0 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"საბჭოთა რეჟიმს ჰქონდა სასტიკი მეთოდი, რომელშიც მისი დამხმარე ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო.. " - დავით გორგილაძე მესამე პრეზიდენტის კადრებს ეხმაურება

"საბჭოთა რეჟიმს ჰქონდა სასტიკი მეთოდი, რომელშიც მისი დამხმარე ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო - პოლიტიკურად მიუღებელ ადამიანებს სასამართლოს განჩინებით გაამწესებდნენ ხოლმე იქ და ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად გადაჰყავდათ ჭკუიდან. ბროდსკი ამის მაგალითია.

შუაღამისას, ღრმა ძილში მყოფს უცაბედად აღვიძებდნენ და ყინულივით ცივ აბაზანაში აგდებნენ. მერე ზეწარს შემოახვევდნენ და ცხელ გამათბობელთან აწვენდნენ (ვითომდა მზრუნველობის მიზნით). ზეწარი შრებოდა და პირდაპირი მნიშვნელობით ეზრდებოდა კანს. არსებობს ვერსია, რომ ძილში მყოფს დეკორაციას უცვლიდნენ პალატაში, სადაც განგებ არღვევდნენ ავეჯის პროპორციებს - სკამი მაგიდაზე დიდი იყო, კარადა საწოლზე პატარა [ეს წაკითხული მაქვს, მაგრამ ახლა ვერ მივაგენი სანდო წყაროს. პ.ს ეს იყო გუშინდელი პოსტის წაშლის მიზეზი].

„ეს იყო ყველაზე ცუდი რამ, ჩემს ცხოვრებაში" - ამბობს ბროდსკი. ბროდსკი გადაურჩა რეჟიმს. მაგრამ ბევრი ვერ დაუძვრა ხელიდან და ჩარჩა სამუდამოდ იმ წიაღში. ლეგიონია მათი სახელი. ახლა გუშინ გავრცელებულ კადრებზე: ხელისუფლების ეს ნაბიჯი ადამიანობისგან რომ სრულად ცარიელია მათემატიკური სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ. არაჰუმანურია, მაგრამ არაგასაკვირი. გვინახავს აქამდეც. შემზარავი ის არის, რომ დროთა განმავლობაში, თვალსა და ხელ შუა ეს ყველაფერი რეალითი შოუს თუ სატელევიზიო სოციალურ ექსპერიმენტს დაემსგავსა, რომლის მონაწილეებიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩვენც ვართ. რა თქვეს გუშინდელი კადრებით? სხვადასხვა აუდიტორიისთვის სხვადასხვა რამ:

1. სააკაშვილის მომხრეებს უთხრეს: „ხედავთ, რას დავამსგავსეთ თქვენი ლიდერი? - გავაგიჟეთ, შევშალეთ, მაგრამ ჯერ სად ხართ";

2. სააკაშვილის მოძულეებს მიუგეს: „აჰა თქვენ შურისძიება - მიიღეთ ხონჩით, გადაიღეთ, გადაიღეთ, ალალი იყოს";

3. პოლიტიკოსებს აჩვენეს, რომ ყველასთვის შეუძლიათ იმავეს გაკეთება;

4. საკუთარ მხარდამჭერებს მიანიშნეს ეს ყოველთვის ასეთი იყო და ხედავთ რისგან გიხსენითო?! ცოტა დაყვედრებასაც ჰგავდა.

5. ნეიტრალურ ამომრჩეველს უჩვენეს: "ცოცხალია აგერ. ხელ-ფეხსაც რა მარდად იქნევს. რა ეტყობა ამას ცუდად მყოფის". მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველა კერძს ჰყავს თავის მუშტარი. საწყენი ისაა, რომ ეს „ჯანქ ფუდი" გახადეს ჩვენი ყოველდღიური რაციონი.

აი, ყველაზე მეტად სახიფათო გავრცელებულ კადრებზე ადამიანების არათუ მომღიმარი, არამედ ახარხარებული რეაქციებია. ჟინითა და დორბლით აღსავსე. „ახია", „მეტის ღირსია", „აბა რა ეგონა"... ადამიანი შურისმაძიებელი არსებაა, მაგრამ როცა შურისძიება ეროვნული სპორტი ხდება, იმ ერის მომავალი ძალიან ბუნდოვანია.

„რა მოხდა მერე, ცოტა ხნით მიიძინოს დემოკრატიამ, ადამიანობამ. ქრისტემაც მიიძინოს. ამ ერთხელ არაფერი უშავს". არადა, პირველ რიგში სააკაშვილის მოძულეებისთვის უნდა ყოფილიყო ეს სურათი საგანგაშო სიგნალი. თუ მათ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ეჯავრებათ (მათ შორის მისი მმართველობისას პენიტენციურ სისტემაში მომხდარი დანაშაულების გამო), რა გამოდის? უარესს აკეთებენ? ჰგონიათ ტაშის დაკვრა და ხელისუფლების წახალისება მონაწილეობა არ არის? იქნებ უარესიცაა.

ქვეყანას, სადაც ადამიანები ღირსეულად ცხოვრობენ, აშენებს ჰუმანური და კანონმორჩილი საზოგადოება. და არა სასიკვდილო სატელევიზიო რეალითი შოუს შემყურე, სიკვდილით მოსეირე ხალხი" | წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები