0 6 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და თიბისიმ სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს

თიბისი პირველი კერძო კომპანიაა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, კაორი იშიკავა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე  უძღვებოდნენ.

სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერებს გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრაციას როგორც თიბისის შიგნით, ისე ორგანიზაციის  გარეთ - ბაზარზე და ზოგადად, საზოგადოებაში.

ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი შემდეგი მიმართულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს: ქალთა პროფესიული განვითარება; ქალი მეწარმეების მხარდაჭერა რეგიონებსა და დიდ ქალაქებში;  ქალების დასაქმების წახალისება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში; თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

„თიბისის, როგორც კერძო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებლის, როლი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, მათ შორის გენდერული თანასწორობის, მიღწევაში ძალიან მნიშვნელოვანია. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და თიბისი ბანკი 2020 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ. დარწმუნებული ვარ, ეს მემორანდუმი ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს და გაამრავალფეროვნებს“, - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში,  კაორი იშიკავა.

„ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულება თიბისის კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის არსებობის 30 წლის მანძილზე,  მდგრადი განვითარების და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას თიბისიში ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებთ, როგორსაც  ბიზნესის მიმართულების ხელშეწყობას. თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ორი ორგანიზაცია ხელს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ბიზნესებში ქალების უფრო მეტად ჩართულობას განაპირობებს. დარწმუნებული ვარ, ერთად არაერთ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას განვახორციელებთ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტრატეგიულ პარტნიორობას წინ უძღოდა 2021 წელს, თიბისის მიერ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერა. აღნიშნული პრინციპები ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმბელობის მქონე ბიზნესებისთვის, შეექმნან ისეთი ეკონომიკური და სოციალური პირობები, რომლებიც ქალებს და კაცებს განვითარების შესაძლებლობას მისცემს, დაიცავს ქალების და კაცების თანასწორ უფლებებს სამუშაო სივრცესა და სოციუმში და იზრუნებს მათ გაძლიერებაზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

თიბისიში, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში, ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრაციას და გენდერულ თანასწორობის საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2021 წლის მონაცემებით, სხვადასხვა პოზიციაზე თიბისიში დასაქმებული თანამშრომლების 68% ქალია, ასევე, უმაღლესი რგოლის მენეჯერების 35%-ს ქალები წარმოადგენენ. თიბისი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს პროექტს - „500 ქალი ტექში“, რაც ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებასა და მათ ჩართულობას გულისხმობს. ამას გარდა, თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისი ჯგუფში.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები