0 6 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი უზბეკეთი ფინანსური პროდუქტების გაფართოებისთვის 38.2 მილიონ დოლარს გამოყოფს

უზბეკეთის ერთადერთმა, ექსკლუზიურად მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებულმა ბანკმა, თიბისი ბანკი უზბეკეთი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ თიბისი ბანკის ჯგუფს ეკუთვნის, ახალი კაპიტალის ინვესტირებით, პროდუქტების გაფართოებისათვის 38,2 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ბანკი ქვეყანაში ადგილობრივი საქმიანობის გაფართოებას და ახალი ფინანსური პროდუქტების დანერგვას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გამოცემა ტექნოლოგიების შესახებ TechCrunch-ი წერს.

აღნიშნული კაპიტალიდან თიბისი ბანკის ჯგუფს 23 მილიონი დოლარის ინვესტიცია ეკუთვნის, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მონაწილეობა თითოეულზე 7,6 მილიონი დოლარით განისაზღვრა.      

„სანამ თიბისი შემოვიდოდა, უზბეკეთში საბანკო აპლიკაციები არ არსებობდა. ოთხი წლის მანძილზე ბანკების უმეტესობამ მობილური აპლიკაციები დანერგა, მაგრამ ამ სფეროში თიბისი ბევრად წინ არის.  

ახალი ფინანსური პროდუქტების გარდა, თიბისი ჯგუფი უზბეკეთი თავის მობაილბანკში AI გამოცდილების დანერგვას გეგმავს. შეიქმნა დიდი ენობრივი მოდელი, რომელიც ძირითადად მომხმარებლების მონაცემთა ბაზას იყენებს და ხმოვან ასისტენტზე მუშაობს, რათა მის აპლიკაციაში ინტეგრირებული ჩატბოტის მეშვეობით საბანკო და ფინანსური მომსახურების მიწოდება უზრუნველყოს.                                                                                                                                                    

შემოდგომაზე თიბისი ბანკი უზბეკეთი ახალ დაფინანსებას გამოიყენებს, მომავალ წელს კი საკრედიტო ბარათებს და სადაზღვევო პროდუქტებს დაამატებს,“ -  განაცხადა თიბისი ჯგუფის საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელმა ოლივერ ჰიუზმა TechCrunch-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.                                                                                        

თიბისი ბანკი უზბეკეთი მომხმარებელს სთავაზობს მობილურ აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ გახსნან საბანკო ანგარიშები და მიიღონ მომსახურება, მათ შორის, ნაღდი ფულით გაცემული სესხები და დეპოზიტები, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს, საბანკო სერვისები ბანკის ფილიალში ფიზიკურად მისვლის გარეშე მიიღონ.   

მობილური ბანკის გარდა, თიბისი ჯგუფი უზბეკეთი ფლობს Payme-ს ანუ ციფრული გადახდების აპლიკაციას ინდივიდუალური მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესისთვის, ასევე საკრედიტო ბიზნესს სახელწოდებით Payme Nasiya. დაფარვის არეალის გასაფართოებლად, თიბისი უზბეკეთი ითვალისწინებს ბანკში ამ ორი ბიზნესის გამოცდილების ინტეგრირებას და მათ სინქრონიზაციას ბანკის ოპერაციებთან.                                            

2022 წელი თიბისი ბანკი უზბეკეთმა ზარალის გარეშე დაასრულა, 2023 წელი კი, ბანკის მოგების პირველი სრული წელი იყო. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, მას 4.8 მილიონი უნიკალური რეგისტრირებული მომხმარებლის ჰყავს, ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი კი 2024 წლის პირველ კვარტალში 1.2 მილიონი იყო.

მთლიანობაში, თიბისი ჯგუფი უზბეკეთმა, 15 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებლის ბაზით, მომგებიანობას საქმიანობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ მიაღწია და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოსავლების 85%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

სტატიის სრული ვერსია:  Techcrunch

კომენტარები

მსგავსი სიახლეები