საზოგადოება
მიხეილ რამიშვილი - ადგილობრივმა ჩანაწერები მოგვაწოდა, სიცრუეა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა მაწევანის ტერიტორიაზე 5 დღე იდგა
2020-08-16 15:28:10
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 5 დღის განმავლობაში თეთრიწყაროს ტყესთან იდგა სრული სიცრუეა.
ადვოკატის თქმით, სოფლის მცხოვრებლებზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, თუმცა მოიძებნა ერთი ადამიანი, რომლის ვიდეო ჩანაწერებითაც მტკიცდება, რომ მანქანა 5 დღე იქ არ იდგა.
„გარკვეული პერიოდი ვცდილობდი, დავრწმუნებულიყავი რამდენად ამბობდნენ სიმართლეს პოლიციელები, მაგრამ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად არის ძალიან დიდი სიცრუე და შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა და მიუხედავდ იმისა, რომ, ჩემი ინფორმაციით, იმ სოფლის მაცხოვრებლებზე არის ძალიან დიდი ზეწოლა, მე შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი ჰყავთ ტერორის ქვეშ, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და სამი დღის ჩანაწერი გააკეთა, რომელიც ეტყობა მერე დააფიქსირეს და მაინც გამოჩნდნენ, შეეშალათ მორიგეობა და გარკვეული დევნაც კი განახორციელეს ამ პიროვნებაზე. მან გააკეთა 3 დღის ჩანაწერი თუ რა დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება, ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰყავს, თავის დამცველი ძაღლი ჰყავს და შემიძლია, გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას, არ იქნებოდა იქ 5 დღის განმავლობაში და ამას კიდევ ტელევიზიების, დრონების მიერ გადაღებული ფაქტებიც ადასტურებს“, - განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.
"უკვე, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე საუბარი აღარ არის",- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
კომენტარები