მსოფლიო
პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო
2021-02-17 14:43:41
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისი დადგენილება, რომელიც ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, 78 ხმით მიიღეს. საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.
დადგენილების მიღებიდან 3-დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები უნდა განსაზღვროს და დასამტკიცებლად ბიუროს წარუდგინოს.
აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციონერი დეპუტატები რაოდენობრივად ან უმრავლესობის წევრებზე მეტნი უნდა იყვნენ და წარმოდგენილნი იყვნენ თანაბარ-თანაბარი რაოდენობით.
სწორედ ამ კონტექსტში ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობითა და შემადგენლობით დაკომპლექტდება კომისია. მან დღეს განაცხადა ისიც, რომ ჯერ ამ თემაზე კონსულტაციები არ გამართულა.
კომენტარები