0 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე www.cesko.ge განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და  არჩევნებში მათ მონაწილეობას.

„შეგახსენებთ, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოში შექმნილმა შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები შედიან, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. აღნიშნული პროექტის საფუძველზე საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი რეგულაციები შევიდა, რაც ეტლით მოსარგებლე პირებს არჩევნებში მონაწილეობისთვის უკეთეს გარემოს და შესაძლებლობას უქმნის. კერძოდ, ახალი რეგულაციის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით“,-განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი, რომელიც მოითხოვს ადაპტირებულ უბანზე ხმის მიცემას, შეიყვანება იმ უბნის სპეციალურ სიაში, ხოლო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

„ვინაიდან წელს პირველად, პარლამენტის არჩევნებზე იქნება შესაძლებელი ამ უფლების გამოყენება, ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები