1 3 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კელი დეგნანი ქართულ საზოგადოებას გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს

აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულისა და შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის ამბობს, „ძალა ერთობაშია" ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის.

“საქართველოში სამწლინახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ-ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. საქართველო არის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იწრთობოდა. ეს არის ტრადიციებზე მდგომი უნიკალური კულტურის ქვეყანა, სულშიჩამწვდომი პოლიფონიით, ანბანის ნატიფი მონასმებითა და ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის პროზითა და პოეზიით განთქმული. ეს არის ძლევამოსილი მდინარეების, თვალუწვდენელი ზურმუხტისფერი ველების, ჭალების, ტყეებისა და დამატყვევებელი მთის მწვერვალების ქვეყანა. აქ ყოფნისას ვისწავლე, რომ ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომელიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა.

შთაგონებული ვარ შეუპოვრობით იმ მრავალი ქართველისა, რომლის გაცნობის პატივიც მხვდა წილად. ამ შეუპოვრობამ განაპირობა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი და გარდასახვა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ გაცოცხლებულიყო პრინციპები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ეფუძნება დღეს თუ ასზე მეტი წლის წინ: თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც შეერთებული შტატები ესწრაფვის. ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

„ძალა ერთობაშია“ - მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის! როდესაც საქართველოში გატარებულ ჩემს ხანმოკლე პერიოდზე ვფიქრობ, ჩემი მოგონებები აწყობს იმ შთამაგონებელი ხალხის სახეების მოზაიკას, რომლებმაც გამიზიარეს ჩვენი პარტნიორობისა და პროგრესის პირადი ისტორიები: იქნებოდა ეს გაცვლითი პროგრამის მონაწილე, რომელიც თავისი თემის გაუმჯობესების იდეებს წარადგენდა, მეცნიერი, რომელიც COVID-თან ბრძოლის საერთო ძალისხმევაზე გვიყვებოდა, მშობელი, რომელიც ადვოკატირებას უწევდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებს, მასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს კრიტიკულ მიდგომას ასწავლიდა ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა დეზინფორმაცია და პოლარიზაცია. ასეთი ძალიან ბევრია კიდევ. რყევებისგან დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებით, იმედისა და ოპტიმიზმის სხივით, საქართველოს ევროატლანტიკური ბედისწერისკენ ურყევი სვლით - აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულის გამო და თქვენი შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ.

ვემშვიდობები რა იმ ძალიან, ძალიან ბევრ ქართველს, რომელმაც თავისი სახლის კარი და გული გამიღო, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უდიდესი პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ, თან მიმაქვს ძალიან ბევრი სიყვარული და მეგობრობა ჩემი ძვირფასი მეგობრებისგან მთელი საქართველოდან. ეს იყო დიდი პატივი, რომელსაც ყოველთვის დავაფასებ, მემსახურა შეერთებული შტატების ელჩად ამ ლამაზ ქვეყანაში. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს „აჩრდილში":

„გარდმომევლინა ყოვლად შემძლები

ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა,

აღმიფრთოვანა მან ოცნებები

და განმიწმინდა ხედვა და სმენა."

უსაზღვრო მადლიერებით,“ - წერს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები