0 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ქუთაისში, რიგით მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 20-25 ოქტომბერს ქუთაისი, რიგით მესამე, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მასპინძლობს.

ექვსი დღის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისათვის მასტერკლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.

ფესტივალის ფარგლებში, სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი და ფესტივალის პრიზს - ოქროს დინოზავრს გადასცემს. 

ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: მარი ამაშუკელი, ოლივიე პელისონი, კარმენ გრეი, ფარაზ ფეშარაკი, ნიკ ვოიგთი,კეკო ჭელიძე,შალვა სოყურაშვილი.

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური ქეთი ჯაფარიძე, დიანა მაღლაკელიძე და ბექა მაისურაძე, კი რჩეულ ფილმს მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს გადასცემენ.

ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანაა ჩეხეთი. „ჩეხეთის ცენტრი თბილისის” მხარდაჭერით ნაჩვენები იქნება ჩეხური ახალი ტალღის ფილმები.

ცნობილი ბელგიელი რეჟისორის, სცენარისტის, ხელოვანისა და კინოს პროფესორის - შანტალ აკერმანის ფილმების სპეციალური ჩვენებით, ფესტივალი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ქალ კინემატოგრაფისტთა ღვაწლს.

წელს, ფესტივალის სტუმარია „ბაქოს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი“.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელი გამორჩეულია ქართული კინოსათვის, რადგან მისი არსებობის საიუბილეო, 115-ე წელი შესრულდა.

ტრადიციულად ფესტივალზე ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა. ქუთაისში შედგება ქართული ახალი ტალღის დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები, ნაჩვენები იქნება: ანნა ძიაფშიპას ავტოპორტრეტი ზღვარზე, მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ჯადოსნური მთა, ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველო და გიორგი ვარსიმაშვილის სასტუმრო მეტალურგი.

ანიმატორთა ასოციაცია საქართველოში „საქანიმა“, ფესტივალზე წარმოგიდგენთ ახალ ქართულ ანიმაციურ ფილმებს.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება რეზო გაბრიაძის სახელობის სცენარის განვითარების სახელოსნო, რომელსაც რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ინეკე სმიტსი (ნიდერლანდები)  და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი (საქართველო) გაუძღვებიან.

კინოკრიტიკის სახელოსნოს  გაუძღვება კინოკრიტიკოსი, ფილოსოფოსი და ავტორი დანა ლინსენი (ნიდერლანდები);

კინოოპერატორობის საერთაშორისო სახელოსნოს  გაუძღვებიან გამოცდილი კინოოპერატორები საქართველოდან, ევროპიდან და ამერიკიდან. სახელოსნო ტარდება კინოოპერატორთა საერთაშორისო ფედერაციის - IMAGO-სა და Dedo Weigert Film GmbH-ის მხარდაჭერით. მსგავსი ტიპის სახელოსნო პირველად ტარდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ფესტივალი 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიხსნება და დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით, რომელიც 25 ოქტომბერს 19:00 საათზე კინოთეატრ საქართველოში ჩატარდება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქუთაისის მერია, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი, თიბისი კონცეპტი და „თეგეტა ჰოლდინგი”.

ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ფრანგული ინსტიტუტი”, „ჩეხეთის ცენტრი თბილისი”, „მეღვინეობა ვაზიანი”, „სარაჯიშვილი” და „ბორჯომი”. ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო Kutaisi Inn.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები