2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა თამარ ვახანიამ განაცხადა, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკის’’ ფინანსურმა დირექტორმა, საავადმყოფოს შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომლის ახლო ნათესავი შეარჩია და მასთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს მისცა უკანონო დავალება, რომ ძველი თარიღებით შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები შეედგინა.

აღნიშნულის საფუძველზე, 2020-2021 წლებში საუნივერსიტეტო კლინიკასა და ინდ.მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეადგინეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ინდ.მეწარმემ თითქოსდა შეასრულა 3 055 770.67 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც მას კლინიკიდან 2 618 849.07 ლარი ჩაერიცხა. სინამდვილეში კი, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, დადასტურდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2 475 003.03 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც.

ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ 2021 წელს, „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842.48 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელმა და „ნიუმშენის“ დირექტორებმა დაამზადეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც თითქოს შპს „ნიუმშენმა“ შეასრულა 452 842.48 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც კომპანიას 362 273.67 ლარი ჩაერიცხა. რეალურად, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა მხოლოდ 284 241.65 ლარს. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 168 600.83 ლარი შეადგინა, საიდანაც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „ნიუმშენის“ დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 032.02 ლარს და სცადეს დარჩენილი 90 568.81 ლარის დაუფლებაც.

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით წარედგინათ. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

ინდივიდუალურ მეწარმეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა.

სამივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით”, - განაცხადა თამარ ვახანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები