1 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა გათვლები აქვს ანრი ჯოხაძეს „X ფაქტორის“ მონაწილის, სოფო ბათილაშვილის მიმართ ?


ნათია უტიაშვილი „X ფაქტორის“ ბავშვების კატეგორიის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, 16 წლის სოფო ბათილაშვილია, რომელსაც ძალიან უყვარს სიმღერა და სამომავლოდ, ამ მიმართულებით ბევრი გეგმა აქვს. ვისაც გსურთ, სოფო მომავალ ლაივებზე ნახოთ, დაურეკეთ ნომერეზე: 093 300 302. 

სოფო ბათილაშვილი: სკოლის მოსწავლე ვარ და პარალელურად, ვმღერი სტუდია „თინ ქლაბში“, სადაც ელენე კალანდაძე მასწავლის. ვოკალზე დავდივარ. მომავალში მინდა, მუიკალური კარიერა გავაგრძელო. შეიძლება კონსერვატორიაში ჩავაბარო. უბრალოდ, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, რა მიმართულებით წავალ – ვოკალის თუ კომპოზიციის. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მუსიკას თავს არ დავანებებ. 

– როგორი მოსწავლე ხარ – ბეჯითი? 

– კარგად ვსწავლობ, ათოსანი ვარ. სკოლაში სიცელქით მაინცდამიანც არ გამოვირჩევი. შედარებით უფრო ცელქი ვარ სახლში, მეგობრებთან. პატარაობაში უფრო წყნარი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ. სწავლით სულ კარგად ვსწავლობ. უბრალოდ, რაც „X ფაქტორში“ ჩავერთე, გაკვეთილები მიცდება, მაგრამ მასწავლებლები და კლასელები ძალიან მიწყობენ ხელს. 

– დედმამიშვილები გყავს? 

– ორი ძმა მყავს. ერთი 6 წლით უფროსია, ერთი კი – 6 წლით უმცროსი. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ორივესთან. უფროსი არ არის ისეთი, რომ რამე დამიშალოს: იქ არ წახვიდე, ან ეს არ ჩაიცვა, თუმცა რჩევებს მაძლევს. პატარა ძმაც, როგორც უფროსი, ისე მაქცევს ყურადღებას. 

– მუსიკალური ნიჭი ოჯახიდან გამოგყვა? 

– დედა პროფესიით ვოკალისტია, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. ერთი პერიოდი ჰქონდა თავისი კარიერა, მღეროდა, მაგრამ, რაც ოჯახი შექმნა და ჩვენ გავჩნდით, ჩვენზე გადმოერთო. მამა მოცეკვავე იყო, მაგრამ მანაც დაანება ცეკვას თავი. უმაღლესი განათლება მიიღო და ჩვენს გაზრდაში ჩაერთო. ანუ, მუსიკალური ნიჭი, სმენა უფრო დედისგან მაქვს. 

– რას ამბობენ მშობლები, რა ასაკში დაიწყე სიმღერა? 

– როგორც დედა ამბობს: რამდენიმე თვის ვიყავი, გაბმულ ბგერებს რომ ვუშვებდი პირიდან. სიმღერა ლაპარაკთან ერთად დავიწყე – შეიძლება ითქვას, ლაპარაკზე ადრეც. დედა მამღერებდა ხოლმე ბავშვურ სიმღერებს. მერე სწავლა გავაგრძელე ფოლკლორულ ანსამბლში. 21-ე ხელოვნების სკოლა დავამთავრე, ექვსწლედი ფორტეპიანოს განხრით. ვმღეროდი გუნდში და ვეუფლებოდი ხალხურ სიმღერებს. მერე სწავლა გავაგრძელე ფოლკლორულ ანსამბლ „მერმისში“, სოლისტი ვიყავი. ბოლო ორი წელია, მივხვდი: გასაგებია, რომ ძალიან კარგია ხალხური სიმღერა, ფოლკლორი, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ახლა რა ჟანრშიც ვარ, უფრო მეტად ეს მსიამოვნებს. 

– დედა იყო შენი ვოკალის პედაგოგი? 

– დაახლოებით 5 წლამდე მასწავლიდა რაღაც სიმღერებს. არასდროს ყოფილა ჩემი ვოკალის მასწავლებელი. მუდმივად ვეხვეწებოდი: მამღერე, მასწავლე-მეთქი, მაგრამ უარს მეუბნებოდა. სხვადასხვა ჟანრშიც ვართ, ამიტომ, ამ მხრივ, არ გვაქვს შეხება. დედა უფრო კლასიკურ, ქალაქურ ჟანრს მღერის, ოპერის მომღერალია. ამიტომ, ცოტა აცდენილები ვართ და სხვას მიანდო ჩემი თავი. მე პოპიც მომწონს, ჯაზიც და როკიც, თუმცა უფრო მეტად პოპისკენ ვიხრები. ზოგადად, სულ მეცვლება გემოვნება, შეიძლება, ერთი თვე ერთ ჟანრს ვუსმინო, მეორე თვე – სხვას. ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული, ჯერ კიდევ გავდივარ ამ პროცესს. სხვადასხვა მომღერალს რომ ვუსმენდი, უფრო აქედან გამიჩნდა სურვილი: აბა, ამას ვცდი, ეს როგორ გამომივა-მეთქი და საბოლოოდ, ყველა ჟანრს მოვედე. გააჩნია რა განწყობაზე ვარ, ხან ჯაზი მსიამოვნებს, ხან – პოპი. გარდა ამისა, ვგიჟდები კლასიკის მოსმენაზე, ძალიან მიყვარს მოცარტი, ბეთჰოვენი. სხვათა შორის, დედა მუცლადყოფნისას მასმენინებდა კლასიკურ მუსიკას. 

– „X ფაქტორი“ შენი პირველი კონკურსია? 

– აქამდე არცერთ კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღია. პირველია „X ფაქტორი“. ამხელა სცენაზე არასდროს გამოვსულვარ. ბავშვობიდან, სხვა მომღერლებს რომ ვუყურებდი, მოთხოვნილება მქონდა სცენაზე ვმდგარიყავი და ხალხისთვის მემღერა. დიდი ემოცია მქონდა და მინდოდა, ხალხამდე მიმეტანა. ამიტომ გადავწყვიტე, „X ფაქტორზე“ მოვსულიყავი. საქართველოში სხვა საშუალება არ არის, რითაც ხალხს თავს გააცნობ და მსმენელს შეიძენ. 

– როგორია მოგების შანსი?

– ამ კონკრეტულ მომენტში, მოგებაზე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, პროექტში რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, მაგრამ ჯობია, ახლა, ამ ეტაპზე კონკრეტული ლაივით ვიცხოვრო და მაქსიმალურად წარმოვაჩინო თავი. ასე გავაკეთო სხვა ლაივებზეც. ანუ, ჩემთვის მთავარია, საკუთარი თავი მაქსიმალურად ვაჩვენო, თუ გავალ – გავალ და ეს ძალიან გამახარებს, მაგრამ მირჩევნია, კონკრეტულ ლაივზე ვიფიქრო ხოლმე. 

– რა იყო აქამდე შენთვის ყველაზე დიდი სირთულე? 

– 4 სკამის ტური. ანრიმ ასეთი ხმით რომ დამტოვა, ამის მერე ხალხის დამოკიდებულების ძალიან მეშინოდა. მეგონა, ხალხი არ მიმიღებდა, შევძულდებოდი. თუმცა, მთლად ასე არ მოხდა, იყო იმედგაცრუებაც. პირველ ლაივზე განსაკუთრებულად ვნერვიულობდი, რადგან ყველაზე დიდი პასუხიმგებლობა მქონდა, უნდა დამემტკიცებინა, რომ ანრიმ იმიტომ დამსვა, ვიმსახურებდი. 

– როგორი მენტორია ანრი? 

– მეგობრული და მომავლისთვის გონივრული გათვლები აქვს. ვმეგობრობთ და თან, ისე გვექცევა, როგორც თანატოლებს. მის გვერდით არ ვგრძნობ, რომ ის დიდია და მე – პატარა. ბევრ სიურპრიზს ვგეგმავთ ერთად, უბრალოდ, ამის საშუალება უნდა მოგვეცეს – უნდა გადავიდე ლაივებზე და მერე გაჩვენებთ. რეპეტიციებზე, ძირითადად, ჩვენს მუსიკალურ ხელმძღვანელს ვაბრაზებ, რადგან უხასიათოდ ვარ ხოლმე. სულ ერთი ემოციით ვმღერი. ემოცია კონკრეტულად კონცერტზე მომდის. როცა ემოცია არ მომდის, ხელოვნურად არ ვაკეთებ ამას – ვერც ხელს ვშლი და ვერც მიმიკას ვიღებ. ამის გამო, სულ კონფლიქტი მაქვს: გააკეთე, გააკეთე... სცენაზე იმდენი ემოცია მომდის, მინდა ვიხტუნაო, ვიცეკვო... ამ დროს პირიქით, თავის შეკავება და ემოციების გაკონტროლება მიწევს. პირველად ქასთინგზე რომ გამოვედი და ამდენი ხალხი დავინახე, პლუს 4 ჟიური, რომელიც მე მიყურებდა, ძალიან შემეშინდა. ვკანკალებდი, მაგრამ მოვთოკე ემოცია. მუსიკა რომ ირთვება, ყველაფერი მავიწყდება ხოლმე, ნერვიულობა, შიში და სიმღერაზე გადავდივარ. მაგრამ, სანამ ფონოგრამა ჩაირთვებოდა, მანამდე ძალიან მეშინოდა. იმხელა ემოციაა, ასეთი დიდი ადრენალინი არსად მიგრძნია. ეს ყველაფერი, ბედნიერებასთან ერთად, დიდი ნერვიულობა და სტრესია. 

– ალბათ, დედა განსაკუთრებულად გგულშემატკივრობს. 

– დედას განსაკუთრებული მიდგომა აქვს იმ მხრივ, რომ თვითონ რაც ვერ შეძლო, უნდა ჩემში ჩადოს. მე მივაღწიო იმას, რასაც მან ვერ მიაღწია. ძალიან მეხმარება, განსაკუთრებით ყელის მხრივ. ნერვიულობისას სულ მგონია, რომ ყელი მიცივდება, ცუდად ვარ, პანიკა მემართება. დედა რომ არ მყავდეს, ვერ ვიმღერებდი. 

– უკვე გამოგიჩნდებოდნენ თაყვანისმცემლები, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში.

– კი, ძირითადად ლექსებს მიწერენ, ტექსტებს მწერენ, სითბოს გამოხატავენ და ჯერჯერობით, ეს არ არის შემაწუხებელი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები