1 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,რომ დაღამდა, მელანდებოდა ბავშვის წივილისაც, დედის წივილისაც, კაცისაცა.. მაგრამ მაინც არ ვნანობ"- სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება - მალხაზ კობაურმა გამომძიებელთან მოყვა, თუ როგორ შეხვდა მთაში ჩასულ ამერიკელ ოჯახს, რატომ დაიწყო მათ შორის კონფლიქტი. ვიდეოკადრების მიხედვით, ახალგაზრდა მწყემსი სამართალდამცველებთან დაკითხვისას აღიარებს, როგორ მოკლა რაიან სმიტი და ატირებული ბავშვი.

„მერე რომ დაღამდა, მელანდებოდა ბავშვის წივილისაც, დედის წივილისაც, კაცისაცა და უნდა მეთქვა რა, და ვერა ვბედავდი. მახრჩობდა უკვე რა, ვეღარ ვიკავებდი,“- ამბობს გამომძიებელთან მალხაზ კობაური.

კობაური გამომძიებელს უყვება, რომ ხადას ხეობაში დაკარგული ცხვრის მოსაძებნად იყო ჩასული, თოფი კი ნადირისგან თავის დასაცავად ჰქონდა წაღებული. დაკარგული ცხვრის საძებრად წასული მწყემსი, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახს, დაახლოებით, 11:00-12:00 საათზე შეხვდა. კობაურის მონათხრობის მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ რაიან სმიტმა მწყემსზე გაიწია.

"გავექეცი რა, დამიჭირა კია, აესე მკლავზე, მაგრამ გავექეცი და რომ დავუმიზნე, მიტრიალდა და მაგ დროს ვესროლე ბეჭებში... მერე რომ ჩაიჩოქა, რომ ყვირილი დაიწყო, შემეშინდა, მეთქი დამიჭერენ და საქმე გამისკდება მეთქი და თავში ვესროლე,“- ამბობს დაკითხვისას კობაური.

გამომძიებელი მწყემსს ლორა სმიტის მკვლელობის დეტალებს ეკითხება. კობაური ამბობს, რომ ატირებულ ბავშვს ესროლა. აღიარებით ჩვენებაში კობაური ბავშვის ცხედრის გადამალვის ეპიზოდსაც იხსენებს. დაკითხვის დროს გამომძიებელი მალხაზ კობაურს ყურადღებას იმ დაზიანებაზეც უმახვილებს, რომელიც მას სახეზე აღენიშნებოდა.

- აქ რატომ გაქვს? ქალმა ჩამოგკაწრა?

- ქალს არ ჩამოუკაცრია, ქალი ვაფშე ახლოს არ მოსულა.

- აბა ვინ ჩამოგფხოჭნა?

- ისა, რო ვჩქარობდი, რო მივდიოდი, ჯაგები, აეს ჯაგები რა, ტოტს გავცხე.

- არ მომატყუო.

-აი მანამდე, რო გადავარდა მერე იყო ცოცხალი თუ აღარ მახსოვს, მივედი ახლოს თუ არ მივედი აღარ მახსოვს, ე.ი. გათიშული ვიყავი, ვეღარ ... შავათა ვხე.... მარტო ვხედავდი რო მირბოდა და მივდევდი.

-ამ ქალს თოფი ხო არ დაადე სანამ გადახტებოდა? ხო არ ეძალავე მითხარი!

- არა, არ მახსოვს რა;

- არ გახსოვს?

-აი ნაღდად გეუბნები, არ მახსოვს რა.

ექსპერტიზამ მწყემსის მიერ ჩადენილი ისეთი დანაშაულიც გამოავლინა, რომელზეც კობაური ღიად არაფერს ამბობდა. ლორა სმიტის სხეულიდან ამოღებულია მალხაზ კობაურის გენეტიკური მასალა, რაც გამოძიებისთვის მწყემსის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა დაცვის მხარე ექსპერტიზის ამ დასკვნას ეჭვის თვალით უყურებს.

პროკურატურის ვერსიით, ლორა სმიტი ქმარ-შვილის მკვლელობას არ შესწრებია, რადგან ისინი კობაურმა ჩანჩქერიდან, დაახლოებით, 500 მეტრზე გაიტყუა. საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენილია, რომ ჩანჩქერის სიახლოვეს მყოფი ქალი ვერც გასროლის ხმებს გაიგონებდა, შესაბამისად, პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ უკან მობრუნებულ მწყემსს მასთან მიახლოება არ უნდა გასჭირვებოდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დაცვის მხარეს კითხვებს უჩენს, ცხედრების ადგილმდებარეობაა. როგორც ცნობილია, ლორა სმიტის ცხედარი ჩანჩქერთან, წყალში იპოვეს, ბავშვის ცხედარი ამ ადგილიდან, დაახლებით, 500 მეტრში იყო გადამალული, ხოლო რაიან სმიტის ცხედარი მკვლელობის ადგილიდან კილომეტრ-ნახევარზე მეტი მანძილით იყო დაშორებული.

ლორა სმიტის ცხედარი 6 ივლისს იქნა აღმოჩენილი, მისი მეუღლის ცხედარი კი მეორე დღეს. ხადას ხეობაში ალავერდის ჩანჩქერამდე ფეხით მისასვლელი მხოლოდ ერთი გზა არსებობს, შესაბამისად, მაშველებს ჯერ მამაკაცის, ხოლო მოგვიანებით ქალის ცხედარი უნდა ეპოვათ.

ადვოკატს მიაჩნია, რომ პოლიციამ კობაურის აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მოიპოვა.

დანაშაული, რომელსაც მალხაზ კობაურს ედავებიან, 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თორმეტი ნაფიცი მსაჯული, რომელმაც ვერდიქტი უნდა გამოიტანოს, უკვე შეკრებილია, სასამართლო სხდომები გორის რაიონულ სასამართლოში მარტის პირველი კვირიდან დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები