1 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში

ბიზნესდაჯილდოება - მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ბიზნესსექტორის გაუმჯობესებასა და მცირე თუ საშუალო კომპანიების მხარდაჭერას ემსახურება, დაიწყო. წელს თიბისი პარტნიორებთან ერთად გამორჩეულ ბიზნესებს ხუთ ნომინაციაში გამოავლენს. ისინი დაჯილდოვდებიან საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის, გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში, საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციის ჟიურის წევრები გარემოსდაცვითი, სოციალური მეწარმეობის, კრეატიული სფეროსა და საკონსულტაციო მიმართულებით საქმიანობენ. ისინი თანხმდებიან, რომ ბიზნესს, რომელსაც ამ ნომინაციაში გამარჯვება სურს, ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მისი საქმიანობის საფუძველი უნდა იყოს და არა ერთჯერადი კამპანიის ნაწილი.

ნანა ჯანაშია - CENN, აღმასრულებელი დირექტორი
ნანა ჯანაშია რამდენიმე წელია პროექტში ჟიურის წევრის სტატუსით იღებს მონაწილეობას. იგი მიიჩნევს, რომ ჩვენი ბიზნესსოციუმისთვის საჭიროა, დიდი კომპანიები იყვნენ ორიენტირებულნი ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვაზე, ამასთან, ყურადღება მიაქციონ უმცირესობების წარმომადგენლებს.

"ასეთი ტიპის კონკურსები წინ წამოწევენ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ხოლო გამარჯვებული კომპანიები მაგალითს უჩვენებენ სხვებს. ამიტომ სასიამოვნოა, რომ თიბისი ამ პროგრამას ახორციელებს და ხელს უწყობს სოციალური მიმართულების განვითარებას", - ამბობს ნანა.

ნანასთვის, როგორც გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ნომინაციაში გამარჯვებული ბიზნესის საქმიანობა არ აზიანებდეს გარემოს, ხელს უწყობდეს მის დაცვას ან მდგრად განვითარებას და რაც მთავარია, იყოს ინკლუზიური ყველა მიმართულებით.

"21-ე საუკუნის ადამიანები - თაობა Z ითხოვს პასუხისმგებლიან ბიზნესებს, ამიტომ თუ კომპანიებს სურთ შეინარჩუნონ საკუთარი ადგილი ბაზარზე და გასცდნენ ქვეყნის საზღვრებს, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური პასხუხისმგებლობა", - ამბობს ის.

მცირე, ახალბედა ბიზნესებს კი ნანა ასეთ რჩევას უზიარებს: "მუდმივად იმუშავეთ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეთ უნიკალურ ბრენდად, საქმეში ჩადეთ დიდი ძალისხმევა, რადგან ეს ყოველთვის ფასდება და რაც მთავარია, გააუმჯობესეთ პროდუქტების ან მომსახურების ხარისხი, რათა გაიჩინოთ მომხმარებლის ნდობა."

ქეთევან ებანოიძე - Impact Hub Tbilisi, თანადამფუძნებელი
ქეთევანიც მრავალი წელია ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრია და მიიჩნევს, რომ ღონისძიება ჩვენი ბიზნესსექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო მოვლენაა. მისი თქმით, პროექტი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის არა მარტო სტარტაპებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესებსაც აძლევს საკუთარი საქმიანობის წარმოჩენის შესაძლებლობას. ნომინაციის შესახებ კი ამბობს, რომ ელის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს, რომლებსაც დადებითი გავლენა აქვთ სხვადასხვა სფეროზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ჭრიან საზოგადოებაში ან გარემოში არსებულ პრობლემებს.

"ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, თუ როგორმა ბიზნესმა უნდა გაიმარჯვოს ამ ნომინაციაში - ვფიქრობდით უნდა ყოფილიყო თუ არა ის აუცილებლად სოციალური საწარმო თუ მსხვილი ან საშუალო ბიზნესი ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკით, თუმცა შევთანხმდით, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც უამრავი სოციალური თუ გარემოსადაცვითი პრობლემა არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთოს ამ ნომინაციაში", - ამბობს ქეთევანი.

ქეთევანი აღნიშნავს, რომ ბიზნესდაჯილდოების კარი ღიაა ყველასთვის - სოციალური საწარმოსთვის, მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის. "ბიზნესდაჯილდოება არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ის გრძელვადიანი კამპანიაა და მასში მონაწილე ბიზნესებს ეძლევათ საკუთარი თავის წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა".

ახალბედა ბიზნესებს კი ქეთევანი ურჩევს, რომ არ იფიქრონ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესმოდელის გამართვაზე, არამედ გაიაზრონ მათი როლი და პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების გადაჭრაში.

ელენე ჟვანია - Impact Hub Tbilisi, თანადამფუძნებელი
ელენე ჟვანიას აზრით ბიზნესდაჯილდოება ახალბედა ბიზნესებს ერთგვარ პლატფორმას სთავაზობს, ზრდის მათ ცნობადობას და ზოგადად, დიდი წვლილი შეაქვს ბიზნესის განვითარებაში.

იგი ნომინაციაში უპირატესობას ისეთ ბიზნესს მიანიჭებს, რომელსაც დადებითი გავლენა მოაქვს საზოგადოებასა და გარემოზე. "ეს შეიძლება იყოს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო პროდუქტს ქმნის", - ამბობს ელენე.

Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში ყოველ წელს მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. "უფრო და უფრო მეტი ბიზნესი თვლის, რომ საჭიროა მისი საქმიანობა საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრისკენ იყოს მიმართული. ამას ძალიან დადებითად ვაფასებ. რაც მთავარია, თიბისის დიდი აუდიტორია ჰყავს, ბევრი ადამიანი თუ ორგანიზაცია უსმენს მას, შესაბამისად, ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის ღონისძიებაში მონაწილეობაც კი სასარგებლო იქნება", - ამბობს ელენე.

ელენე ჟვანიას რჩევა მცირე ბიზნესებისთვის ასეთია: "დაუზოგავი შრომა და საქმის სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. არ უნდა დაელოდოთ სხვას და საკუთარი ინიციატივით უნდა გადალახოთ დაბრკოლებები, რომლებიც ამ გზაზე შეგხვდებათ. რაც მთავარია - უნდა დაიწყოთ ახლა!"

ლევან ლეფსვერიძე - ლივინგსტონი, თანადამფუძნებელი
ლივინგსტონის თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პროექტის დახმარებით ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საკუთარი სიძლიერეები თუ სუსტი მხარეები კონკურენტულ გარემოში შეაფასონ. "ეს ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, რადგან თუ არ შეხედე სხვა როგორ აკეთებს საქმეს და არ გაიგე რაში გჭირდება გაძლიერება, პროგრესს ვერ მიაღწევ", - ამბობს იგი.

ლევანი იმასაც აღნიშნავს, რომ ხშირად დაჯილდოების საკითხს სტერეოტიპულად, გამარჯვების კონტექსტში აღიქვამენ, თუმცა იგი თვლის, რომ ძალიან სასარგებლოა მხოლოდ მონაწილეობის პროცესიც კი - იმის ნახვა, თუ ვინ არიან შენს ინდუსტრიასა და სათამაშო მოედანზე შენი კონკურენტები.

"ველოდებით, ვნახოთ ისეთი ბიზნესები, რომლებიც რეალურად ქმნიან სარგებელს, აუმჯობესებენ სხვების ცოხვრებას, ბიზნესები, რომლებიც საქმითა და შედეგებით ამტკიცებენ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მათი კულტურის და საქმიანობის განუყოფელი ნაწილია".

რჩევა მცირე, ახალბედა ბიზნესებს ლევან ლეფსვერიძისგან: "მნიშვნელოვანია იპოვოთ და მოუსმინოთ საკუთარ ხმას და არ მოექცეთ დიდი ბიზნესების გავლენის ქვეშ. სამყარო სწრაფად იცვლება და ხშირად გვაქვს ცდუნება, დიდი კომპანიების მსგავსად მოვიქცეთ - ჩავთვალოთ, რომ სწორედ ისაა ნამდვილი გზა, რომელსაც ეს ბიზნესები მიჰყვებიან. თუმცა ვთვლი, რომ წარმატებულია ის, ვინც ინარჩუნებს უნიკალურობას და არ აკოპირებს სხვისგან საოპერაციო მოდელებს ან გადაწყვეტილებებს."

გელა მღებრიშვილი - Nexia TA მმართველი პარტნიორი
აუდიტორული საკონსულტაციო კომპანიის მმართველი პარტნიორის, გელა მღებრიშვილის აზრით, ქართული ბიზნესი არაა განებივრებული ისეთი ღონისძიებებით, როგორიც ბიზნესდაჯილდოებაა. "ის ბიზნესებს აძლევს სტიმულს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, იყვნენ უფრო სტრუქტურულები და ნაკლებად იმპულსურები", - აღნიშნავს იგი.

გელა ამბობს, რომ კომპანიას, რომელიც ამ ნომინაციაში გაიმარჯვებს, გააზრებულად, პოლიტიკის დონეზე უნდა ჰქონდეს გაწერილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი.

"ესაა შემთხვევა, როცა შესაძლოა, მცირე ბიზნესმა უფრო ჩამოყალიბებულ სტრუქტურულ ერთეულს აჯობოს. ეს ბიზნესებს აძლევს თვითკმაყოფილებასა და სტიმულს, მეტი და მეტი აკეთონ", - აღნიშნავს იგი და დასძენს, რომ ის ბიზნესები, რომლებიც პირველ ადგილს ვერ დაიკავებენ, სარგებელს მაინც მიიღებენ, რადგან დაინახავენ საკუთარი ბიზნესის განვითარების გზებს. გელა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ის ოლიმპიური პრინციპი, რომ მონაწილეობაც მნიშვნელოვანია, მართლაც მოქმედებს.

მისი რჩევა კი მცირე ბიზნესებისთვის ასეთია: "არასდროს შეწყვიტოთ ძიება. სტარტაპებს ვუსურვებ გამჭვირვალობას, ექსპერიმენტებისა და სიახლეებისადმი სწრაფვას - ამის რესურსი ახალგაზრდებს ნამდვილად აქვთ."
___

ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.

ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები