1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" წარდგენილ ბრალში თავი სრულად ცნო დამანაშავედ" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯიბღაშვილის ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმების თანახმად, 5-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ფულადი ჯარიმაც, რის ოდენობასაც ადვოკატი არ აკონკრეტებს.

ბრალდების მხარესა და ბრალდებულს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

„ბრალდების მხარესა და ჩვენს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება სასამართლომ დამტკიცა და დღეის მდგომარეობით, უკვე ძალაშია შესული. ლევან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, წარდგენილ ბრალში თავი სრულად ცნო დამანაშავედ, რა თქმა უნდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მოინანია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით იქნა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმება მიღწეული. ჯიბღაშვილს პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ჯარიმაც“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კდოექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები