2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ალბათ, საფრანგეთი ამ საკითხში რუსეთის როლზე ეჭვიანობს" - ილჰამ ალიევის თანაშემწე

საფრანგეთის ხელისუფლების ოფიციალური პირები ახმოვანებენ ცალმხრივ, მიკერძოებულ და არაობიექტურ განცხადებებს. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი, თავისი მანდატის შესაბამისად, ნეიტრალური მხარის როლს უნდა ასრულებდეს, იგი აშკარად ატარებს პრო-სომხურ პოლიტიკას და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს აზერბაიჯანს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში არანაირი წვლილი არ შეუტანია.

„ალბათ, საფრანგეთი ამ საკითხში რუსეთის როლზე ეჭვიანობს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა ამ დოკუმენტზე ყველაფერს ამბობს. ახლა საფრანგეთი ცდილობს იმაზე მეტად სომეხი იყოს, ვიდრე თავად სომხები არიან. საფრანგეთს არა აქვს უფლებამოსილება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების სახელით ისაუბროს,“- განაცხადა ჰიკმეთ ჰაჯიევმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ ის მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება, თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია, კონფლიქტის მხარეებმა მოლაპარაკებები განაახლონ და მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსი განსაზღვრონ. ამასთან, ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი აზერბაიჯანისგან ვალდებულების შესრულებას ელოდება. „ცეცხლის შეწყვეტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მხარეებმა რამდენჯერმე აიღეს ეს ვალდებულება და ჩვენ,მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში, ამ პრიორიტეტის ერთგული ვიყავით და ვრჩებით. ამიტომ, ველით, რომ აზერბაიჯანი ზედმიწევნით შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს და დაუყოვნებლივ შეწყვეტს თავდასხმას. ამ კონტექსტში ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთს, არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება ამ მნიშვნელოვან პრიორიტეტს“, - ნათქვამია ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები