0 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ბოლო 2 დღეა ჩემს სახელთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს ბინძური კამპანია“ - სოფო ხალვაში საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში კრიტიკოსებს პასუხობს.

„ძვირფასო მეგობრებო!

ბოლო 2 დღეა ჩემს სახელთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს ბინძური კამპანია. გავიდა სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ხელს ვუშლი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ბათუმში, ვკრძალავ ომის ხსენებას ღონისძიებაზე. გამოქვეყნდა ჩემი მიმოწერა ღონისძიების ორგანიზატორებთან, რომელიც რა თქმა უნდა კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და მხოლოდ ის ფრაზებია წარმოჩენილი, რომლებიც საზოგადოებას შეუქმნის ილუზიას, თითქოს მე წინააღმდეგი ვარ დავეხმარო უკრაინელი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნაში.

ძალიან ცუდია, რომ ამ ცალმხრივად გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ჟურნალისტებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ!

გავრცელდა უამრავი პოსტი, სადაც ჩემი სახელთან მიმართებაში დაუსაბუთებელი ბრალდებებია წამოყენებული.

თეა ადეიშვილისა და ნანუკა ჟოპრჟოლიანის მხრიდან კეთდება უხამსი და ყოვლად გაუმართლებელი კომენტარები.

ჩვენს საზოგადოებას ეს სჩვევია და სამწუხაროდ მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვინც, მსგავსი პროვოკაციის გამო უსამართლოდ იქნა გაკიცხული, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და მეტიც, შეიქმნას პრეცედენტი, როცა დეზინფორმაციის გამავრცელებლებს პასუხს მოვთხოვთ მათ საქციელზე!
უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილ ღონისძებასთან დაკავშირებით წერილი მერიაში შემოვიდა 8 აგვისტოს, სადაც საუბარი იყო ჩვენი მხრიდან კონცერტის გაკეთებაზე, ანუ შემსრულებლები კონცერტს საწყის ეტაპზე არ ჰყავდა.

ამის შემდეგ დამირეკა გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მთხოვა შევხვედროდი ორგანიზატორებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მოიყვანდნენ 14 შემსრულებელს და ასევე გაუშვებდნენ 4-5 ვიდეო მიმართვას, რაზედაც  ასევე შევთანხმდით.
მალე კვლავ შეიცვალა პირობები და აღმოჩნდა რომ კონცერტის მსვლელობისას შემსრულებლებზე მეტი ოდენობის ვიდეო მიმართვა იყო დაგეგმილი, მათ შორის არა მხოლოდ ომის თემატიკაზე.

ამასთან დაკავშირებით იქვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ კონცერტი რა თქმა უნდა ისე ვერ ჩაივლიდა რომ ომი არ ხსენებულიყო.. რადგან ომია! და ეს მე ძალიან კარგად ვიცი!
შევთანხმდით ასევე ტექსტზე, რომელიც წამყვანებს უნდა გაეჟღერებინათ (აქვე ქვემოთ გიზიარებთ მათ მიერ მოწოდებულ ტექსტს, რომელიც ჩემ მიერ იქნა დადასტურებული)

TV 1-ის სიუჟეტში ჟურნალისტი მაქსიმალურად ცდილობს, დააფიქსიროს, რომ მე სოფო ხალვაში, ომის ხსენების წინააღმდეგი ვარ და მიუხედავად იმისა რომ ღონისძიების ორგანიზატორი ცხადად უარყოფს ამას (იხ. კომენტარი სიუჟეტიდან:  (აქვე ქვემოთ გიზიარებთ ვიდეოს) სამწუხაროდ ამ ფაქტის ინტერპრეტაცია სწორედ ისე მოხდა, როგორც პროვოკაციის ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული, რასაც ადასტურებს ამ თემისადმი და ჩემდამი მიძღვნილი პოსტები და კომენტარები.

აქვე, საჭიროდ ვთვლი გაგიზიაროთ მიმოწერა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ კონცერტის ორგანიზებაზე თანხმობაა გაცემული და საუბარია მხოლოდ ფორმატზე, რადგან კონცერტისთვის სცენაა საჭირო, ხოლო მიმართვების და განცხადებების გაკეთებას არ სჭირდება სცენა, რადგან ეს შეიძლება ნებისმიერ ადგილას გაკეთდეს.

ძვირფასო საზოგადოებავ!
ძვირფასო ჟურნალისტებო!

დღეს თოთოულ ჩვენგანს გვტკივა ის ვითარება, რომელიც უკრაინაშია!

თითოეული ჩვენგანი ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და მე, როგორც რიგითი მოქალაქე არაერთხელ ვყოფილვარ იმ აქტივობების მხარდამჭერი, რომელიც უკრაინელი, თუ ქართველი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ეძღვნება!
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არაერთი კონცეტრის ორგანიზებისთვის შემიწყვია ხელი, მათ შორის, სწორედ მე გახლდით სულ ახლახან სასტურმრო „მერიდიანში“ გამართული, უკრაინელი ხალხისთვის მიძღვნილი კონცერტის მხარდამჭერი, სადაც ქართველ შემსრულებლებთან ერთად, უკრაინელი შემსრულებელიც იღებდა მონაწილეობას.

სამწუხაროა, რომ დღეს არ ხდება ინფორმაციის გადამოწმება და „სიტყვის თავისუფლება“ – „ყველაფრის უფლებად“ არის აღქმული!

იქნებ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ მთავარ ომს ჩვენ თავადვე ვუცხადებთ ერთმანეთს,
როცა ამხელა სიძულვილის გამოვლენა შეგვიძლია!

როცა შეგვიძლია, რომ ასე დაუნდობლად, ასე განუსჯელად დავადანაშაულოთ ადამიანები!
როცა არ გვაინტერესებს სიმართლე და უპირობოდ ვიჯერებთ ყოველგვარ ცილისწამებას!

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი ქალაქი და მიყვარს ადამიანები.
მთელი ჩემი საქმიანობა სწორედ ამ სიყვარულის ასახვა და მტკიცებულებაა..
მთელი გულით ვულოცავ უკრაინას და უკრაინელ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ იცხოვრონ მშვიდობიან, აყვავებულ ქვეყანაში, სადაც თითოეული ბავშვი, თითოეული ადამიანი ბედნიერი და თავისუფალი იქნება!“, – წერს სოფო ხალვაში სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები