0 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მას სიყვარულის ქალღმერთმა აკოცა”

ჩამოტვირთვა

არა, ისინი ცოლ-ქმარი არ ყოფილან, მიშელი და რობერი გახმაურებლ ფილმ „ანჟელიკაში“ მონაწილეობის შემდეგ გახდნენ პოპულარული. მაყურებელმა წყვილი ისე შეიყვარა, რომ მათი დაშორება ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა. ამიტომაც რეჟისორები ორივე მსახიობს "ანჟელიკას" გადაღებების შემდეგაც ერთად იწვევდნენ ფილმებში გადასაღებად. რეალურ ცხოვრებაში მიშელი და რობერი ცოლ-ქმარი არასოდეს ყოფილან. მიშელ მერსიე 1939 წელს ნიცაში დაიბადა. მამა - ფრანგი ფარმაცევტი იყო, დედა კი იტალიელი. მიშელ მერსიეს ნამდვილი სახელია ჟოზელინი, მაგრამ მიიჩნიეს, რომ ეს სახელი არ ირითმებოდა გვართან და ჟოზელინმა მისი გარდაცვლილი დისს მიშელის სახელი მოირგო, რომელიც 5 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ამბობს, მომავალში ამ სახელმა მას უბედურება მოუტანა. დედას უმცროსი დის გარდაცვალების შემდეგ მასთან ურთიერთობა გაურთულდა. მშობლისგან არცერთი გამამხნევებელი სიტყვა გოგონას არ მოუსმენია. დედას საშინელ ცოდვად და უბედურების მომასწავლებლად მიაჩნდა გოგონას ასეთი სილამაზე და უწინასწარმეტყველებდა, რომ ცხოვრებაში ვერაფერ წმინდას ვერ მიაღწევდა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გახდებოდა. ერთხელაც, როცა მიშელი მამასთან ერთად პარკში სეირნობდა, იგი პროდიუსერებმა შეამჩნიეს და ფილმში გადასაღებად მიიწვიეს. გოგონა ამ წინადადებამ აღაფრთოვანა. მამა და ქალიშვილი შეთანხმდნენ, რომ ამის შესახებ დედას არ უამბობდნენ. თავიდან მიშელი ეპიზოდურ როლზე მიიწვიეს, მისმა გარეგნობამ მართლაც ყველა ძალიან მოხიბლა. ამის შემდგომ 16 წლის გოგონა ზედიზედ მიიწვიეს სხვადასხვა ფილმში გადასაღებად, მაგრამ მხოლოდ ქარაფშუტა ქალების როლს ასრულებდა. ამის გამო მიშელს გული სწყდებოდა, მიაჩნდა, რომ გაცილებით მეტი შეეძლო. პროდიუსერ ფრანკ კოსნეს ანჟელიკას როლზე ბრიჯიტ ბარდოს დამტკიცება სურდა, მაგრამ თავად მსახიობმა როლზე უარი განაცხადა. კონკურსში მიშელმა გაიმარჯვა. იგი სიხარულისა და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო, ის კი არ იცოდა, რომ მოგვიანებით ანჟელიკას "ტყვეობიდან" გამოძრომას მაქსიმალურად შეეცდებოდა, მაგრამ ვეღარ მოახერხებდა. მას რეალურ ცხოვრებაშიც კი ანჟელიკად აღიქვამდნენ კაცები და ფერხთით ეგებოდნენ. მიშელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მათ შორის ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევიც, რომელმაც მიშელის სილამაზით აღფრთოვანებულმა წარმოთქვა: "ამ გოგოს სიყვარულის ქალღმერთმა აკოცაო". მიშელი ორჯერ გათხოვდა და ორივე ქმარს მალევე დაშორდა. მაყურებელს მიაჩნდა, რომ იგი თავის ჟოფრეისთან უნდა ყოფილიყო. არავინ იცის, რა ხდებოდა მათ შორის სინამდვილეში, მაგრამ ის კი ფაქტი იყო, რომ რობერის ცოლი ყოველთვის ეჭვიანობდა მშვენიერ მიშელზე და ამას არც მალავდა. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა მიშელს, მაგრამ ყველა ისე ეპყრობოდა, როგორც ანჟელიკას - წარმტაცს, დაუმორჩილებელს, თავისუფალს... ერთ-ერთ ინტერვიუში მერსიემ განაცხადა: "მე ყველა ანჟელიკად აღმიქვამს, იმას ელიან, რასაც წიგნისა და ეკრანისეული გმირისგან, არადა, ერთი ჩვეულებრივი მომხიბვლელი ფრანგი ქალი ვარ. გადაღებების დროს, ბედნიერი ვიყავი ამ როლით, მოგვიანებით მივხვდი, რომ ანჟელიკას ჩრდილში მომიწევდა ცხოვრება. ვეცადე მისგან გათავისუფლება, მაგრამ ვერ მოვახერხე და ბედს შევურიგდი. ახლა მე ანჟელიკას ისე ვუცქერი, როგორც ჩემს უმცროს დას. ჩვენ ერთად გავიზარდეთ". მიშელ მერსიესა და რობერ ოსეინისადმი ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა. საზოგადოებას მიაჩნდა, რომ ისინი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად ყოფილიყვნენ. თუკი ერთად დაინახავდნენ, მაშინვე აგორდებოდა ჭორი და გაფაციცებული თვალყურს ადევნებდნენ წყვილს. 1983 წელს მიშელ მერსიემ განაცხადა, რომ ტოვებდა კინოს, რათა ორი იმედგაცრუების შემდეგ პირადი ცხოვრება უნდა მოეწესრიგებინა. წავიდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბედი არ სწყალობდა... მამაკაცები მიშელის ფერხთ ეგებოდნენ, მაგრამ აღიქვამდნენ როგორც ლეგენდარულ ანჟელიკას. ამიტომაც მამაკაცების ყურადღების მიუხედავად ანჟელიკა სრულ გაურკვევლობაში იყო. ძალზედ ძნელია ამოიცნო ის მამაკაცი რომელსაც შენ უყვარხარ და არა ანჟელიკა. ამის გამო მიშელი ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში. მამაკაცებს უკვირთ, როდესაც რამეს ჩემებურად ვაკეთებ, ისინი ხომ ანჟელიკას ელიან! 14-წლიანი პაუზის შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდა კინოს. სულ 50-მდე როლი აქვს შესრულებული, მაგრამ დღემდე მაინც იმ ლეგენდარულ ანჟელიკად რჩება, რომელიც ხალხმა უზომოდ შეიყვარა. გამართლდა მიშელის დედის წინათგრძნობა. აკი სულ ამბობდა, რომ გოგონას მისი სილამაზე დაღუპავდა და არ იქნებოდა ბედნიერი. მიშელ მერსიეს პირველი ქმარი, ანდრე სმაგი, რეჟისორის თანაშემწედ მუშაობდა. იგი ალკოჰოლზე დამოკიდებული აღმოჩნდა, დალევდა და მიშელს სცემდა. მიშელი ანდრეს 4 წელიწადში გაშორდა. 1970 წელი მეორედ გათხოვდა და ცოლად გაჰყვა ავტომრბოლელს, კლოდ ბურილოს. ერთ მშვენიერ დღეს მიშელმა აღმოაჩინა, რომ კლოდთან ერთად გამქრალიყო მისი ფულიც და ძვირფასეულობაც. ულამაზესი მიშელი ქმარმა მიატოვა, თან გაქურდა. ეს მისთვის დიდი შოკი იყო. ამის შემდგომ მიშელს დიდ სიყვარულზე აღარც უოცნებია. თაყვანისმცემლები ყოველთვის ჰყავდა და მათგან ხანმოკლე დროით იღებდა იმ გრძნობასა და ყურადღებას, რაც სურდა მთელი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთი საყვარელი მამაკაცისგან მიეღო. მიშელ მერსიე თავის მემუარებში წერს, რომ ახალგაზრდობაში ძალიან მორცხვი და უკარება იყო, პოპულარულობის მოპოვების შემდეგ კი უბრალოდ შეშინებული ქალი, რომელსაც სურდა მამაკაცებს დაენახათ მისი ნამდვილი სახე და შეყვარებოდათ მიშელი იგივე ჟოსელინი, ოღონდ არა ანჟელიკა.“ იგი მემუარებში ყველა იმ მამაკაცს იხსენებს, ვინც კი მის გვერდით ოდესმე ყოფილა, მაგრამ რობერ-ჟოფრეის მათ შორის საპატიო ადგილი უჭირავს. რამდენიმე წლის წინ მიშელს ისე გაუჭირდა, რომ ანჟელიკას ტანსაცმელი გასაყიდად გაიტანა. ჟურნალისტებთან კი თქვა, ძალიან მინდოდა ლამაზი ოჯახი მქონოდა, მყოლოდა შვილები და სიბერეში ბავშვების ჟრიამულით დავმტკბარიყავი, მაგრამ როგორც ჩანს, ანჟელიკამ ისე მომნუსხა, რომ სამუდამოდ დატყვევებული აღმოვჩნდიო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები