015-10-08 15:47:56
ეკა ბესელია „პრესა.ჯი“-ს უჩივის. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა. ბესელია „პრესა.ჯი“-სგან 5 ათას ლარს ითხოვს.
საქმის განხილვა, თავდაპირველად მოსამართლე ასმათ კოხრეიძეს დაევალა. ჩანიშნული იყო პროცესიც.
თუმცა, განხივლის დაწყებამდე, მოსამართლე კოხრეიძეს გაურკვეველი მოტივით საქმე ჩამოართვეს და განსახილველად იმ მოსამართლეს გადასცეს, რომელმაც რუსთავი 2-ის ქონება სრულად დააყადაღა.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ პირველი პროცესი 24 ოქტომბერს ჩანიშნა.
ეკა ბესელია და მისი ოჯახი „პრესა.ჯი“-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
საუბარია ცნობილი დიჯეის, დაჩი დარჩიას მკვლელობაზე, რომელიც ავლაბარში, „სქაი ბარის“ მიმდებარედ მოკლეს.
დარჩიას მკვლელობისთვის პოლიციამ მიხელ გრძელიშვილი დააკავა. გრძელიშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ქართული მედია წერდა რომ დარჩიას, მკვლელობამდე კონფლიქტი მოუვიდა „სქაი ბარში“, სადაც ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავაც იმყოფებოდა.
მსგავსი ინფორმაცია, წყაროზე დაყრდნობით გავავრცელეთ ჩვენც, თუმცა, სტატიაშივე დავურთეთ ეკა ბესელიას ვრცელი კომენტარიც, სადაც დეპუტატი ამტკიცებდა რომ მისი შვილი იმ დროს მოძღვართან იმყოფებოდა.
მოგვიანებით, შესწორებისა და შემოკლების გარეშე გამოვაქვეყნეთ ეკა ბესელიას კიდევ ერთი ვრცელი განმარტებაც, რომელიც მან „ფეისბუქით“ გაავრცელა.
პარალელურად, „სქაი ბარის“ ადმინისტრაციას ვთხოვეთ ბარში დამონტაჟებული ვიდეო-კამერის ჩანაწერი, რაც რამდენიმე დღის შემდეგ მოგვაწოდეს. თუმცა, ჩანაწერზე, ე.წ. „ტაიმ კოდი“ არეული იყო.
ბარის ადმინისტრაციამ გვითხრა რომ მათი ვიდეო-კამერები დროს თავიდანვე არასწორად აფიქსირებდა.
წყარო :http://presa.ge/new/?m=politics&AID=38478