მსოფლიო
გუბაზ მეგრელიძე: კარგია, რომ ჯანდაცვის პირველად რგოლში რეფორმა იგეგმება
2015-09-12 17:34:50
პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, რომელზე მუშაობაც უკვე დაიწყო ჯანდაცვის სამინისტრომ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრთმცოდნე გუბაზ მეგრელიძე გამოეხმაურა.
„მე მყავს ოჯახის ექიმი და როდესაც მჭირდება, სწორედ მასთან მივდივარ. თუმცა, თუ გაძლიერდება ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და უფრო რეალური იქნება მათი საქმიანობა, უკეთესი იქნება, რასაკვირველია. ძალიან კარგია, თუ რეფორმა იგეგმება პირველად რგოლში, კარგია, რომ პრევენციულ მედიცინას მეტ ყურადღებას მიაქცევენ, თუმცა რამდენად განხორციელებადია ეს ყველაფერი, ცალკე საკითხია.
მე მქონია პირადი გამოცდილება, რომ დამჭირვებია ოჯახის ექიმი და როცა დავრეკე, მითხრეს, რომ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შევძლებდი ჩაწერას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მდგომარეობა სწრაფ ჩარევას მოითხოვდა. ეს არის ძალიან უარყოფითი ტენდენცია, ვფიქრობ. ადამიანი, რომელიც ცუდადაა, რამდენიმე დღეს რიგს ვერ დაელოდება“, – მიაჩნია მეგრელიძეს.
„ყველა ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ეს ასეა, თუმცა მასაც აქვს თავის ნაკლი. მაგალითად, როდესაც გიფინანსებენ ოპერაციის სამოცდაათ პროცენტს, მასში არ შედის ანალიზები, რომლის გაკეთებასაც აუცილებლად გთხოვს ექიმი. ამ ყველაფერში ძალიან დიდი თანხა მიდის. ეს საკითხიც დასარეგულირებელია“, – მიაჩნია მეგრელიძეს.
მისი აზრით არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებელიც კი რეცეპტით გაიცემოდეს. „ყველა ვერ ავეწყობით ნარკოდამოკიდებული მოქალაქეების აკრძალვების მიხედვით. დავით სერგეენკო ხშირად გამოდის და ახსენებს მედიკამენტების ფასების დაწევას და რეგულირებას. სინამდვილეში, ჯერ–ჯერობით, არანაირი დარეგულირება არაა. ლამის ყოველ კვირას სხვადასხვა ფასი აქვს ერთსა და იმავე წამალს. ამ საკითხს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ და კერძო ბიზნესმენების სურვილზეა დამოკიდებული მედიკამენტების ფასები. ეს ვითარება მოკლე დროშ უნდა შეიცვალოს“, -მიიჩნევს გუბაზ მეგრელიძე.
კომენტარები